ყოვლისშემძლე თაგვი და ინტერნეტცენზურა

ივნისს, კომპიუტერთან მიმსხდარ ადამიანებს, მოულოდნელი დაბრკოლება შეექმნათ:  გარკვეულ ტორენტსაიტებზე შესვლა შეუძლებელი გახლდათ. ინტერნეტის წყვეტილი მიწოდება ან გამორთვა ქართველი მომხმარებლისთვის უჩვეულო ამბავი როდია. თუმცა, ამჯერად, ტორენტსაიტების გათიშვა ტექნიკურ პრობლემას არ უკავშირდებოდა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მალევე გაავრცელა განცხადება, სადაც შეზღუდვების მიზეზი იყო ახსნილი.

განცხადებიდან ირკვევა,  რომ კომისიამ  „საქართველოს ავტორთა საზოგადოებისგან” მიიღო ცნობა, რომლის მიხედვითაც, 10 სხვადასხვა საიტზე ფილმ „აგვისტოს 5 დღის” მეკობრული ვერსია იყო განთავსებული. კომისიის განცხადებაში ნათქვამია: “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ყველა ზომას მიმართავს, მათ შორის მოსთხოვს ვებგვერდის მფლობელებს აღკვეთონ კანონდარღვევა, ხოლო დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ვებგვერდების ჰოსტინგის უზრუნველმყოფ ავტორიზებულ პირებს მოსთხოვს ვებგვერდების დაბლოკვას”.

ქართული საიტებიდან ფილმის ბმული ოპერატიულად აიღეს. „საეჭვო” გვერდების ჰოსტინგის უზრუნველმყოფი პირები, ძირითადად, საქართველოს გარეთ აღმოჩნდნენ. თუმცა, ეროვნულმა ინტერნეტპროვაიდერებმა პრობლემა მარტივად გადაწყვიტეს: ოცდაათამდე გავრცელებული ტორენტსაიტი მთლიანად დაიბლოკა.

ქართულმა ტელემედიამ ამბავი სწრაფადვე აიტაცა. მაყურებელს მთელი საღამოს განმავლობაში შეეძლო მოესმინა, თუ რამხელა დანაშაულია ფილმის მეკობრული ვერსიის ჩამოწერა. სამაგიეროდ, ინტერნეტსივრცეში, რესურსებთან წვდომის შეზღუდვამ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

პროტესტის ფონზე, კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივის კომიკური მხარეები. დაბლოკვიდან რამდენიმე წუთში გაირკვა, რომ ინტერნეტსივრცის კონტროლი არც ისე მარტივი საქმეა. მაგალითად, საკმარისია, Google-ს ჰკითხოთ და უმალვე შეიტყობთ, კიდევ საიდან შეგიძლიათ „აკრძალული” ფილმის გადმოწერა. გარდა ამისა, ვინც არ დაიზარა, ფილმის ჩამოსატვირთი ბმული ყველამ გაავრცელა. არც Youtube-ზე ან ნებისმიერ ვიდეოპორტალზე ამ ფაილის ატვირთვაა რთული. სხვა თუ არაფერი, მარტივი ოპერაციის შედეგად, დაბლოკილ ტორენტებზე შესვლაცაა შესაძლებელი. სხვადასხვა ოფიციალურ საიტზე, კომპიუტერში შესაბამისი პარამეტრების შეცვლის სქემა, მალევე გამოჩნდა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს არ გახლდათ სერიოზული, დაგეგმილი კამპანია ახალი აკრძალვის წინააღმდეგ. ინტერნეტის მომხმარებლების მარტივმა წინააღმდეგობამ  ცხადი გახადა: კომპიუტერის მაუსის რამდენიმე მოძრაობით, მსგავსი რეგულაციებისთვის გვერდის ავლა და გაშარჟება იოლი და უსაფრთხო საქმეა.  

საქმე იქამდე ვერ მივა, რომ ქვეყნის მასშტაბით Google-ი, Youtube-ი და სხვა პორტალები დაიბლოკოს. ეს, ფაქტობრივად, მსოფლიო გლობალური ქსელის გამოთიშვის ტოლფასია. მსგავსი რამ ისეთი არათავისუფალი
ქვეყნების ხვედრია, როგორიც, მაგალითად, ირანი და ჩრდილოეთ კორეაა. ამ უკანასკნელში ინტერნეტთან წვდომა (უკიდურესად კონტროლირებადი ფორმატით) მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას აქვს. ასეთი კატეგორიის ქვეყნები „ინტერნეტის მტრებად” არიან შერაცხული. მათ შორისაა ჩინეთი, კუბა, საუდის არაბეთი, უზბეკეთი და სხვა.

საქართველოში, სადაც მსგავსი რამ, წესით და რიგით, არ გვემუქრება, კიბერსივრცეში დაწესებული რეგულაციები წყლის ნაყვას ჰგავს. ინტერნეტის მომხმარებელთა თავდაპირველი აღშფოთება, მალე ცინიკურმა და
თავდაჯერებულმა ტონმა შეცვალა: თუ ერთ წყაროს დაბლოკავთ, ჩვენ მინიმალური ძალისხმევით ათასს შევქმნით.

საქმე ისაა, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ თამაშის წესები შეცვალა. გაჩნდა ღია სისტემა, რომლის კონტროლზე აყვანაც შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით, ინტერნეტის აღსაწერად შეგვიძლია, მეტაფორად ზღვის ვარსკვლავი მოვიყვანოთ. სწორედ ასეა დახასიათებული მსოფლიო გლობალური ქსელი ორი ბრაფმანისა და როდ ა. ბექსტრომის 2006 წელს გამოცემულ წიგნში „ზღვის ვარსკვლავი და ობობა – ულიდერო ორგანიზაციების შეუჩერებელი ძალა”. იყო დრო, როდესაც ითვლებოდა, რომ რაიმეს შექმნა და შენარჩუნება მხოლოდ იერარქიულ ორგანიზაციებს შეეძლოთ. მაგალითად, კორპორაციებს ჰყავს ხელმძღვანელობა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და სახავს პრიორიტეტებს. აქ  ბრძანებათა იერარქიული ჯაჭვი, წესები და სადისციპლინო პროცედურები მოქმედებს. თუ მსგავს სისტემას ცენტრალურ მმართველს მოვაშორებთ, ის დაიღუპება – ისევე, როგორც ობობა, თუ მას ვინმე თავს გაუსრესს.

როცა საქმე დეცენტრალიზებულ სისტემას, ინტერნეტს ეხება, ვითარება იცვლება. აქ ყველაფერი – დაწყებული უკანონო მუსიკის საიტებით, ვიკიპედიით დამთავრებული – ბევრად მოქნილია. თავდასხმის შემთხვევაში, რომელიმე საიტი, მარტივად გადაამისამართებს თავის რესურსებს და არსებობას განაგრძობს. ბევრი იერარქიული კორპორაციისთვის დამღუპველიც აღმოჩნდებოდა ისეთი არაკონტროლირებადი ზრდა, როგორიც ინტერნეტს ახასიათებს. ქსელს კი ეს მხოლოდ აძლიერებს.  

ღია სისტემის მთავარი უპირატესობა ისაა, რაც ოდესღაც სისუსტედ ითვლებოდა: სტრუქტურის, ხელმძღვანელობისა და ფორმალური ორგანიზაციის არარსებობა. მისთვის თავის მოკვეთა შეუძლებელია – იმიტომ, რომ ასეთი „თავი” საერთოდ არ არსებობს. ამით  ინტერნეტი ზღვის ვარსკვლავს ჰგავს: მოაჭრი ერთ ნაწილს და მოკვეთილი ნაწილიდან ახალი ზღვის ვარსკვლავი ჩნდება. იყო ერთი არალეგალური ბმული, თავდასხმის შემდეგ კი  მრავალი გაჩნდა.

სწორედ ინტერნეტის მსგავსი ბუნება აძლევს საზოგადოებას ცენზურის წინააღმდეგ თვითორგანიზაციის საშუალებას. ასე მოხდა გასულ კვირასაც. სახელმწიფო ბიუროკრატიამ კიბერსივრცის კონტროლის გეგმა ისე დასახა, რომ ვერც კი გააცნობიერა, თუ რა სირთულის ამოცანას შეეჭიდა. საავტორო უფლებების დაცვის ევროკავშირისეულ სტანდარტებს მორგების დაუოკებელმა სურვილმა, კომუნიკაციების კომისია სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო.

უნდა ითქვას, რომ მსგავსი ბრძოლები მხოლოდ საქართველოში როდია გაჩაღებული. ინტერნეტსივრცეში საავტორო უფლებების დაცვას აშშ-სა და ევროპაში აქტიურად ცდილობენ – თუმცა შედარებით სერიოზული მეთოდებით. ცოტა ხნის წინ საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოში ახალი კანონი მიიღეს. ამიერიდან, საავტორო უფლებების დარღვევაში დადანაშაულებულ ადამიანებს ინტერნეტით სარგებლობა საერთოდ აეკრძალებათ. უარყოფითმა რეაქციამაც არ დააყოვნა: გაეროს მოხსენებაში ნათქვამია, რომ ადამიანების გამოთიშვა ინტერნეტიდან, მათი უფლებების დარღვევაა და საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

გარდა ინფორმაციასთან წვდომის უფლებისა, ბევრი სხვა არგუმენტიც ამტკიცებს, რომ მსოფლიო ქსელი, მსგავსი ცენზურისა და სახელმწიფო კონტროლის მცდელობებისგან თავისუფალი უნდა იყოს. ინტერნეტი შეუზღუდავი რესურსია. სხვების მიერ მისი მოხმარებით, დანარჩენები არ ზარალდებიან. ინფორმაციის გავრცელების აკრძალვა მხოლოდ ნეგატიურ შედეგებს იძლევა. იგივე ითქმის იმ პროდუქციაზე, რომელსაც ადამიანი საკუთარ კომპიუტერში ფლობს და სხვებისთვის გაზიარება სურს.

ტორენტი გაზიარების მსგავსი სისტემაა. მისი მეშვეობით, ერთი ადამიანი დანარჩენებს იმ პროდუქტს აწვდის, რომელიც საკუთარ კომპიუტერში აქვს. განსხვავებით ვარეზ-საიტებისგან, კონტენტი უშუალოდ სერვერზე არ თავსდება. ეს მექანიზმი ბევრი ისეთი ფაილის გაზიარების საშუალებასაც იძლევა, რასაც გავრცელების ლიცენზია აქვს ან საერთოდ არ სჭირდება. ხშირად, ამით ავტორებიც სარგებლობენ და საკუთარ პროდუქტს ფართო აუდიტორიას აცნობენ. ამიტომ, ქართველი მომხმარებლები, რომლებიც ინტერნეტის მიწოდების სანაცვლოდ, ფულს იხდიან და ტორენტსაიტებით კანონიერად სარგებლობენ, შეზღუდვის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. ვითარება იმანაც დაამძიმა, რომ დაბლოკილთა სიაში ისეთი საიტებიც მოხვდნენ, სადაც „აგვისტოს 5 დღე” საერთოდ არ იყო განთავსებული. ეს ნაბიჯი, როგორც ჩანს, პრევენციის მიზნით გადაიდგა.

ტორენტების უაპელაციო დაბლოკვა, ცივილიზებულ მსოფლიოში, მიღებული პრაქტიკა არ გახლავთ. უშუალოდ ტორენტი არალეგალურად არ ითვლება – კანონის დარღვევა კონკრეტული არალიცენზირებული პროდუქციის გადმოწერა და შენახვაა. თუმცა, არალიცენზირებული კონტენტის აღმოჩენის შემთხვევაში, საავტორო უფლებების დამცველები კონკრეტულ საიტებს მიმართავენ მოთხოვნით, თვითონ დაბლოკონ არალეგალური პროდუქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, „სახიფათო” საიტების განეიტრალებას სასამართლოს ძალით ცდილობენ.

ამ გზით, მეკობრეებზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული და საბოლოოდ, ინტერნეტცენზურის არაერთი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ. ევროპაში, საავტორო უფლებების უპატივცემულობის ბრალდებით, არაერთი ტორენტსაიტი დაუბლოკავთ. მსგავსი ცენზურის დროს მომხმარებელი ფაქტს აპროტესტებს, თუმცა თავს უსუსურად სულაც არ გრძნობს და აკრძალულ საიტზე პროქსი-სერვერების დახმარებით შედის. რაც შეეხება დახურულ ტორენტსაიტებს, მათ დიდ ნაწილს არსებობა და საავტორო უფლებების დამცველთა ნერვებზე თამაში სხვა მისამართით გაუგრძელებიათ.

საქართველო მსოფლიო მეკობრეებს შორის საპატიო, პირველ ადგილზეა. თუმცა, არალიცენზირებული პროდუქციის ქონისა და გავრცელების თვალსაზრისით, უცხოური ტორენტები ყველაზე ნაკლები „ბოროტებაა”. მარეგულირებელი კომისია არ დაინტერესებულა სახელმწიფო ორგანიზაციებით, სადაც არალიცენზირებულ Windows-სა და ცალკეულ „გატეხილ” პროგრამებს ხშირად მოიხმარენ.

დღემდე არც რომელიმე ოფიციალურ ორგანოს გამოუვლენია ინტერესი იმ მასშტაბური ჩამოსატვირთი ვარეზ-საიტების მიმართ, რომლებიც ქართულ ინტერნეტპროვაიდერებს ეკუთვნის და საავტორო უფლებების კანონს უხეშად არღვევს. ინტერნეტპროვაიდერმა კავკაზუს-ონლაინმა უკანასკნელ დღეებში ხმის ჩამწერ კომპანია ბრავო რეკორდსთან მემორანდუმი გააფორმა. მათ ერთობლივი ვებპორტალი უნდა შექმნან, სადაც  ლიცენზირებული მედიამონაცემები განთავსდება. თუმცა, უცნობია, რა ბედი ეწევა კომპანიის კუთვნილ პოპულარულ  ვარეზ-საიტებს, სადაც ათასობით არალიცენზირებული უცხოური ფილმი, მუსიკა თუ პროგრამაა ატვირთული.

საქართველოში ადრეც ყოფილა შემთხვევა, როცა ინტერნეტში არსებულ გარკვეულ კონტენტთან წვდომა შეიზღუდა. განსხვავებით ტორენტების დაბლოკვისა, 2008 წელს ეს გაცილებით ფორსმაჟორულ სიტუაციას უკავშირდებოდა: რუსეთ-საქართველოს ომის დროს, პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური თბილისის ფორუმი და რუსული დომეინის მქონე საიტები გაითიშა. თუ ამ უკანასკნელზე შესვლა პროქსი-სერვერით მაინც იყო შესაძლებელი, გათიშულ ფორუმს ვეღარავინ მოიხმარდა. ალტერნატიული საშუალებების არსებობის გამო, ადამიანებს შორის კომუნიკაციას ხელი დიდად არ შეშლია. სამაგიეროდ, ამ ფაქტის გამო, მომდევნო წელს,  საქართველო ინტერნეტმოხმარების კრიტერიუმით, ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიაში მოხვდა.

უკანასკნელი დაბლოკვიდან მეორე დღეს, ორმა მსხვილმა ინტერნეტპროვაიდერმა, ჯერ კავკაზუსმა და მოგვიანებით – სილქნეტმა, შეზღუდვები მოხსნა. როგორც კავკაზუსში აცხადებენ, „ამ ვებგვერდებზე, უკანონოდ გავრცელებული კონტენტის გარდა, არის სხვა ტიპის ინფორმაციაც. ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი მომხმარებლის კანონიერი ინტერესები და სპეციალური ტექნიკური გადაწყვეტილების საფუძველზე შევზღუდეთ ვებგვერდებიდან მხოლოდ კონკრეტულ კონტენტზე, ამ შემთხვევაში „აგვისტოს 5 დღეზე” წვდომა”. გაურკვეველია, რატომ არავინ იფიქრა „მომხმარებლის ინტერესებზე” მაშინ, როდესაც უაპელაციოდ დაიბლოკა ყველა ის ტორენტსაიტი, რომელიც ამ კომპანიის IT თანამშრომლებს გაგონილი ჰქონდათ.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კიბერსივრცის კონტროლის მცდელობები რომ ხშირად კრახისთვისაა განწირული, საქართველოს გარდა, სხვა შემთხვევებიც ადასტურებს. ჩინეთშიც კი, დანარჩენ მედიასთან შედარებით, ინტერნეტი ყველაზე თავისუფალია. მაშინ, როდესაც  კიბერცენზურას 30-ათასკაციანი „არმია” ემსახურება.  
ამის საუკეთესო მაგალითი, ტორენტსაიტ Pirate Bay-ს გარშემო ამტყდარი ცნობილი სკანდალია.

ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შვედური ტორენტი, საავტორო უფლებების დამცველთა თავდასხმის ობიექტი განსაკუთრებით ხშირად ხდება. ჯერ კიდევ 2006 წელს, მოსამართლის ნებართვით, შვედეთის პოლიციამ Pirate Bay-ს სერვერების კონფისკაცია მოახდინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ძალადობრივმა ხერხებმა ვერ გაჭრა. საიტი სამი დღის მანძილზე მიუწვდომელი იყო, მასთან ერთად დაიხურა ყველა ის სერვერი, რომლის ჰოსტინგსაც Pirate Bay-ს ინტერნეტპროვაიდერი უზრუნველყოფდა. სამაგიეროდ, გაიხსნა ბლოგი, რომლის მეშვეობით, მომხმარებელთან კონტაქტი შენარჩუნდა. მეკობრეთა გემის დროშა (Pirate Bay-ს ლოგო) 2006 წელს კვლავ აფრიალდა: ტორენტი აღდგა. მომდევნო შეტევებისგან თავდასაცავად, რუსეთსა და ბელგიაში სათადარიგო სერვერები შეიქმნა.

შევიწროებას უკუშედეგი მოჰყვა: დარბევიდან ორი წლის მანძილზე მომხმარებელთა რაოდენობა თითქმის გასამმაგდა და 3 მილიონს მიაღწია. ჩამორთმეული სერვერები კი შვედეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ნაციონალურ მუზეუმში გამოიფინა.

თავდასხმა 2009 წლის სასამართლო პროცესებით გაგრძელდა. Pirate Bay-ს ოთხ მესვეურს ბრალად საავტორო უფლებების მფლობელთათვის ზარალის მიყენება წაეყენათ. ადვოკატი ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ  ტორენტის არსებობა ისევე კანონიერია, როგორც მანქანის ტარება. უბრალოდ, ზოგი უფრო დიდი სიჩქარით ატარებს ავტომობილს, ვიდრე ნებადართულია. ზუსტად ასევე იყენებს ზოგიერთი მომხმარებელი ტორენტს არალიცენზირებული მასალების გასაზიარებლად და ამაზე მფლობელები პასუხს არ აგებენ.

ბევრისთვის სამწუხაროდ, არგუმენტებმა ინტელექტუალური საკუთრების მრისხანე დამცველებზე არ გაჭრა. განაჩენი სოლიდურ ჯარიმასა და ერთწლიან ციხეს ითვალისწინებდა. მომდევნო წელს, პატიმრობის ვადა შემცირდა.

სამაგიეროდ, Pirate Bay ევროპაში ახალი პოლიტიკური მოძრაობის შთაგონების წყაროდ იქცა. შვედეთში არსებული პირატული პარტია (Pirate party) განსაკუთრებით პოპულარული, სწორედ ხსენებული სასამართლო პროცესის შემდეგ გახდა. განაჩენის გამოცხადებიდან შვიდ საათში პარტიას 7 ათასი წევრი შეემატა. პროცესიდან ერთ კვირაში კი, მათი რაოდენობა 15-დან 40 ათასამდე გაიზარდა, 2009 წლის არჩევნებში ხმების 7.3% მიიღო და ახლა შვედეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტიაა. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ პარტიის მთავარი მიზანი, ინტერნეტში არსებული მასალების თავისუფალი ურთიერთგაცვლის მიღწევაა. ამისთვის, პირველ რიგში, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაა საჭირო.

მეკობრული პარტიის მაგალითს კიდევ 33 ქვეყნის პარტია მიჰყვა. რაც შეეხება Pirate Bay-ს, ის დღესდღეობით აშშ-სა და ევროპის ბევრ ქვეყანაშია დაბლოკილი, მაგრამ მაინც არსებობს და მილიონობით მომხმარებელიც ჰყავს. სხვათა შორის, Pirate Bay-ს ტორენტების ტოპ ასეულში “აგვისტოს 5 დღე” მეთხუთმეტე ადგილს იკავებს.

ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ციფრული ტექნოლოგიების წინააღმდეგ ომი წინასწარ წაგებული თამაშია. ინტერნეტი საავტორო უფლებებისთვის, მათი არსებობის დღიდან, ყველაზე დიდი გამოწვევაა. მსოფლიო
ქსელი ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს ან ცენზურა გადაულახავ წინააღმდეგობებს აწყდება. ასეა თუ ისე, ინტერნეტში დღესდღეობით ათასობით ტორენტსაიტი არსებობს. რა მასშტაბის კამპანიაც არ უნდა გაჩაღდეს მათ წინააღმდეგ, ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული წყაროები უმალ მოიძებნება.

კომენტარები