ბავშვების 87.7% პასიური მოწევის გავლენის ქვეშაა

აშშ-ის საკვებისა და წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული სიგარეტის კოლოფის ახალი შეფუთვა, რომელიც სავალდებულო ხდება 2012 წლის სექტემბრიდან
არავინ დალევს ფინჯნიდან სითხეს, რომელსაც მსხვილი ასოებით აწერია – „კლავს”. სამაგიეროდ, სიგარეტის კოლოფზე მსგავსი შინაარსის წარწერას მილიონობით ადამიანი არიდებს თვალს. ყველა მწეველმა იცის, რომ მოწევა ორგანიზმისთვის საზიანოა. მნიშვნელობა არ აქვს ბრენდს, სიგარეტის არომატსა თუ სიმსუბუქეს, ყოველი შეკვრა აფრთხილებს მომხმარებელს – „მოწევა სერიოზულ ზიანს გაყენებთ თქვენ და თქვენ ირგვლივ მყოფთ” „მოწევა კლავს”, „მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას”, „მწეველები ადრე კვდებიან”, „იწვევს კიბოს”.

განვითარებულ ქვეყნებში მხოლოდ ამ წარწერებს არ სჯერდებიან და სიგარეტის კოლოფებს შემზარავი ფოტოებით აფორმებენ. მათზე გამოსახულია ზრდასრული ადამიანი, რომელსაც ტუჩის ან ფილტვის კიბო აქვს, ბავშვი, რომელიც ხელოვნურ სუნთქვაზეა მიერთებული ან ამობურცული, ბინდგადაკრული თვალი. ამ ქვეყნებში კარგად იციან, რომ მწეველები გაფრთხილებას უბრალოდ ვერ ამჩნევენ, ან, ზოგიერთის მსგავსად, კოლოფზე წარწერას კალმით ხაზავენ.

მწეველთა რაოდენობის შესამცირებლად, ყოველწლიურად უამრავი აქცია ეწყობა. მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის დღესაც კი აღნიშნავს. მიუხედავად ამისა, მილიარდ ორასი მილიონი ზრდასრული ადამიანი მწეველია (რვაასი მილიონი განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობს). სხვები პასიური მწეველები არიან – თამბაქოს მომხმარებლების მიერ ამოსუნთქულ კვამლს შეისუნთქავენ. ისინი თამბაქოს კვამლით, მწეველთა მსგავსად ზიანდებიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნის მიხედვით, პასიური მწეველობა ბრონქიტის, პნევმონიის, ხველებისა და მძიმე სუნთქვის, ასთმური შეტევების, შუა ყურის ინფექციის მიზეზია. სიკვდილიანობაში პასიური მოწევის წილი დაახლოებით 20%-ია. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეხუთე ადამიანი, რომელიც პასიური მოწევის გავლენის ქვეშაა, ამ მიზეზით იღუპება.

საქართველოში, პასიური მოწევის გავლენის ქვეშ, მოსახლეობის 79.2% იმყოფება. 2005 წელს ქვეყანამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა. საქართველომ საერთაშორისო ვალდებულებები აიღო, მათ შორის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების სრული აკრძალვის შესახებ. 2008 წელს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, კაფე-ბარებსა და რესტორნებში მწეველთათვის ცალკე ადგილი უნდა გამოყოფილიყო. ჯერჯერობით კანონი არ სრულდება. შედეგად, მწეველები საკუთარი სურვილით ზარალდებიან – ეს მათი არჩევანია, ხოლო არამწეველები – უნებლიეთ.

მართალია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაყოფა მწეველთათვის და არამწეველთათვის უცხოეთში დიდი ხანია დამკვიდრდა, მაგრამ მსგავს რეგულაციას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ისინი მიიჩნევენ, რომ კერძო დაწესებულებებში ფართის ხელოვნურად დაყოფა ბიზნესს აზარალებს. მფლობელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა მწეველთათვის ცალკე ტერიტორიის გამოყოფა. თავის მხრივ, მომხმარებელიც სურვილისამებრ აირჩევს დაწესებულებას.

ბუნებრივია, პასიურ მწეველთა შორის ბავშვებიც არიან. მათ ზიანს, უმეტესად, მშობლები აყენებენ – თანაც, ხშირ შემთხვევაში, არა კაფე-ბარებში ან რესტორნებში, არამედ სახლში. 2005 წელს თბილისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების უმრავლესობა – 87.7% – პასიური მოწევის გავლენის ქვეშაა. თანაც, ზრდასრულ არამწეველებს შეუძლიათ დატოვონ თამბაქოს კვამლით გაბოლილი ოთახი, ბავშვები კი ხშირად ამას ვერ ახერხებენ. შედეგად, ისინი სრულწლოვნებზე მეტად ზარალდებიან.

ბავშვების ფილტვები პატარაა და მათი იმუნური სისტემაც ნაკლებადაა განვითარებული. ეს პასიური მწეველობის ზეგავლენით გამოწვეული ყურის ინფექციისა და სასუნთქი ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. პასიური მწეველობა ჩვილთა უეცარ სიკვდილიანობას, გულსისხლძარღვთა და ნევროლოგიურ გართულებებსაც იწვევს. მათში დაავადების განვითარების რისკი უფრო მაღალია, ვინაიდან ბავშვები ზრდასრულებზე უფრო დიდი სიხშირით სუნთქავენ. შესაბამისად, დროის იმავე მონაკვეთში, სხეულის მასასთან შეფარდებით, მეტ მავნე ნივთიერებების მოცულობას ჩაისუნთქავენ.

თამბაქოს კვამლი 4 ათასამდე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. სწორედ ისინი იწვევს უჯრედის დაზიანებას. მათ შორისაა: ოთხმოცი ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც კიბოს გამომწვევად მიიჩნევა (კუპრი, დარიშხანი, ბენზოლი, კადმიუმი, ფორმალდეჰიდი...), ნიკოტინი, რომელიც შეჩვევას იწვევს და ასობით მომწამვლელი ნივთიერება (ციანიდი, მხუთავი აირი, ამიაკი...). ჩასუნთქვისას ეს ნივთიერებები ორგანიზმში ხვდება, ხელს უშლის უჯრედის გამართულ ფუნქციონირებას და უჯრედის სიკვდილს იწვევს. ეს გენეტიკური ცვლილებისა და კიბოს უჯრედების წარმოქმნის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, თამბაქო დაახლოებით 25 დაავადების გამომწვევადაა მიჩნეული. ორგანიზმისთვის მიყენებულ ზარალს მოწეული ღერების რაოდენობა, ფილტრი და თამბაქოს ხარისხი განსაზღვრავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, მოწევით გამოწვეული დაავადებებით, ყოველწლიურად ხუთი მილიონი ადამიანი კვდება. მათგან ყოველი მეხუთე პასიური მწეველია.

განვითარებულ ქვეყნებში, არამწეველების დასაცავად, თამბაქოს მომხმარებელთა მიმართ შეზღუდვები მატულობს. თამბაქოს ფასი იზრდება, მწეველთათვის გამოყოფილი ტერიტორიის მოცულობა და რაოდენობა კი უფრო და უფრო მცირდება. მაგალითად, სასტუმროებში არამწეველთათვის გამოყოფილი ნომრების რაოდენობა, მწეველთათვის გამოყოფილი ოთხებისას ბევრად აღემატება. ამას, რიგ შემთხვევებში, მეორე უკიდურესობამდე მივყავართ და საბოლოოდ, მწეველები ჩივიან, რომ მათი უფლებები ირღვევა.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა ევროკავშირის „ყველაზე მწეველ სახელმწიფოში”, ესპანეთშიც (ყოველი მესამე ადამიანი თამბაქოს მომხმარებელია) კი აიკრძალა. ამ ქვეყანაში, არა მარტო შენობებში მოწევა ეკრძალებათ, არამედ საბავშვო მოედნებთან, სკოლებთან, საავადმყოფოებთან სიგარეტით გამოჩენისთვისაც ადმინისტრაციული წესით ჯარიმდებიან.

საქართველოს პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივა, თამბაქოს უარყოფითი ზეგავლენის შესახებ საზოგადოების ინფორმირებასაც გულისხმობს. კამპანია ევროკავშირისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, სექტემბრიდან დაიწყება. მისი მიზანი საქართველოში მწეველთა რაოდენობის შემცირებაა.

კომენტარები