უეფა კიდევ სამი გაყალბებული თამაშის გამოძიებას ითხოვს

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის გაყალბებული მატჩების გამოაშკარავებასთან დაკავშირებით დღეს ვეტერან ფეხბურთელთა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა შეხვედრა სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეხვედრას სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც ესწრებოდა.  ვეტერანი ფეხბურთელი, რევაზ ძოძუაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდენენ, რაც  ამ უკანასკნელმა უეფადან მოსული წერილის შინაარსი გააცნო დამსწრე საზოგადოებას.

წერილში უეფა  საქართველოს ჩემპიონატის იმ მატჩების გარდა, რომელზეც საქმეა აღძრული, კიდევ სამ თამაშზე ითხოვს გამოძიებას. წერილში მითითებულია, რომ ამ სამ თამაშზე აზიურ ტოტალიზატორებში დიდი ფსონები დაიდო. უეფას ეჭვს იწვევს ის, რომ  ფსონებში  წუთობრივად იყო ჩამოთვლილი რა მოხდებოდა მოედანზე - რამდენ აუტსა და კუთხურს ჩააწვდიდნენ ფეხბურთელები და რამდენ ყვითელ ბარათს აჩვენებდა მსაჯი.

ამ ფსონებმა ეჭვი ჯერ ტოტალიზატორების მფლობელებში გამოიწვია და შემდეგ უკვე საკითხის გარკვევაში უეფაც ჩაერთო. საინფორმაციო სააგენტო ჯეონიუსის ინფორმაციით, შეხვედრაზე რევაზ ძოძუაშვილმა, გაყალბებული მატჩების მოწყობაში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას დასდო ბრალი და ისინი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. ამან ფეხბურთის ფედერაცის ხელმძღვანელის აღშფოთება გამოიწვია. დაპირისპირებული მხარეები დამსწრეებმა გააშველეს. ამავე შეხვედრაზე თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ბოლო ოცი წლის მანძილზე ვეტერან ფეხბურთელებს არაფერი გაუკეთებიათ საქართველოში ფეხბურთის დონის ასამაღლებლად. მოგვიანებით შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დაიხურა. მდგომარეობა მას შემდეგ განიმუხტა, რაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  მინისტრმა, ლადო ვარძელაშვილმა პირობა დადო, რომ სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გაყალბებულ თამაშებთან დაკავშირებით უმკაცრეს ზომებს მიიღებს. 

კომენტარები