ჩემპიონი ევროპის ლიგაზე გადაამისამართეს

საქართველოს ჩემპიონმა ზესტაფონმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაასრულა. იმერულმა კლუბმა მესამე რაუნდის განმეორებითი შეხვედრა გრაცის შტურმის წინააღმდეგ გამართა და 0:1 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში საბოლოოდ 2:1 დაფიქსირდა ავსტრიელთა სასარგებლოდ. ამ წაგებით გია გეგუჩაძის გუნდი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, მაგრამ არა ევროთასებს. ახლა ის ევროპის ლიგის ფლეი ოფში გააგრძელებს ასპარეზობას. ზესტაფონელების მეტოქე უახლოეს მომავალში გაირკვევა და შემდეგ სწორედ იმ გუნდთან გამართავს ორთამაშიან შერკინებას. წარმატების შემთხვევაში კი საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.

გრაცში, შტურმთან შეხვედრისას ზესტაფონმა პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ითამაშა. თბილისური შეხვედრის მსგავსად ამჯერადაც მრავალსვლიანი და მოკლე გადაცემებიანი კომბინაციებით ცდილობდა ფონს გასვლას. უბრალოდ ერთი რამე აკლდა ამ ყველაფერს - გოლი. საბოლოოდ კი მეორე ტაიმის შუაში ბურთი იმერული კარში აღმოჩნდა. 68 წუთზე კინასტმა გიორგი ონიანი მოძრაობაზე დაიჭირა, ადვილად გაცდა და შემდეგ უკვე აღარც გოლის გატანა გასჭირვებია. ამის მერე ქართველებმა ვეღარ მოახერხეს ძლების მოკრეფა და ყველაფერი ასევე დასრულდა.

 

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი, განმეორებითი შეხვედრა

შტურმი - ზესტაფონი 1:0

გოლი: 1:0 კინასტი (68)

შტურმი: გრაცაი, ფოფხაძე, ბურგშტალერი, ერენრაიხი, ვებერი, ჰიოლცლი, მურატოვიჩი, შაბიჩი (ბოდული, 74), დუდიჩი, კინასტი (ჰაასი, 90), ვოლფი (კაინცი, 85)

ზესტაფონი: კვასხვაძე, ალადაშვილი, კობახიძე, ონიანი, ელიავა, დაუშვილი (გორგიაშვილი, 52), ძარია (წინამძღვრიშვილი, 80) გრიგალაშვილი, აფციაური (ბაბუნაშვილი, 76) დვალი, გელაშვილი

კომენტარები