რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა 8 აპრილს, ღამის 11 საათზე ამერიკის ახალ ბიუჯეტზე შეთანხმებას მიაღწიეს. ერთი საათის შემდეგ, მოკლევადიანი დროებითი ბიუჯეტის მოქმედების ვადა იწურებოდა, რაც გაურკვეველი დროით მთავრობის მუშაობის შეწყვეტასაც გამოიწვევდა. შედეგად, ფედერალურ უწყებებში დასაქმებულ 800 ათასამდე ადამიანს უხელფასო შვებულებაში, გაურკვეველი ვადით გასვლა მოუწევდა.
შეთანხმება იმან გაართულა, რომ წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ, სენატში კი დემოკრატები ფლობენ უმრავლესობას. დემოკრატებს ბიუჯეტი შარშან, ფისკალური წლის დასაწყისში უნდა დაემტკიცებინათ. იმ დროისათვის, სენატის გარდა, ისინი წარმომადგენელთა პალატაშიც უმრავლესობას ფლობდნენ (შემდეგ შუალედურ არჩევნებში დამარცხდნენ), მაგრამ ბიუჯეტის ძალაში შეყვანა ვერ მოახერხეს – ის კონგრესის არც ერთმა პალატამ არ მოიწონა. მიმდინარე ფისკალური წლის დასრულებამდე ნახევარი წელია დარჩენილი, წლიური ბიუჯეტის დამტკიცება კი ჯერაც ვერ მოხერხდა. 8 აპრილს მიღებული დოკუმენტი რიგით მეშვიდე დროებითი ბიუჯეტია.
დროებითი საბიუჯეტო შეთანხმება რესპუბლიკელების გამარჯვებად შეფასდა, თუმცა ისინი გარკვეულ კომპრომისებზე მაინც წავიდნენ. საბოლოო ჯამში, დარჩენილ 6 თვეში ხარჯები 38 მილიარდი დოლარით შემცირდება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, რესპუბლიკელ ჯონ ბოენერს არა მარტო დემოკრატებთან, არამედ საკუთარი პარტიის წევრებთანაც უწევდა მოლაპარაკება. წარმომადგენელთა პალატაში მიღებული ბიუჯეტი 61 მილიარდის დაზოგვას ითვალისწინებდა, თუმცა ბიუჯეტის ეს პროექტი სენატში არ დამტკიცდა.
პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეთავაზება, შარშანდელ ბიუჯეტთან შედარებით, ხარჯების შემცირებას საერთოდ არ ითვალისწინებდა. მისი მიხედვით, დარჩენილი ნახევარი წლის განმავლობაში, ბიუჯეტი კიდევ 20 მილიარდით უნდა გაზრდილიყო. საბოლოოდ, ბოენერმა ჩაის წვეულების 38-მილიარდიან შეკვეცაზე დაყოლიება მოახერხა, დემოკრატები კი საკუთარი გეგმის სერიოზულ მოდიფიკაციას დათანხმდნენ.
პარალელურად რესპუბლიკელებს, აბორტის პროვაიდერების, საზოგადოებრივი მაუწყებლობისა და ობამას ჯანდაცვის რეფორმისათვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა სურდათ. მათ ეს საკითხი დროებით გვერდზე გადადეს. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელთა ეს მოთხოვნა ფინანსურზე მეტად, იდეოლოგიური მოტივებით იყო ნაკარნახები. ორგანიზაცია Planned Parenthood-მა 2009 წელს 332,278 აბორტი გააკეთა – რაც ყოველ 95 წამში, ერთ დაკარგულ სიცოცხლეს უდრის. ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მათთან სამედიცინო მომსახურებისათვის მისულ ქალთა 97
პროცენტს აბორტი გაუკეთდა, ორსულობასთან დაკავშირებული სხვა სერვისით მხოლოდ დანარჩენმა 3 პროცენტმა ისარგებლა.
საბიუჯეტო ვნებათაღელვა 8 აპრილის შეთანხმებით არ დასრულებულა. მომავალი ერთი თვის ვადაში, კონგრესმა ფედერალური მთავრობის ვალის ლიმიტი უნდა გაზარდოს, რადგანაც ვალის მატება გარდაუვალია. რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ლიმიტის გაზრდას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ დემოკრატები მომავალ ბიუჯეტებში ხარჯების რადიკალურად შეკვეცას დაუჭერენ მხარს.
ამერიკის საჯარო ვალმა 14 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 100 პროცენტია. რესპუბლიკელების აზრით, დროა მთავრობამ და კონგრესმა პრობლემის მოგვარებაზე ფიქრი დაიწყოს. ახლანდელი სოციალური პროგრამების სისტემის ჩავარდნა, განსაკუთრებით ჯანდაცვის სისტემის ობამასეული რეფორმის შემდეგ, გარდაუვალია.
დემოკრატებისგან განსხვავებით, რესპუბლიკელებს გრძელვადიანი საფინანსო გეგმებიც აქვთ. წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პოლ რაიანმა მომავალი წლების ბიუჯეტების მონახაზი, სახელწოდებით – გზა კეთილდღეობისაკენ, წარმოადგინა. მას წარმომადგენელთა პალატა უახლოეს მომავალში განიხილავს. ზოგადი შეფასებით, გეგმაში ბევრი რამ დასახვეწია. ის მიზნად ისახავს – 2012 წლიდან მოყოლებული დანახარჯების მკვეთრად შემცირებას, 2015 წლისათვის დეფიციტის აღმოფხვრას, 2018 წლისათვის კი ფედერალური სამთავრობო ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 20 პროცენტზე დაბლა ჩამოყვანას. საბოლოოდ, 2012–2022 წლებში ამერიკის ხარჯები 6.2 ტრილიონი დოლარით უნდა შემცირდეს.
რაიანის გეგმის ნაწილია Medicare-ის გარდაქმნა. ეს პროგრამა პენსიონერი ამერიკელების სამედიცინო დაზღვევას აფინანსებს. ასაკოვანი ადამიანების რაოდენობისა და სამედიცინო ხარჯების ზრდის გამო, ამერიკის ისედაც დეფიციტურ ბიუჯეტს მალე Medicare კიდევ უფრო დაამძიმებს. რაიანი დაბალშემოსავლიანი ამერიკელების სამედიცინო დახმარების პროგრამის, Medicaid-ის გარდაქმნასაც აპირებს. ვაუჩერულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ შტატები ფედერალური მთავრობისგან ე.წ. ბლოკურ (ერთჯერად წლიურ) გრანტებს მიიღებენ. შტატებს ამ სოციალური პროგრამისთვის შეუზღუდავი ფინანსური რესურსები აღარ ექნებათ და მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ. რაიანის გეგმა ფედერალური პროგრამებიდან უდიდესის, სოციალური უზრუნველყოფის (საპენსიო სისტემის) შეცვლას არ ითვალისწინებს. Medicare, Medicaid და სოციალური უზრუნველყოფა ჯამში ბიუჯეტის 40 პროცენტს იკავებს, სამივეს ერთდროული რეფორმა კი ფინანსური არასტაბილურობის წინაპირობა შეიძლება გახდეს.
დემოკრატები იზიარებენ რესპუბლიკელთა აზრს დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროების შესახებ, თუმცა პრობლემის მოგვარებას სხვა გზებით აპირებენ. 13 აპრილს ბარაკ ობამამ პოლ რაიანის გეგმას თავისი ხედვა დაუპირისპირა. პრეზიდენტმა Medicare-ისა და Medicaid-ის რეფორმირება დაუშვებლად მიიჩნია და სანაცვლოდ კონგრესმენებს ჯანდაცვის სფეროში ფასების რეგულირება შესთავაზა. ამ შემთხვევაში შემცირდება მოხუცებისა და ღარიბებისთვის ხელმისაწვდომი მომსახურებების არჩევანი.
მზარდი სოციალური ხარჯების დაფინანსება ობამამ კონგრესმენებს მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდით შესთავაზა. ერთ-ერთი ვარიანტი 255,000 დოლარზე დიდი შემოსავლის მქონე ამერიკელებისთვის საშემოსავლო გადასახადის 67%-მდე აწევაა. თუმცა კრიტიკოსების აზრით, ეს გეგმა ვერ შეძლებს დეფიციტის აღმოფხვრას. 2008 წელს იმ ამერიკელთა შემოსავლების ჯამი, რომლებიც წელიწადში 100,000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებენ, 1,58 ტრილიონი იყო. ბიუჯეტს ამ თანხის 100%-ით დაბეგვრაც კი ვერ დააბალანსებს.
ობამასეული ფედერალური გადასახადების წილი ეკონომიკაში 22.3% იქნება, რაც რაიანის გეგმის შესაბამის მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. ამასთანავე, პრეზიდენტის გეგმა 10 წლის მანძილზე 10 ტრილიონი დოლარის სესხებას გულისხმობს.
ობამას ბიუჯეტი ითვალისწინებს თავდაცვის ხარჯების შემცირებას, მაშინ როცა თავდაცვის მდივან რობერტ გეიტსის შეფასებით, არსებული სამხედრო ოპერაციების უზრუნველსაყოფად, სამხედრო ბიუჯეტის 2-3%-იანი ზრდაა საჭირო. კრიტიკოსების აზრით, ობამას სამხედრო ხარჯებთან მიდგომა აჩვენებს, რომ ადმინისტრაციისთვის სტრატეგიიული მიდგომა მეორეხარისხოვანია. ზოგიერთი ექსპერტი პრეზიდენტის წინააღმდეგობას შიდა ხარჯების შემცირებისადმი 2012 წლის არჩევნებს უკავშირებს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საბიუჯეტო დავა საფინანსო საკითხებს ამერიკის პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეში მოაქცევს. ეს ფაქტი ობამასა და დემოკრატებს რეალისტური ინიციატივების წარდგენას აიძულებთ. 8 აპრილს დადასტურდა, რომ მსგავსი რამ, საკუთარ არსენალში, მათ ჯერჯერობით არ გააჩნიათ. 9 აპრილის საკვირაო გამოსვლაში ობამამ მთავრობის მუშაობის შეწყვეტის თავიდან აცილების გამო კმაყოფილება გამოთქვა და ხარჯების შემცირება დადებითად შეაფასა. მისი თქმით, რთულ პერიოდში მსხვერპლის გაღებაა საჭირო. რესპუბლიკელების გააქტიურების პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტს სულ უფრო ცოტა დრო რჩება. რა მსხვერპლს გაიღებს თავად ობამა, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოჩნდება.




