დაკავებულ ფოტოჟურნალისტებს, სავარაუდოდ, ჯაშუშობაში ედებათ ბრალი

წინასწარი არაოფიციალური ინფორმაციით, დღეს დაკავებულ ფოტოჟურნალისტებს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს დაკავებულთა ახლობლებმა აცნობეს.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ”უცხოური ორგანიზაციის ან მათი წარმომადგენლისთვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვებას, შენახვას ან გადაცემას, გამოძალვას ან გატაცებას მათთვის გადაცემის მიზნით, ასევე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვისთვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემას”

სამართალდამცველებმა დღეს ხუთი ადამიანი დააკავეს: პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის ფოტოჟურნალისტი შახ აივაზოვი და ევროპის ფოტოსააგენტოს ფოტოჟურნალისტი ზურაბ ქურციკიძე.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Associated Press-ის ფოტოჟურნალისტი უკვე გაათავისუფლეს. მან მოდულის შენობა უკომენტაროდ დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ სხვა ფოტორეპორტიორების დაკავების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და რომ დაკითხვის დროს სამართალდამცველებს მისი უფლებები არ დაურღვევიათ.

ფოტოჟურნალისტების დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. კომენტარს არ აკეთებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს სამსახურიც. 

კომენტარები