Facebook–ის შემოსავლები ორმაგდება

კვლევითი კომპანია EMarketer Inc–ის პროგნოზით კომპანია Facebook–ის შემოსავლები გასულ წელთან შედარებით გაორმაგდება და 4,27 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ანალიტიკოსების შეფასებით რეკლამიდან სოციალური ქსელის შემოსავლები 3.8 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 104%–ით მეტი იქნება. ქსელის შიდა გადახდებისგან კი კომპანია 470 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც 2010 წლის მონაცემის გასამმაგებული რაოდენობაა.

EMarketer-ის ანალიტიკოსების შეფასებით Facebook-ის შემოსავლები 2006 წელს 40 მილიონი დოლარი იყო, ხოლო გასულ წელს 2 მილიარდ დოლარამდე მოიმატა. გარდა ამისა, ინტერნეტ–რეკლამის ბაზარზე სოციალური ქსელის წილი 12–დან 18%–მდე გაიზრდება.

ჟურნალ ფორბსის მიერ გამოქვეყნებულ უმდიდრესი ამერიკელების რეიტინგში, Facebook -ის დამფუძნებელმა მარკ ზაკერბერგმა მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა და ამ მაჩვენებლით Google-ის შემქმნელებს სერგეი ბრინსა და ლარი პეიჯს გაუსწრო.

კომენტარები