ფალკაომ კლინსმანის რეკორდი გააუმჯობესა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/1111111111111111.png##fbimage#
პორტუს თავდამსხმელმა ფალკაომ ევროთასების ახალი რეკორდი დაამყარა: ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-16 გოლი გაიტანა, ამდენი ბურთი კი ერთ სეზონში არავის შეუგდია!
 
ძველი რეკორდი - 15 გოლი - 90-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს, გერმანელ იურგენ კლინსმანს ეკუთვნოდა. მან მიუნხენის ბაიერნში თამაშისას, 1995-96 წლების უეფას თასზე მოახერხა 15 გოლის გატანა.

ფალკაომ თავის მე-16 გოლი გუშინ, ესპანეთის ვილიარეალთან ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში გაიტანა 2:3 წაგებულ შეხვედრაში. პირველ მატჩში მან პოკერი (4 გოლი) შეასრულა, მანამდე კი ვენის რაპიდთან და მოსკოვის სპარტაკთან მატჩებში ჰეთ-თრიქი გაიტანა. 16 გოლი ფალკაომ 13 მატჩში შეაგდო, კლინსმანმა კი 15 ბურთი 12 შეხვედრაში გაიტანა.

ევროპის ლიგის ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 18 მაისს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაიმართება, ფალკაოს პორტუ ბრაგას დაუპირისპირდება. პორტუმ უკვე გაინაღდა პორტუგალიის ჩემპიონის ტიტული, ბრაგა კი მესამე ადგილისთვის იბრძვის.

კომენტარები