ფონდები და კოლექციები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან

 
 

ვიდრე 26 მაისს განახლებული ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმის კარი ფართოდ გაღებულა, მოდით ეროვნული მუზეუმის კოლექციებს შევავლოთ თვალი.

მსოფლიოს უმდიდრესი მუზეუმებისაგან განსხვავებით, ჩვენს მუზეუმს არსებობის თითქმის ორსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ძვირად ღირებული მსოფლიო შედევრების შეძენის შესაძლებლობა არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, აქ დაცული კოლექციები, ძირითადად საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ არქეოლოგიურ თუ ეთნოგრაფიულ ექსპედიციებსა და მცირე შემოწირულობებზეა დამოკიდებული. თუმცა ეს ყველაფერი საერთაშორისო მასშტაბით უდიდეს ინტერესს იწვევს. შესაძლოა, ლუვრში დაბინავებული ჯოკონდას სანახავად მისულთა რიგების მსგავსი აქ ვერ გეხილათ, მაგრამ საქართველოს თუნდაც იმიტომ ბევრი სწვევია, რომ ცნობილი ოქროს ლომის მინიატურულ ფიგურაზე, უძველეს ოქრომჭედლობის ტექნიკის საიდუმლოს ჩაწვდომოდა ან თრიალეთის ვერცხლის თასზე გამოსახული ნიღბოსანი მამაკაცების სარიტუალო მსვლელობისთვის მიეყოლებინა თვალი. თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, ევროპასა და ამერიკაში იმ ექსპონატებთან დამთვალიერებელთა რიგები არ წყდებოდა, რომელთა ნახვის საშუალებაც სულ მალე გვექნება.

მეცნიერებიდან სანახაობამდე, მიწოდებისა და ექსპონირების ინოვაციურმა ხერხებმა, 2007 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ტურნეში უდიდესი წარმატება მოუტანა „ოქროს შოუს” (საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურ საგანძურს). ის რვა ქვეყანაში თორმეტი გამოფენის, მილიონობით მნახველისა და ახალ-ახალი სამეცნიერო პუბლიკაციისა თუ კატალოგების გამოცემის შემდეგ, 26 მაისს, განახლებულ ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმში დაიდებს ბინას. 
 
ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი ©
თასი, რომელზეც გამოსახულია ქალღმერთი ფორტუნა. ვერცხლი. ახ.წ.აღ. II - III საუკუნეები. მცხეთა, არმაზისხევი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წლის დეკემბერში დაარსდა. თუმცა მისი ისტორია გაცილებით ადრე იწყება, როდესაც თბილისში 1852 წელს რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის დეპარტამენტი გაიხსნა. დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმი ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს 10 მუზეუმს, ორ სამეცნიერო დაწესებულებასა და ეროვნულ გალერეას აერთიანებს. დაცულია არქეოლოგიის, ბუნების ისტორიის, ეთნოგრაფიის, გეოლოგიისა თუ ნუმიზმატიკის კოლექციები, ფოტო და ვიდეო არქივი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უნიკალური ნიმუშები.
 
ეროვნულ მუზეუმში ფონდები ძირითადად ქრონოლოგიური და გეოგრაფიული პრინციპით არის დაყოფილი. თუმცა არის ისეთებიც, სადაც კოლექციები დარგების მიხედვითაა გაერთიანებული: მაგ. ძვირფასი ლითონების, ნუმიზმატიკისა და გლიპტიკის ფონდები. 
 
ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი ©
თასი. შემკულია სარდიონის, ფირუზის და გიშრის თვლებით. ძვ.წ. აღ. II ათასწლეულის დასაწყისი. თრიალეთის ყორღანული კულტურა
კოლექციები ქრონოლოგიური  და გეოგრაფიული პრინციპით კი ასე გამოიყურება: პრეისტორიული ეპოქა, ანტიკური პერიოდი, შუა საუკუნეები, ეთნოგრაფია, ახლო და შუა აღმოსავლეთი, დასავლეთ ევროპა და ახალი, უახლესი ეპოქა.
 
აქ წარმოდგენილია ყველაფერი – მსოფლიო მნიშვნელობის პრეისტორიული ხანის თავის ქალა თუ ბაზალტისგან დამზადებული მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იარაღი – ჩოპერი (1,75 მლნ წლის), ქვის ხანის საყოფაცხოვრებო ნივთები თუ ანტიკური ხანის სამივე პერიოდის (ადრეანტიკური, ელინისტური თუ გვიანანტიკური) იშვიათი ექსპონატები. ახლო და შუა აღმოსავლეთის კოლექციების გეოგრაფიული დიაპაზონი ეგვიპტეს, ჩინეთს, ტიბეტს, ინდოეთსა და ირანს მოიცავს, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ძველეგვიპტური მუმია თუ სარკოფაგი, ფერწერა აბრეშუმზე, აღმოსავლური მინიატურები, ფაიფურისა თუ ქსოვილების, ხალიჩების, ყაჯარული მხატვრობის ყველაზე მდიდარი კოლექცია. დასავლეთ ევროპის განყოფილება იტალიური რენესანსის, ჰოლანდიური, ფლამანდური, გერმანული თუ ფრანგული სკოლის ავტორთა ნამუშევრებს შეიცავს, რომელიც დიმიტრი შევარდნაძისა და შალვა ამირანაშვილის მოღვაწეობის შედეგად შეიქმნა.
 
შუა საუკუნეების ფონდებს კი საფუძველი მე-19 საუკუნის ბოლოს ჩაეყარა 4 მოქმედ სიძველეთსაცავში – კავკასიის მუზეუმში, საეკლესიო მუზეუმსა და შინამრეწველობის მუზეუმში დაცული ექსპონატების გაერთიანების საფუძველზე. ამას 1921 წელს საფრანგეთში გატანილი და შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ უკან დაბრუნებული საგანძურიც დაემატა.
 
კოლექციებისა თუ ცალკეული ექსპონატების ისტორიები და მნიშვნელობა საკმაოდ დიდია. დღეს ეს სიმდიდრე შენახვისა და მართვის ახალ სისტემას ელოდება. 

კომენტარები