დღეს ზესტაფონი იწყებს

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება. საქართველოს ჩემპიონი ზესტაფონი 21 საათზე მოლდოვაში დაჩიას დაუპირისპირდება. პირველ მატჩში ქართულმა კლუბმა 3:0 გაიმარჯვა. გია გეგუჩაძის გუნდმა ზესტაფონში მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა. გულშემატკივართა დიდი ნაწილი მისგან მოლდოვაშიც გამარჯვებას ელის. ახლა მთავარია, ფეხბურთელები არ მოდუნდნენ და შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვება არ გაირთულონ.

ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონის თამაშის ტელე-რეპორტაჟს არცერთი ქართული ტელეკომპანია არ გადასცემს. გულშემატკივრებსა და ფეხბურთის მოყვარულებს ისევ ინტერნეტის მეშვეობით მოუწევთ ზესტაფონის თამაშის ყურება.

უკვე ხვალ, ევროპის ლიგაზე  სამი ქართული გუნდი ითამაშებს. რუსთავის მეტალურგი ყაზახურ ირტიშს შეხვდება. თამაში თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება. ტელევიზიით ვერც ამ თამაშის ნახვას მოვახერხებთ და ისევ ინტერნეტის გამოყენება დაგვჭირდება. პირველი შეხვედრა რუსთავში, ფოლადის სტადიონზე ფრედ 1:1 დასრულდა.

ცოტა მოგვიანებით, 21 საათზე, კიდევ ორი ქართული გუნდი ითამაშებს და ორივე საქართველოში. თბილისის დინამო ეროვნულ სტადიონზე უელსურ ლანელის შეხვდება. მასპინძლებს გამარჯვება სჭირდებათ და ისიც სასურველი ანგარიშით. პირველი შეხვედრა თბილისელებმა გასვლაზე 1:2 დათმეს.

ზესტაფონში ჩაატარებს საკუთარ მატჩს საქართველოს თასის მფლობელი გაგრა. კვიპროსში, ანორთოსისთან ამ გუნდმა 0:3 წააგო და ახლა პრესტიჟის შეხვედრა უნდა ჩაატაროს. 

კომენტარები