ნარკოკონტრაბანდის კიდევ ერთი მარშრუტი ჩავარდა

ამერიკელმა და კოლუმბიელმა სამართალდამცავებმა მორიგი კოლუმბიური ნარკოტიკების კონტრაბანდისტთა ჯგუფის განადგურება მოახერხეს. 

სპეცოპერაცია ორივე ქვეყანაში პარალელურად ჩატარდა. კოლუმბიის პოლიციამ ჯამში 26 ადამიანი დააპატიმრა. ოთხ მათგანს სავარაუდოდ ამერიკაში ექსტრადიცია ელის. სპეცოპერაციები კოლუმბიის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ბოგოტაში, ბარანკიიაში, სანტა მარტაში, კარტახენასა და მონტერიაში ჩატარდა. კოლუმბიური მხარის განცხადებით, დაჯგუფებას ყოველთვიურად ორი ტონა კოკაინი მექსიკის გავლით ამერიკაში შექჰონდა. ისინი კონტრაბანდისთვის კოლუმბიის საჰაერო ძალების კუთვნილ მცირე ზომის თვითმფრინავებს იყენებდნენ.  კოლუმბიის საჰაერო ძალებიდან 5 ოფიცერი დააპტიმრეს. მათ ბრალად ედებათ ნარკოტიკების გადამზიდი რეისების ავტორიზაცია.

ბოლო 10 წლის მანძილზე ამერიკამ კოლუმბიაში ნარკოტიკებთან საბრძოლველად 5 მილიარდი ამერიკული დოლარი დახარჯა. თანხები მოხმარდა, როგორც სამხედრო აღჭურვილობის შეძენას, ისე ნარკოტიკული ნივთიერებების ნათესების განადგურებას. მიუხედავად ამისა, ამერიკის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოსა და კოლუმბიის პოლიციას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი ნარკობიზნესის შესავიწროვებლად. 

კომენტარები