პროკურატურა: ფოტოგრაფების სასამართლო პროცესი საჯარო იქნება

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოჟურნალისტების - ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძის, გიორგი აბდალაძისა და ნათია გედენიძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა ”საჯარო და გამჭვირვალე” იქნება. ამის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააკეთა. პროკურატურის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქმე სასამართლოში საჯაროდ განიხილება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა დაესწროს სასამართლოს სხდომებს.

”პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, დახურულ სხდომაზე განიხილოს მხოლოდ მტკიცებულებათა ის მცირე ნაწილი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია,” ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე ნათია გედენიძე, ევროპის პრეს ფოტო სააგენტოს ფოტოჟურნალისტი ზურაბ ქურციკიძე და საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის ფოტოჟურნალისტი შახ აივაზოვი გასულ ხუთშაბათს დააკავეს. აივაზოვი დაკავებიდან რამდენიმე საათში, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ნათია გედენიძე კი 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ შაბათს გაათავისუფლეს. ფოტოჟურნალისტების საქმეს გრიფი ”საიდუმლო” ადევს.

კომენტარები