კადაფის უკრაინელი მედდა ნორვეგიას თავშესაფარს სთხოვს

ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის უკრაინელმა მედდამ, გალინა კოლოტნიცკაიამ ნორვეგიას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.  მან ლიბია თებერვალში  მას შემდეგ დატოვა, რაც პოლკოვნიკ კადაფისა და ოპოზიციის ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო.

უკრაინაში დაბრუნებული  მედდა რეპორტიორების დევნის მსხვერპლი გახდა, იუწყება ტელეკომპანია BBC. ჟურნალისტები მას  საკუთარ სახლთან დარაჯობდნენ, დასდევდნენ მაღაზიებსა და ქუჩებში, რომ როგორმე მასთან ინტერვიუ ჩაეწერათ. მედიის ცნობით, რეპორტიორებისგან თავის დასაღწევად მარტში კოლოტნიცკაია  ოსლოში გაემგზავრა, ახლა კი ნორვეგიას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

მუამარ კადაფის უკრაინელი მედდა მსოფლიო მედიამ  Wikileaks-ის მასალებიდან გაიცნო.   აშშ-ს საიდუმლო დიპლომატიურ დეპეშებში ლიბიაში მყოფი ამერიკელი დიპლომატები თეთრ სახლს ატყობინებდნენ , რომ „ქერათმიან ფაშფაშა“ მედდას კადაფი სრულად ენდობოდა და მისი გრაფიკის უმცირეს ნიუანსებსაც არ უმალავდა.

ნორვეგიის საემიგრაციო სამსახურის  იურისტმა არვინ ხუმლენმა  სააგენტო AP-ს განუცხადა, რომ კოლოტნიცკაიას თხოვნას თავშესაფრის შესახებ  ნორვეგია  ალბათ არ დააკმაყოფილებს. მან აღნიშნა,  რომ კადაფის მედდა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს ნორვეგიაში ცხოვრების უფლებას, თუ ლიბიის სპეცსამსახურები მას საფრთხეს შეუქმნიან. 

კომენტარები