8 აპრილს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა შესახებ. ამ დოკუმენტს სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის კონგრესის დავალებით ყოველწლიურად აქვეყნებს. ის 190 ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც ეხება. ანგარიშზე მუშაობა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს იმ ინსტრუქციების მიხედვით, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის საფუძველზე ადგენს. “მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს არის სხვა ადამიანების მიერ მოწოდებული ანალიზის კონსოლიდაცია. ჩვენ არ ვიძლევით რეკომენდაციებს, ჩვენ არ გამოვხატავთ ჩვენს აზრს, ჩვენ ჟურნალისტივით აღვწერთ იმას, რაც გვესმის, რასაც სხვა ადამიანები გვიყვებიან ადამიანის უფლებების შესახებ საქართველოში… ვფიქრობ, ამას ყველა ვერ ხვდება, როდესაც ანგარიშს კითხულობს”, – გვითხრა საელჩოს თანამშრომელმა ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩთან, ჯონ ბასთან ინტერვიუს დაწყებამდე.
ტაბულა გთავაზობთ ამ ინტერვიუს.
ამ ანგარიშის მომზადებას სახელმწიფო დეპარტამენტს შეერთებული შტატების საჯარო სამართალი და კონგრესი ავალდებულებს. ანგარიში მზადდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის შესახებ და ასახავს ჩვენს შეფასებას, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ეს ქვეყნები ობიექტურ საერთაშორისო სტანდარტებს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის კუთხით. ანგარიშის მომზადებისას ვეყრდნობით იმ ადამიანებთან საუბრებს, რომლებიც მოღვაწეობენ როგორც ხელისუფლებაში, ისე მის გარეთ.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ გვავალდებულებს, გასული წლიდან შეერთებული შტატები თავის თავსაც აფასებს და დასკვნას გაეროს წარუდგენს, რათა არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მსოფლიოს ყველა ქვეყნის შეფასება გვაინტერესებს, გარდა საკუთარისა.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ გვჯერა – ყველა საზოგადოება საჭიროებს გაუმჯობესებას. ზოგიერთი უფრო მეტად ვიდრე სხვა, მაგრამ შეერთებულ შტატებსაც კი სჭირდება დემოკრატიის სრულყოფა და უზრუნველყოფა იმისა, რომ საზოგადოება და ხელისუფლება ყველა მოქალაქის უფლებებს იცავს.
რა შედეგის მიღწევას ელით იმ ქვეყნებში, რომლებსაც აფასებთ?
ზოგადად რომ ვთქვა, ამ დოკუმენტის შედეგი ისაა, რომ შეძლებისდაგვარად ობიექტურ ინფორმაციას აწვდის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, კონგრესს, ჩვენს პარტნიორებს – იქნება ეს ცალკეული ქვეყანა თუ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მსგავსი საერთაშორისო ფორუმი – იმის შესახებ, თუ სად ირღვევა ადამიანის უფლებები უხეშად ან რა კონკრეტული გამოწვევების წინაშე დგას ესა თუ ის ქვეყანა. ამით ჩვენ ვცდილობთ ცხადვყოთ, რომ ის, თუ როგორ ეპყრობა ესა თუ ის სახელმწიფო მოქალაქეებს, განსაზღრავს იმას, თუ როგორ მოვეპყრობით ჩვენ ამ სახელმწიფოს. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა ერთადერთი ფაქტორია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ის მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან. ამით ჩვენ ამერიკულ ღირებულებებს ვცემთ პატივს, რომლის მიხედვითაც ძირითადი უფლებები ღმერთის მიერაა ბოძებული, ვისაც რა ღმერთის არ უნდა სწამდეს, და რომ მათი დაცვა ყველა ხელისუფლების მოვალეობაა.
საზოგადოება პრაქტიკულად შეთანხმებულია მიზანზე. ესაა საბაზრო ეკონომიკა და ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო. ახლა კამათი იმაზე მიდის, თუ როგორ და რა გზით უნდა მიაღწიოთ ამ მიზანს და რა უნდა გააკეთოს ამისთვის ხელისუფლებამ.
ზოგიერთი მიიჩნევს, რომ წლევანდელი ანგარიში უფრო კრიტიკულია, ვიდრე შარშანდელი. თქვენი შეფასება როგორია? ადამიანის უფლებათა კუთხით საქართველოში მდგომარეობა დამძიმდა თუ გამოსწორდა შარშანდელთან შედარებით?
პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ანგარიში აფასებს ობიექტურ სტანდარტებთან შესაბამისობას. ჩვენ არ ვადარებთ ერთმანეთს ქვეყნებს, ჩვენ არ ვადგენთ ქვეყნის რეიტინგებს ისე, როგორც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. საინტერესოა რასაც თქვენ ამბობთ, რომ თითქოს ეს ანგარიში უფრო კრიტიკულად აღიქვეს, ვიდრე წინა წლის. მე ასე არ ვფიქრობ. მე ეს ანგარიში იმ ანალიზის გაგრძელება მგონია, რასაც აქამდე ვაკეთებდით და ვფიქრობ, რომ ის სათანადოდ წარმოაჩენს დღევანდელი საქართველოს მდგომარეობას. ქვეყანამ გასულ წელს ნამდვილად მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო მიღწევები აჩვენა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ რჩება სფეროები, სადაც მას არ დაუკმაყოფილებია ის სტანდარტები, რომლებიც თავის თავს დაუწესა, რომელთა მიღწევაც ევროატლანტიკური ინსტიტუტების წევრობისთვისაა საჭირო და ძლიერ დემოკრატიას და საბაზრო ეკონომიკას ახასიათებს.
პრობლემატური სფეროების დინამიკას მოკლედ როგორ აღწერდით – გაუარესება, სტაგნაცია თუ არასაკმარისი პროგრესი?
ვფიქრობ, რომ სურათი არაერთგვაროვანია. არის საკითხები, რომელთა მოგვარებაც დიდ რესურსს არ მოითხოვს და სწრაფი პროგრესის მიღწევა შედარებით იოლია. მაგრამ თუ ციხეების თემას ავიღებთ, დავინახავთ, რომ აქ ბევრი პრობლემის მოგვარება რესურსთანაა დაკავშირებული. რამდენად სწრაფად შეძლებთ ძველი ციხეების ნაცვლად ისეთი ციხეების აგებას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, ბიუჯეტზეა დამოკიდებული. არის საკითხები, რომლებიც ფულთან ნაკლებადაა დაკავშირებული და უფრო კულტურულ ხასიათს ატარებს – მაგალითად იმისთვის, რომ შეცვალო ციხის თანამშრომელთა ქცევა, საჭიროა მათ გააგებინო როგორ მოეპყრან პატიმრებს, ანუ მათი ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაცია მოახდინო.
ანგარიში ბევრ ბრალდებას აღწერს, რომელიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან კეთდება. შეერთებული შტატები უერთდება ამ ბრალდებებს, თუ ბრალდებების არსებობას მიიჩნევს პრობლემად?
სხვა ანგარიშები რომ ნახოთ, იქაც იგივე სურათი დაგხვდებათ. საქმე ისაა, რომ ბევრ საზოგადოებაში ძალიან რთულია ობიექტური ინფორმაციის მოპოვება, შეუძლებელი თუ არა. ჩვენ თუ მხოლოდ დადასტურებული ფაქტებით შემოვიფარგლებით, მაშინ პარადოქსულ შედეგს მივიღებთ. რეპრესიული რეჟიმების შესახებ ანგარიშები ყველაზე მოკლე იქნება. ამ გზით ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევთ. ამიტომ, კანონის მიხედვით, ვალდებულნი ვართ სხვადასხვა შეხედულება და ზოგ შემთხვევაში ბრალდებაც ავსახოთ. ჩვენ მათ ნეიტრალური ენით გადმოვცემთ, ვუთითებთ წყაროებს, აღვწერთ ხელისუფლების შეხედულებას. მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა, თავად გამოიტანოს დასკვნა მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ხელისუფლებას მოცემულ დოკუმენტზე მეტ-ნაკლებად სტანდარტული რეაქცია ჰქონდა. მათ თქვეს, რომ ანგარიში მნიშვნელოვანი დოკუმენტია, მაგრამ მასში გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას არ იზიარებენ. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება სერიოზულად აღიქვამს შეერთებული შტატების კრიტიკას?
დიახ. ვფიქრობ ჩვენს შთაბეჭდილებებს ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება. ეს არ ეხება მხოლოდ ამ დოკუმენტს. ვერ ვიტყოდი, რომ ხელისუფლება ჩვენი აზრით ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი თვით ადრე, ან ერთი თვით გვიან ინტერესდება. არავითარ შემთხვევაში. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ხელისუფლებასთან კონკრეტული პრობლემების შესახებ და ვთავაზობთ დახმარებას იმისთვის, რომ საზოგადოება წინ წავიდეს. ჩემთვის თვალსაჩინოა, რომ საქართველო ნამდვილად მოტივირებულია გაუმჯობესდეს.
კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოზე საუბრისას, არის ის, რომ აქ საზოგადოება პრაქტიკულად შეთანხმებულია მიზანზე. ესაა საბაზრო ეკონომიკა და ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო. ახლა კამათი იმაზე მიდის, თუ როგორ და რა გზით უნდა მიაღწიოთ ამ მიზანს და რა უნდა გააკეთოს ამისთვის ხელისუფლებამ. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ქართულ საზოგადოებას იმ საკითხების განხილვაში, რაც მიზანს დააახლოებს.
ვიდეომიმართვაში, რომელიც ანგარიშს ერთოდა თან, ლიბია ახსენეთ და თქვით, რომ საქართველოში ცვლილებები საარჩევნო ყუთის გავლით უნდა განხორციელდეს. რატომ მოგინდათ ლიბიის ხსენება? მსგავსი მოვლენების საქართველოში განვითარების რაიმე საფუძველს ხედავთ?
ლიბია რამდენიმე მიზეზის გამო ვახსენე. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ამ წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ჩვენ ჩრდილო აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ისტორიული ცვლილებების მომსწრენი ვართ. გარკვეულწილად ეს ცვლილებები იმანაც გამოიწვია, რომ ამ ქვეყნების მთავრობები ხალხს არ უსმენდა.
საინტერესოა, რომ ამ პროცესებმა რეფერენდუმის როლი ითამაშა საქართველოში, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველო შემდეგი იქნება, სხვები კი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი აქ უკვე მოხდა. მე ამ უკანასკნელ ფორმულას ვემხრობი. ვფიქრობ, აქ, ყოფილ საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში დატრიალებულმა მოვლენებმა შთააგონა სამოქალაქო საზოგადოებები მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
გულწრფელად რომ გითხრათ, კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ლიბია ვახსენე, ისაა, რომ არაკონსტრუქციულად მიმაჩნია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე, ადამიანები ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების მოგვარების ერთადერთ გზად ქუჩაში დაბრუნებას მიიჩნევდნენ. მე ურყევად მჯერა, რომ საქართველომ პროგრესს მხოლოდ დემოკრატიულ ინსტიტუტებში ფართო მონაწილეობით და საარჩევნო ყუთის გავლით შეიძლება მიაღწიოს. ამ გზით უნდა განაგრძოს საქართველომ სიარული იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესი შეუქცევადი გახდეს.
რასაკვირველია, ეს მაშინ მუშაობს, როდესაც ადამიანებს სისტემის სჯერათ. ვფიქრობ, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საარჩევნო კოდექსის რეფორმა შედეგიანად დამთავრდეს. მე თავს ქართველი ხალხისთვის კარნახის უფლებას არ მივცემ, მაგრამ მნიშვნელოვანია მოქალაქეებს სჯეროდეთ, რომ მათი საარჩევნო სისტემა სამართლიანია და იმ შედეგს უზრუნველყოფს, რომელიც ხალხის ნებას ასახავს.




