რუსთაველის თეატრში ატეხილი ეიფორია

ამერიკელი ახალგაზრდების, რეჟისორ კოლინ ჰოვდესა და დრამატურგ ლი აუგუსტ პრეილის მიერ რუსთაველის თეატრის მეოთხე სარეპეტიციო დარბაზში განხორციელებულმა წარმოდგენამ, აზრთა სხვადასხვაობა პრემიერამდე გამოიწვია. ამის მთავარი მიზეზი დადგმის ფორმა და მაყურებლის ინტერაქტიულობაზე გაკეთებული აქცენტი აღმოჩნდა. 

მისი შექმნის მოკლე ისტორია ასეთია: აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით, ამერიკაში ქართველი სცენოგრაფი ნინო მაღლაკელიძე იმყოფებოდა, რომელმაც ზემოთ ნახსენებ ხელოვანებთან საქართველოში ერთობლივი პროექტის განხორციელება გადაწყვიტა. მის ინიციატივას მხარი ამერიკის საელჩომ და რუსთაველის თეატრმა დაუჭირა. სწორედ მაშინ, საქართველოში კოლინ ჰოვდე ჩამოვიდა. ის თანამედროვე დრამატურგიის ნიმუშების გაცოცხლებით
არის დაინტერესებული და ლი აუგუსტ პრეილის “ეიფორიის” (მთარგმნელი დათო გაბუნია) დადგმა მოინდომა.
 
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, თეატრალური ხელოვნების წარმომადგენლები, უცხოეთში წარმოუდგენელ ძალისხმევას ხარჯავენ მაყურებლის შესანარჩუნებლად. ამ მიმართულებით დაფინანსებული პროექტების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი ეხება კვლევებს, რომელიც აუდიტორიის მოთხოვნებს სწავლობს და აანალიზებს. თითოეული სამიზნე ჯგუფის ინტერესების გამოსავლენადაც კი ცალკეული ინიციატივები ხორციელდება. საქართველოში კი მაყურებლის, როგორც მომხმარებლის, რეალურ მოთხოვნილებებსა და ინტერესებზე ყველაზე ნაკლებად ვსაუბრობთ, სხვადასხვა ტიპის კვლევებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. 
 
სწორედ ამ კუთხით არის საინტერესო ქართულ-ამერიკული კო-პროდუქცია, სადაც აქცენტი არა წარმოდგენის მხატვრულ ხარისხზე, რეჟისურაზე, ან საშემსრულებლო ხელოვნებაზე, არამედ მაყურებლის ჩართულობაზე გაკეთდა. ამიტომაც დაიდგა ის რუსთაველის თეატრის მეოთხე სარეპეტიციო დარბაზში და არა მის დიდ, ან მცირე სცენაზე. მონაწილეებმა წინასწარ არ იცოდნენ, თუ როგორ მიიღებდა წარმოდგენას მაყურებელი. 
 
ქართველმა მსახიობებმა აღნიშნეს, რომ მათთვის წარმოდგენაზე მუშაობა არცთუ ისე საინტერესო აღმოჩნდა. თუმცა, როგორც მახსოვს, დაახლოებით ასეთივე რეაქციები ახლდა ალეკი ბლაითის მიერ “ვერბატიმის თეატრის” პრინციპით აგებულ წარმოდგენას, სახელწოდებით “ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?”. იქ მსახიობებს რეჟისორის მიერ წეროვანში ჩასახლებულ დევნილებთან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულ რეალურ ადამიანებთან ჩაწერილი ინტერვიუები, მათი ხმა, დიქცია და მეტყველება ყურსასმენების საშუალებით ესმით. ყველაფრის სიტყვასიტყვით გაცოცხლებას ისე ცდილობენ, რომ რესპონდენტების ტკივილი, ხასიათი და იუმორიც კი არ დაიკარგოს. მაშინაც ეგონათ, რომ პროექტი ერთჯერადი გამოვიდოდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა: წარმოდგენა ედინბურგის ფესტივალიდან სამი მთავარი პრიზით დაბრუნდა და მაყურებელმაც კარგად მიიღო.
 
მართლაც, წინასწარ არავინ იცის, თუ როგორ ჩაერთვება ლიდერის სურვილითა და ინიციატივით ერთ სივრცეში გაერთიანებული გმირების (დარეჯან ხარშილაძე, ნინო არსენიშვილი, ლელა ახალაია, ნინო თარხან-მოურავი, ზურა ინგოროყვა, ბაჩი ლეჟავა, ნანა ლორთქიფანიძე, ნინუცა მაყაშვილი, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე, ირაკლი სანაია, ნიკა ქაცარიძე, ბაჩო ჩაჩიბაია, მანანა აბრამიშვილი, ქეთი ხიტირი, ლევან ხურცია, ნანუკა ხუსკივაძე) თამაშში მაყურებელი. მათ ნახევარი საათი აქვთ დარჩენილი იმისათვის, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულონ – ასეთია პირობა, რომელსაც ყველა ემორჩილება. ლიდერის პირობას გმირები უსიტყვოდ ასრულებენ, მაგრამ რელიგიურ ფანატიზმს როდი ქადაგებენ. როგორც პიესაში წერია, “ისინი არიან განაწამები, გატეხილი სულები, რომელთაც მეტისმეტად ბევრი რამ გადაიტანეს და არც არასოდეს უსწავლიათ, როგორ გამკლავებოდნენ გარემო პირობებს”. თითოეული მაყურებელს საკუთარ ცხოვრებასა და სურვილებზე უყვება, მაგრამ ჯერ დარბაზში ეპატიჟება. თავად ლიდერი კი, რომლის ხმაც ჩანაწერის საშუალებით გვესმის, გვიხსნის, რომ ნამუშევარს ვერც ხელით შევეხებით, ვერც მივაჩერდებით და ვერც ნაწილებად დავშლით – ის უნდა შევიგრძნოთ. წარმოდგენა სავარაუდო რეაქციებზეა გათვლილი – მსახიობთაგან ერთი სათამაშოდ გვიწვევს, სხვები კი ცალ-ცალკე გვთავაზობენ ერთად ვიზეიმოთ – ახალი წელი, დაბადების დღე, შეყვარებული წყვილის ჯვრისწერა თუ სხვა. მოქმედება დარბაზის სხვადასხვა კუთხეში ვითარდება და მაყურებელიც ადგილს ხშირად იცვლის, თუ სურვილი გაუჩნდა, პერსონაჟების რომელიმე გასაშლელ საწოლზე ჩამოჯდომაც შეუძლია. როგორც კი დანიშნული დრო ამოიწურება, ყველა სვამს სითხეს და პირობას ასრულებს. თავიანთ საწოლებზე გაშეშებულ გმირებზე ლიდერი აღნიშნავს: “იცით, აქ რას აკეთებენ? ცოტა წაუძინეს და იცით, რატომ? იმიტომ, რომ დაიღალნენ. სიცოცხლით და ყველაფრით დაიღალნენ.
 
მობეზრდათ და იოლი გამოსავალი სჭირდებოდათ, ამიტომაც დათანხმდნენ. ჩვენ ყოველდღე გვაწუხებს სიკვდილზე ფიქრი. გამუდმებით ვეძებთ რაღაცას, რაც სიცოცხლეს შეგვინარჩუნებს, კიბოს წამალს, უსაფრთხოების ქამრებს ავტობუსებში და ანტიპერსპირანტებს. სიკვდილის რწმენა სიკვდილამდე მიგვიყვანს. სიცოცხლის, ხელოვნების რწმენა, რწმენა იმისა, რომ რაღაცის შექმნა შეგვიძლია – აი, სულ ეს არის, რაც გვჭირდება”. გამოღვიძებული, თუ სულ სხვა სამყაროში გამოფხიზლებული პერსონაჟები დარბაზიდან სათითაოდ გადიან, მარტოდ დარჩენილი მაყურებელი ტაშს საკუთარ თავს უკრავს. 
 
მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობები აცხადებენ, ჩვენ არც კი ვიცით ვთამაშობთ თუ არა და არც იმპროვიზაციის საშუალება გვაქვსო, საინტერესოა რა მოხდება მაშინ, თუ სპექტაკლის მსვლელობისას ლევან ხურციას მიერ წარმოთქმულ მონოლოგს: “ვინმეს უნდა ჩემთან სექსი?”, მაყურებელთაგან რომელიმე თანხმობით უპასუხებს? აი, მაშინ კი მოგვიწევს იმპროვიზირება და თამაში! 
 

კომენტარები