ობამამ მოსალოდნელ დეფოლტში რესპუბლიკელები დაადანაშაულა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ საღამოს საკუთარ მოსახლეობას ტელეეთერით საგანგებოდ მიმართა და მოსალოდნელი დეფოლტის შესახებ გააფრთხილა. მისი საგანგებო მიმართვა აშშ-ში ყველა ძირითადმა ტელევიზიამ სატელევიზო ბადის დარღვევით პირდაპირ ეთერში გადასცა. მოსალოდნელ დეფოლტში ობამამ რესპუბლიკური პარტიის კონსერვატიული ფრთა დაადანაშაულა, რომელიც  ქვეყნის ვალის მაქსიმალური ზღვრის გაზრდას არ თანხმდება.  საკუთარ სატელევიზიო მიმართვაში  მან განაცხადა რომ ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე  ის და კონგრესის თავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიიდან ჯონ ბეინერი  კომპრომისის მიღწევას ცდილობდნენ, თუმცა ამის გაკეთება ჯერ ვერ მოხეხდა. 2 აგვისტოს აშშ-ს ვალი კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს 14,3 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. იმისთვის რომ აშშ-ში  ქვეყნის არსებობის ისტორიაში პირველად დეფოლტი არ გამოცხადდეს,  კონგრესმა ქვეყნის  ვალის ოდენობის მაქსიმალური ზღვარი უნდა გაზარდოს. კომპრომისის მისაღწევად რესპუბლიკელებსა და დემოოკრატებს ერთი კვირა რჩებათ.

"თუ ჩვენ დეფოლტს გამოვაცხადებთ, არ გვექნება საკმარისი თანხები იმისთვის, რომ თქვენი ყველა ანგარიში დავფაროთ – მათ შორის მოხუცებულობისა და ინვალიდობის პენსია, ასევე ვერ შევძლებთ სახელმწიფო კონტრაქტების ანაზღაურებას, რომლებიც ათასობით კომპანიასთან არის გაფორმებული. ამერიკის ისტორიაში პირველად, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგმა, შესაძლოა, დაიწიოს, რაც ინვესტორებს აიძულებს დაეჭვდნენ, არის თუ არა შესაძლებელი ენდონ იმ ვალდებულებებს, რომელსაც ამერიკის მთავრობა იღებს. საპროცენტო მაჩვენებლები აიწევს, რაც ამერიკელებისთვის, ფაქტობრივად, ახალ გადასახადებად იქცევა. ჩვენ ვრისკავთ ღრმა ეკონომიკური კრიზისის პროვოცირების მოხდენას,” განაცხადა ობამამ ნაციისადმი მიმართვისას.

მისი თქმით, ამ ვითარებაში  რესპუბლიკელებმა წამოაყენეს პირობა: ისინი  მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან  ვალის მაქსიმალური ზღვარის გაზრდას , თუ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მკვეთრად შემცირდება. ობამა  მოითხოვს, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მკვეთრი შემცირება  არ არის საჭირო და დეფიციტი  მხოლოდ მდიდარი ამერიკელებისთვის გადასახდების გაზრდით უნდა აღმოფხვრას.

 „რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ყველაზე მდიდარმა ამერიკელებმა და მსხვილმა კორპორაციებმა  არ უნდა შეიტანონ არანაირი წვლილი  ბიუჯეტის დახმარების საქმეში,” განაცხადა პრეზიდენტმა.

აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ  ამერიკელებს კონგრესის სპიკერმა,  ჯონ ბეინერმა მიმართა და ობამა   დაადანაშუალა რომ  „მას სურს მიიღოს ხელმოწერილი და შეუვსებელი ჩეკი  საბიუჯეტო დეფიციტის შესავსებად.”  ”ამერიკის ადმინისტრაციისთვის შეუზღუდავი ხარჯების დრო დასრულდა,” განაცხადა ბეინერმა.

მოლაპარაკება ქვეყნის ვალის მაქსიმალური ზღვრის გაზრდის შესახებ ბოლო რამდენიმე კვირაა გრძელდება.  ეს საკითხი  აშშ- კონგრესში სერიოზულ კამათს არასდროს იწვევდა, მაგრამ წელს  რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც წარმომადგენლობით პალატაში უმრავლეობას წარმოადგენს,  უარი თქვა მიიღოს  ვალის ზღვარის მაქსიმალურად გაზრდის  გადაწყვეტილება,  საბიუჯეტო დეფიციტის სერიოზული შემცირების გარეშე. რესპუბლიკელები ასევე არ ეთანხმებიან ახალი საშემოსავლო გადასახადის შემოღებას , ხოლო დემოკრატებს სურთ რადაც არ უნდა დაუჯდეთ  შეინარჩუნონ სოციალური პროგრამები  ღარიბებისა და ხანდაზმული ამერიკელებისთვის, ასევე  სახელმწიფო საპენსიო სისტემა. 

თუ მხარეები   კომპრომისული გეგმის შექმნას მოახერეხებენ, იმისთვის რომ ამ გეგმამ კანონის ძალა მიიღოს, მას მხარი ორივე პარტიამ და კონგრესის ორივე პალატამ უნდა დაუჭიროს. 

კომენტარები