საპროცესო გარიგების დადება აბდალაძემაც ითხოვა

ევროპის პრესფოტოსააგენტოს ჟურნალისტის, ზურაბ ქურციკიძის შემდეგ, საპროცესო შეთანხმების გაფორმება ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა კიდევ ერთმა ფოტოგრაფმა, გია აბდალაძემაც მოითხოვა. აბდალაძის ადვოკატების თქმით, მათმა კლიენტმა საპროცესო გარიგების შესახებ მოთხოვნა ზეწოლის შედეგად დაწერა. იურისტ ეკა ბესელიას თქმით, აბდალაძის არც ერთმა ადვოკატმა არ მოაწერა ხელი მის განცხადებას.

ადვოკატების განცხადებით, დღეს აბდალაძემ გამოძიებას დამატებითი ჩვენება მისცა. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, აბდალაძემ დააზუსტა პირველ აღიარებაში მიცემული ფაქტები და თარიღები, რომლებიც შეუსაბამო იყო. ”არც ერთი მტკიცებულება და დოკუმენტი დღემდე არ არის წარმოდეგენილი აბდალაძის წინააღმდეგ. პირიქით, აქამდე გამოქვეყნებული ყველა დოკუმენტი ადასტურებს, რომ საქმე ბუნდოვანი და ურთიერთსაწინააღმდეგოა,” აღნიშნა ბესელიამ. მან თქვა, რომ აბდალაძის ადვოკატები ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.

კომენტარები