ჩინური Facebook-ი

Reuters

ბოლო დროს, ინტერნეტის „მამები” ქსელის ნეიტრალურობის იდეას კბილებით იცავენ. ეს უპირველეს ყოვლისა იმაში გამოიხატება, რომ ინტერნეტის მომხმარებლები თანასწორუფლებიანები და შეუზღუდავები უნდა იყვნენ. თუმცა, ჯორჯ ორუელის ფორმულა – „ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია” – ინტერნეტის მომხმარებელთა შორისაც აქტუალურია, ვინაიდან დედამიწაზე არსებულ მილიარდ-ნახევარ ინტერნეტ-იუზერს შორის მესამედი ჩინეთზე მოდის. ჩინეთსა და დანარჩენ ინტერნეტს კი დიდი ჩინური „ფაირვოლი” (Great Firewall of China) ჰყოფს, რომელიც მთელ ინფორმაციას ცენზურის ფილტრში ატარებს. კანონმდებლობის დონეზეა აკრძალული Facebook-ი, Youtube-ი, Twitter-ი, ბლოგების პლატფორმები, პორნოგრაფია... ანუ ყველაფერი ის, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რეჟიმს იდეოლოგიურად ეწინააღმდეგება. ეს გარემოება ძირს უთხრის ქსელის ნეიტრალურობას, თუმცა ამ იდეის დამცველები საწინააღმდეგოს ვერაფერს აკეთებენ, განსხვავებით დიდი კომპანიებისაგან, რომლებიც აგერ უკვე რა ხანია ცდილობენ „ციური ქვეყნის” მმართველებთან საერთო ენის გამონახვას. ამ კომპანიების რიცხვს მარკ ზაკერბერგის Facebook-იც დაემატა.

ჩინური საძიებო სისტემის, Baidu-ს შემქმნელმა, რობინ ლიმ დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც გასული წლის დეკემბრის შემდეგ, ინტერნეტს ჭორის სახით მოედო. ჩინეთში მარკ ზაკერბერგის უკანასკნელი ვიზიტის დროს, ორი გიგანტის, Baidu-ს და Facebook-ის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ ქვეყნის ფარგლებში მოდიფიცირებული სოციალური ქსელის შექმნის თაობაზე, რაც Baidu-ს ადგილობრივ ბაზარზე გაბატონებაში დაეხმარება, Facebook-ს კი მომხმარებელთა რაოდენობას ერთიორად გაუზრდის. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ჩინური” Facebook-ი  გარესამყაროსთან არ იქნება დაკავშირებული და ავტონომიურ რეჟიმში იმუშავებს. Facebook-ის ოფისის წარმომადგენლები პალო-ალტოში აცხადებენ: „ჩვენ ჩინეთის შესწავლით ვართ დაკავებული და ვცდილობთ გავიგოთ რა სახით იქნება ეს ორმხრივ სასარგებლო ჩვენი მომხმარებლებისათვის, დეველოპერებისთვის და რეკლამის განმთავსებლებისთვის”. შესასწავლი კი მარკ ზაკერბერგის კომპანიას, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტების დაჯაბნას გეგმავს, ბევრი აქვს. მთავარი კონკურენტი რუსული „ოდნოკლასნიკების” ჩინური ანალოგი RenRen-ი იქნება, რომლის მომხმარებლებიც ამ სოციალურ ქსელზე საუბრისას მხოლოდ ერთ ღირსებას აღნიშნავენ: RenRen-ში შესაძლებელია იმის ნახვა, თუ ვინ დაათვალიერა
ჩვენი გვერდი, რაც, როგორც მოგეხსენებათ, Facebook-ში, პრინციპული მოსაზრებების გამო არ არის რეალიზებული.
 
Facebook-ი მეორე გიგანტია, რომელიც ჩინეთის დიდი კედლის მიღმა ცდილობს შეღწევას. მანამდე Google-ი ცდილობდა ქსელის ნეიტრალურობის აღდგენას, თუმცა მის წარმომადგენლებსა და ჩინეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებები იმით დასრულდა, რომ ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა ფულს საკუთარი პრინციპები არჩიეს და თავსმოხვეულ რეგულაციებს ვერ შეეგუვნენ. ამის გამო, Google-ის სერვისები, უკვე რამდენიმე წელიწადია, მთელი ჩინეთის ტერიტორიაზე გათიშულია. Facebook-ის წარმომადგენლების მისია ჩინეთში განსხვავებულია, ისინი ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობენ. ამას წინათ Facebook-ის ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნდა გრაფიკი, სადაც დედამიწა, მომხმარებელთა აქტივობის და კავშირების მიხედვით იყო განათებული. ყველაზე განათებული ნაწილი რუკაზე, რა თქმა უნდა, აშშ და ევროპაა, ჩინეთი კი ბნელეთითაა მოცული. სწორად ამ სიბნელესთან ბრძოლის სურვილით ხსნიან საკუთარ საქციელს მარკ ზაკერბერგი და მათი თანამოაზრეები. რამდენად გამოუვათ მათ ამ ქვეყნის ოფიციოზთან „ბრძოლა”, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი Facebook-ის გრაფიკზე ჩინეთი კვლავაც ჩაბნელებული რჩება. 

კომენტარები