დრაკონების შერკინება ჩინური ხალიჩის ქვეშ

ჩინეთის გაძლიერებამ ქვეყნის მიმართ ინტერესი გაზარდა. მიუხედავად ამისა, ჩინეთის დახურული პოლიტიკური სისტემის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ  სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის შიდაპოლიტიკური დაპირისპირებაა. ამ პროცესში სამხედროებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ; წლების განმავლობაში, როცა ისინი ჩინეთის პოლიტიკური მმართველობის უმაღლეს თანამდებობებზე სამოქალაქო პირებით ჩაანაცვლეს, პოლიტიკურ საკითხებზე მათი გავლენა თითქოს შემცირდა. ბოლო სამხედრო პირი, რომელიც უმაღლესი პოლიტიკური ძალის მქონე ორგანოს, პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრი გახლდათ, საზღვაო ძალების მეთაური ლიუ ჰუაქინი იყო. მან ეს პოსტი 1997 წელს დატოვა. ამან, შესაძლოა, სამხედროები დაასუსტა, თუმცა პოლიტიკურ და სამხედრო ელიტებს შორის დაპირისპირება არ დასრულებულა. სამხედროები ექსკლუზიურ უფლებებს ფლობენ შეიარაღების შესყიდვის, ტერიტორიული დავებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. ამას გარდა, სხვადასხვა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე გავლენის მოხდენას არ ერიდებიან.

ჩინელი სამხედროები ნაციონალისტური სენტიმენტებით გამოირჩევიან და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებსა და ამერიკასთან აგრესიული პოლიტიკის გატარებას ემხრობიან. სამხედრო ელიტა ცენტრალურ სამხედრო კომისიაშია თავმოყრილი, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. თუმცა პრეზიდენტი ჰუ ძინტაო, კომისიაში ერთადერთი სამოქალაქო პირია. გარდა საკუთარი ინსტიტუტებისა, სამხედროები სხვადასხვა სამინისტროების ეგიდით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არიან წარმოდგენილნი. თუმცა უცნობია, რა გავლენა აქვთ მათ ამ ჯგუფებში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

ჩინელი სამხედროები ნაციონალისტური სენტიმენტებით გამოირჩევიან და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებსა და ამერიკასთან აგრესიული პოლიტიკის გატარებას ემხრობიან.
არსებობს სამხედროებსა და პოლიტიკურ ელიტას შორის უთანხმოების რამდენიმე მაგალითი. 2001 წელს ამერიკული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი ჩინურ თვითმფრინავებთან შეტაკების შემდეგ დაზიანდა და იძულებული გახდა, ჩინეთის კუთვნილ კუნძულ ჰაინანზე დაფრენილიყო. ჩინური მხარის მიერ ოფიციალური განცხადების დაგვიანება  ინციდენტის კრიზისში გადაზრდის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. გავრცელებული მოსაზრებით, ჩინეთის სამხედრო ელიტამ პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის გარკვეული ინფორმაციების გადაცემა დააყოვნა. ამით სამხედროები პეკინს ამერიკის მიმართ მკაცრი პოზიციის დაკავებას აიძულებდნენ. 2007 წლის იანვარში კი მათ ახალი ანტისატელიტური რაკეტა გამოსცადეს და მოძველებული ჩინური ხელოვნური თანამგზავრი ჩამოაგდეს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ 12 დღის შემდეგ შეძლო ეპასუხა კითხვებისთვის და ოფიციალური კომენტარი გააკეთა. დაგვიანებული რეაქცია სამხედრო და საგარეო უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის პრობლემებზე უნდა მიუთითებდეს.
 
სამხედრო-საზღვაო ძალები ჩინელებისთვის მგრძნობიარე საკითხია. ამაზე ბოლო წლების განმავლობაში, ფლოტის გაძლიერებისთვის დახარჯული ათეულობით მილიარდი დოლარი მეტყველებს. 2009 წლის მარტში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამერიკულ სადაზვერვო ხომალდს ჩინურმა გემებმა გადაუკეტეს გზა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ინციდენტზეც დააგვიანა რეაგირება. შემთხვევა ჩინეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მოხდა. პეკინი მიიჩნევს, რომ გაეროს 1982 წლის საზღვაო კონვენციის მიხედვით, მას ამ ზონაში ექსტენსიური უფლებები აქვს, ამერიკელები კი თვლიან, რომ ღია ზღვებში არსებული გადაადგილების თავისუფლება ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაზეც ვრცელდება. ჩინური მხარის არგუმენტებს მათივე მოქმედებები აცლის ნიადაგს. ქვეყნის წყალქვეშა ნავებმა რამდენჯერმე დაარღვიეს იაპონიის ტერიტორიული წყლები. 2010 წლის სექტემბერში იაპონელებმა სენკაკუს სადავო კუნძულებთან ჩინური სარეწაო გემი დააკავეს. ეკიპაჟის დაკავებას ჩინელთა მხრიდან ნამდვილი ისტერია მოჰყვა. აგრესიული ოფიციალური კომენტარების პარალელურად, სხვადასხვა ქალაქებში იაპონიის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები გაიმართა. 
 
ფოტო: Reuters ©
გაუგებრობები 2011 წელსაც გაგრძელდა. იანვარში ჩინეთს აშშ-ის თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი ესტუმრა. ზუსტად მისი ვიზიტის წინ ჩინელებმა ახალი, რადარებისათვის შეუმჩნეველი თვითმფრინავი გამოსცადეს. შეხვედრაზე ჰუ ძინტაო დააბნია გეიტსის შეკითხვამ, რომელიც ამ თვითმფრინავს ეხებოდა. შეკითხვა უპასუხოდ დარჩა. ნაკლებად მოსალოდნელია, მას თვითმფრინავის ტესტირების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდა – მით უმეტეს, რომ ის ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარეა. თუმცა ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ სამხედროებსა და სამოქალაქო თანამდებობის პირებს შორის კოორდინაციის საკითხი. შესაძლოა, ყველა ეს შემთხვევა სამხედროების ცალკეულ გამოხტომებს წარმოადგენს, რომელთა მიზანი პოლიტიკური ხელმძღვანელობის იძულებაა, უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკა გაატაროს. თუმცა, შესაძლოა, ეს ინციდენტები ერთიანი საგარეო პოლიტიკური კამპანიის ნაწილიც იყოს.
 
 გეიტსმა ვიზიტისას ჩინურ მხარეს მოლაპარაკებების 2+2 ფორმატი (ერთი სამოქალაქო და ერთი სამხედრო პირი ორივე მხრიდან) შესთავაზა, რომლის ძირითადი იდეა,სამხედრო სფეროს შეხვედრებზე სამოქალაქო თანამდებობის პირების ჩართვასაც ითვალისწინებს. ეს ფორმატი წარმატებული გამოდგა იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებებში. ჩინურმა მხარემ შეთავაზებას ენთუზიაზმით არ უპასუხა, რისი ძირითადი მიზეზიც სამხედროების უკმაყოფილება იყო. ისინი ყველანაირად შეეცდებიან საკუთარ სფეროზე გავლენის შენარჩუნებას. ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე დიალოგის საპირისპიროდ, სამხედრო სფეროში თანამშრომლობა ამერიკასა და ჩინეთს შორის წინ მძიმედ მიიწევს. ეს კი, როგორც აზიაში, ისე დასავლეთში ჩინეთის გაძლიერების მშვიდობიან ხასიათში დაეჭვების წინაპირობაა. 

კომენტარები