დიმიტრი შაშკინი: ჩვენ საზოგადოების ინტერესს ვიცავთ

გასულ კვირას ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ყველაზე დიდ მნიშვნელობას განათლების რეფორმას ანიჭებს და ძირითადად პოზიტიურად აფასებს. განათლების სისტემის გარდაქმნას ჰყავდა და დღესაც ჰყავს მოწინააღმდეგეები. მათი ზოგიერთი შეხედულება მოქმედი მინისტრის მოსვლასთან ერთად სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იქნა აყვანილი. ტაბულა დაინტერესდა დიმიტრი შაშკინის ხედვით და პოლიტიკური პრიორიტეტებით. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. 

განათლების სამინისტროსთან კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს. ინფორმაციის მოპოვება ან შეუძლებელია ან გაჭიანურებული პროცესის შედეგი. რატომ? 

ვფიქრობ, განათლების სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სამინისტროა. ის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს ურთიერთობა საზოგადოებასთან, ვფიქრობ, უდავოა. ამოქმედდა ცხელი ხაზი, ვიდეოზარი, რაც ნებისმიერ ადამიანს ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს. რა თქმა უნდა, არის ხარვეზები, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ამას გარდა, ერთია მინისტრის პასუხი, მეორე – პრესსამსახურის პასუხი. ეს უნდა გავმიჯნოთ. ბევრ ჟურნალისტს უნდა მინისტრის კომენტარი, ეს ყოველთვის ვერ ხერხდება, გასაგები მიზეზების გამო. 
 
არ ვმალავ, არიან ადამიანები, რომლებთან ინტერვიუსაც არასოდეს დავთანხმდები, იმიტომ რომ ეს ხალხი შეურაცხყოფას მაყენებს მე, ჩემს ოჯახსა და  შვილებს. ჩვენ არ გვაქვს ცილისწამების შესახებ კანონი, მე მათ ვერ ვუჩივლებ, მაგრამ მაქვს უფლება, რომ ამ ადამიანებს არ ველაპარაკო. 
 
ცალკე საკითხია პრესსამსახურის მუშაობა. ახლა საქართველოში 600 ათასი მოსწავლე გვყავს, 100 ათასი სტუდენტი და 60 ათასი მასწავლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ განათლების სისტემას შეხება აქვს თითქმის ყველა ოჯახთან. შეკითხვა ბევრია და პრესსამსახური ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველას გასცეს პასუხი. 
 
არის საკითხები, რაზე პასუხიც, როგორც თქვენ ბრძანეთ, ჭიანურდება – ასეთ შემთხვევებში საქმე, როგორც წესი, ეხება ან მასწავლებლის ან მოსწავლის პირად ინფორმაციას, რასაც მათი თანხმობის გარეშე ვერ გავცემთ. 
 
სკოლა დამოუკიდებელი იურიდიული პირია, სკოლის დირექტორი – არჩევითი თანამდებობის პირი, ნებისმიერი არჩევითი პირისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს, სკოლის დირექტორებს, სამინისტროს ნებართვის გარეშე მედიასთან კონტაქტი ეკრძალებათ. რატომ?
 
აქ საუბარი იმაზეა, რომ ერთი წლის წინ, ჩვენ ყველა სკოლის დირექტორს ვთხოვეთ ჟურნალისტებთან ურთიერთობის შესახებ, პოსტფაქტუმ, საქმის კურსში ჩააყენონ პრესსამსახური. ეს ჩვენ იმისთვის გვჭირდება, რომ გავაანალიზოთ ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, სხვა დირექტორსაც დასჭირდეს. სამწუხაროდ არის ფაქტები, როდესაც დირექტორებს არ სურთ ინტერვიუს მიცემა და ამ გზით იცავენ თავს – ამბობენ, რომ სამინისტროს უნდა შეუთანხმონ. 
 
საჯაროდ ვამბობ – არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დირექტორებს ჟურნალისტებთან საუბარს უკრძალავს სამინისტროს თანხმობის გარეშე. ჩართეთ ტელევიზორი და ნახავთ, თუ რამდენი დირექტორი საუბრობს კვირის განმავლობაში მედიასთან. 
 
სახელმწიფოს როლი განათლების სფეროში იზრდება, მაშინ როდესაც მთავრობის დეკლარირებული კურსი ყველა სფეროში სახელმწიფოს როლის შემცირებაა, მაგალითისთვის სამედიცინო სფერო ავიღოთ. რატომ? რამდენად თანმიმდევრულია ხელისუფლების პოლიტიკა? როგორ გგონიათ, ხარისხს რეგულაციები ზრდის თუ კონკურენცია? 
 
შედეგი მოდის კონკურენციით. სახელმწიფო, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ჩაერიოს ადამიანების ცხოვრებაში. მაგრამ ერთია თავისუფლება და მეორეა ანარქია. მათ შორის დიდი ზღვარია და ზოგიერთი ამ ზღვარს ვერ ხედავს. ანარქიზმი ამბობს, რომ სახელმწიფო საერთოდ არ უნდა არსებობდეს და ადამიანებმა ჯუნგლის დონეზე აწარმოონ ურთიერთობა. ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი თავისუფლება იწყება. სახელმწიფოს როლია რეგულაციებით დაიცვას თქვენი უფლება, ისე, რომ არ ჩაერიოს თქვენს ცხოვრებაში. 
ვერ დაგეთანხმებით, რომ სახელმწიფოს როლი იზრდება. მოსწავლეების 10% კერძო სკოლებში სწავლობს. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს სექტორი განვითარებულიყო. ჩვენ ვაფინანსებთ კერძო სკოლებს. ეს სამწუხაროდ ბევრმა მოქალაქემ არც კი იცის. 21 მილიონი ლარი იხარჯება კერძო სკოლებზე. 
 
გნებავთ დეცენტრალიზაციის პროცესი ავიღოთ. ეს კურსი არ შეცვლილა. უნდა გავარჩიოთ სტრატეგია და ტაქტიკა. ვარდების რევოლუციის შემდეგ არჩეული სტრატეგია არ შეცვლილა, თუმცა მისი იმპლემენტაციის დროს მუდმივად ვმსჯელობთ,  რა ტაქტიკა ავირჩიოთ. 
 
ჩვენს სკოლას მართავს სამეურვეო საბჭო, სკოლის დირექტორს ირჩევს სამეურვეო საბჭო. თუ შემეკითხებით, გეტყვით, რომ არ ვარ კმაყოფილი მოსახლეობის აქტიურობით სამეურვეო საბჭოებში. ბევრი რამაა გასაკეთებელი იმისთვის, რომ მშობლების ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში გაიზარდოს. მაგრამ ამას წლები და ბევრი მუშაობა სჭირდება. 
 
თქვით, რომ მოსწავლეების 10% კერძო სკოლებში სწავლობს. მართალია, მაგრამ ეს მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე წელია ადგილიდან არ იძვრის. რატომ? 
 
კერძო სკოლა ჩვენი პრიორიტეტია. ვერც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას ვერ დამისახელებთ, სადაც კერძო სკოლებში მოსწავლე ბავშვების რაოდენობა 10%-ზე მეტია. ეს დიდი წარმატებაა და იმას ნიშნავს, რომ ხალხი მზადაა, ინვესტიცია განათლებაში ჩადოს. ამავდროულად ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კერძო სკოლა არის ბიზნესი. ზოგიერთ შემთხვევაში მისი ბიუჯეტი 1 მილიონ დოლარზე მეტია და სწავლა 17-18 ათასი ლარი ღირს – უფრო ძვირი, ვიდრე კემბრიჯში. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საგადასახადო წნეხი მათზე შემცირებულიყო. ამის მიუხედავად, დაფინანსებას კერძო სკოლაც იღებს. მათ სახელმწიფო 300-ლარიანი ვაუჩერით ეხმარება.
 
რევოლუციის შემდგომ წლებში, ძალიან ბევრი კერძო სკოლა გაიხსნა. ახლა ძლიერის გამოკვეთის პროცესი მიმდინარეობს. ეს ჩვეულებრივი ბიზნესკანონია. 
 
კი მაგრამ, ვაუჩერული სისტემა ხომ სწორედ იმას გულისხმობს, რომ ამ დაფინანსებას სახელმწიფო არა სკოლას, არამედ მოსწავლეს აძლევს, გადასახადის გადამხდელთა ფულიდან. კერძო სკოლაში მოსწავლის ვაუჩერი უფრო მცირეა, ვიდრე საჯარო სკოლაში. რატომ ვუზღუდავთ მოსწავლეს არჩევანს, რომ თავისი ვაუჩერით კერძო სკოლაში ისწავლოს? რატომ არ უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო ერთნაირად ყველა მოსწავლეს, მიუხედავად იმისა, კერძო სკოლაში სწავლობს თუ საჯაროში?
 
იმიტომ, რომ კერძო სკოლა, გარდა საგანმანათლებლო ინსტიტუტისა, არის ბიზნესი, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული და მშობელს ფულს ახდევინებს. არ იქნება სამართლიანი, კერძო სკოლას და საჯარო სკოლას ერთნაირი დაფინანსება ჰქონდეს, იმიტომ რომ გარდა ამ დაფინანსებისა, კერძო სკოლები მშობლისგანაც იღებენ ბევრ ფულს. ამასთან, ისინი არ იხდიან იმ გადასახადებს, რასაც ჩვეულებრივი ბიზნესი იხდის, ამიტომ არის სხვაობა – თუმცა, არცთუ დიდი, თუ არ ვცდები – 40-80 ლარამდე. 
 
ვაუჩერების ახალი ფორმულით, მთავრობა დაფინანსებას უმცირებს იმ სკოლებს, ვისაც ბევრი მოსწავლე ჰყავს და უზრდის მათ, ვინც ამდენი მოსწავლის მოზიდვას ვერ ახერხებს, რათა სკოლა არ დაიხუროს. არ ვსაუბრობ სოფლის სკოლებზე, სადაც მათი დახურვა მოსახლეობის განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემას შექმნის. რატომ ვზღუდავთ ჯანსაღ კონკურენციას თბილისში, ბათუმში? რატომ ვსჯით წარმატებულს? 
 
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
დიმიტრი შაშკინი
ეს რთული საკითხია და ახსნას დრო დასჭირდება. საქართველოში არის დაახლოებით 2200 სკოლა. ამ სკოლებიდან ძველი ვაუჩერული სისტემით 1600 სკოლა იყო დანაკლისიანი. ჩვენ იძულებულნი გავხდით ჩავრეულიყავით. 
ვაუჩერული დაფინანსება ერთადერთ სწორ ფორმად მიმაჩნია, მაგრამ ამ მეთოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ფორმულა. ფაქტია, რომ ძველმა ფორმულამ არ იმუშავა. ამის ნათელი მაგალითი დანაკლისიანი სკოლების რაოდენობაა. ახალ ფორმულაზე 10 თვე ვიმუშავეთ. ეს პროცესი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დააფინანსა. 
 
შეუძლებელია, ერთი და იმავე ფორმულით დავაფინანსოთ 1000-კაციანი სკოლა და 10-კაციანი სკოლა. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 400 სკოლა, სადაც ბავშვთა რაოდენობა 100-ს არ აღემატება. მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ სკოლა, რომელიც ვერ იზიდავს ბავშვებს, უნდა დაიხუროს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სოფლელი ბავშვების განათლება. ბევრი ქვეყანა ამ პრობლემას სკოლა-პანსიონებით აგვარებს, მაგრამ გავრცელებული სტერეოტიპის გამო, მსგავსი სკოლები ინტერნატთან ასოცირდება და ჯერ ვერ დავნერგავთ. ამის თქმის საფუძველს კვლევა მაძლევს, რომელიც მაღალმთიან სოფლებში ჩავატარეთ. მოსახლეობა ამისთვის მზად არ არის. ვერ ვაიძულებთ. 
 
სოფლის სკოლებზე არ ვსაუბრობ, მე ქალაქებზე გკითხეთ. რა უშლის ხელს, რომ ქალაქის ის სკოლები, რომლებიც მოსწავლეებს ვერ იზიდავს, დაიხუროს, ეს ხომ განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემას არ შექმნის? 
 
თბილისშიც არის მცირეკონტინგენტიანი სკოლები. რთულ საკითხს შეეხეთ. თბილისში 40 რუსული სექტორია. პლუს 2 რუსული სკოლა. ამას ემატება სომხური და აზერბაიჯანული სექტორები. მათ ისევე უნდა შენახვა, როგორც სხვა სკოლებს. მცირეკონტინგენტიანია, მაგრამ ვერ დავხურავთ. 
 
ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მცირეკონტინგენტიან სკოლებს იმიტომ ვინახავთ, რომ მასწავლებელი უმუშევარი არ დარჩეს. რამდენად საფუძვლიანია ეს შთაბეჭდილება? ვის ემსახურება განათლების სისტემა – მოსწავლეს თუ მასწავლებელს? 
 
ორივეს. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ჩემი პრიორიტეტი არის როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი. ამას გარდა, მასწავლებლის ინტერესი არ ეწინააღმდეგება მოსწავლის ინტერესს. ჩვენ გვყავს პედაგოგები, რომლებიც 90-იან წლებში 18 ლარზე მუშაობდნენ. 
არიან ვაიპოლიტიკოსები, რომლებიც საუბრობენ, რომ მასწავლებლებს თუ დიდ ფულს არ მივცემთ, არ ასწავლიან. რასაკვირველია, ფული სერიოზული მოტივატორია, მაგრამ მასწავლებელი სკოლაში, უპირველესად, იმიტომ მუშაობს, რომ თავისი ცოდნა გადასცეს ბავშვს. 
 
ახალი წესით, ატესტატის ასაღებად დამამთავრებელ კლასში 8 გამოცდა ბარდება და ამას მოჰყვება ეროვნული გამოცდები. გამოდის ისე, რომ 12 წლის განმავლობაში, როგორც წესი, გამოცდას მოსწავლე არ აბარებს და გამოსაშვებ წელს, მინიმუმ 12 გამოცდის ჩაბარება უხდება, ეროვნული გამოცდების ჩათვლით. ამას გარდა, ბოლო კლასებში ინტერესის მიხედვით დაყოფა არ ხდება და მოსწავლეს მისთვის უინტერესო საგნების სწავლაც უწევს. რატომ? 
 
მსოფლიოში რამდენიმე მიდგომა არსებობს. ყველა ქვეყანა, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე წყვეტს, რა ურჩევნია. მე და იმ ექსპერტებს, რომლებიც ამ საკითხზე ვმუშაობდით, მიგვაჩნია, რომ ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია მე-11 კლასამდე უნდა ისწავლებოდეს. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელიც ძალაში 2011 წლის 15 სექტემბერს შევა, ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის სწავლა იწყება მე-7 კლასში, ახალი დისციპლინით, რომელსაც ჰქვია მეცნიერება. შემდეგ წელს საგნები იყოფა და ისწავლება მე-11 კლასამდე. მე-12 კლასში კი სურვილის მიხედვით ხდება ამის გამეორება. რაც შეეხება გამოცდებს, ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად აუცილებელი რამ არის. 
 
თქვენ თქვით, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები პრიორიტეტულია და ამ ფაკულტეტებზე მოხვედრის მსურველები მეტ დაფინანსებას მიიღებენ. რის საფუძველზე ასკვნით, რომ ეს მეცნიერებები პრიორიტეტულია? თანასწორობის პრინციპი ხომ არ ირღვევა იმით, რომ ეკონომისტობის მსურველი აბიტურიენტი ნაკლებ დახმარებას იღებს სახელმწიფოსგან, ვიდრე, მაგალითად, ბიოლოგობის? 
 
მოდით, ასე ვთქვათ, ნიჭიერი ბავშვი არასოდეს დაიჩაგრება. ახალი დაფინანსების სისტემა გულისხმობს, რომ თუ თქვენ მოიპოვეთ 100%-იანი დაფინანსება, სადაც გსურთ იქ მიდიხართ. ეს ეხება მხოლოდ 70%-იან, 50%-იან და 30%-იან დაფინანსებას. გასათვალისწინებელია, რომ უკუქცევითი ძალა ამ წესს არ აქვს. იმას ეხება, ვინც ახლა აბარებს. სახელმწიფოს სხვა ბერკეტი არ გააჩნია, გარდა ფინანსური წახალისებისა. კვლევაც ჩავატარეთ, თუ ძველი დაფინანსებით 16 აბიტურიენტი აბარებდა საინჟინროზე, ახლა – 300-ზე მეტია. საჭიროა დაინგრეს ის სტერეოტიპი, რომ მხოლოდ იურისტი ან ექიმია დასაფასებელი პროფესია. ფინანსური სტიმულირების გარეშე, ამ სტერეოტიპს ვერ დავანგრევთ. 
 
ფიქრობთ, რომ სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს რამდენი ინჟინერი და იურისტია საჭირო და არა დასაქმების ბაზარმა? სად უნდა დასაქმდნენ ფიზიკოსები და ქიმიკოსები?
 
განათლება არის ორიენტიერებული ბაზარზე. გვყავს იმაზე ათჯერ მეტი ექიმი, ვიდრე ბაზარი მოითხოვს, მაგრამ არ გვყავს ინჟინრები, ბუღალტრები. ეს ხალხი ჰაერიდან ვერ მოვა. 
 
 მანდატურების საკითხი. ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც ACT-მ ტაბულას დაკვეთით ჩაატარა, საჯარო სკოლაში მანდატურის ინსტიტუტს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. მაგრამ, ახალი ინიციატივით, მანდატური კერძო სკოლებშიც შევა. რატომ მოინდომეს კერძო სკოლებმა უშუალოდ მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი მანდატურები თავიანთ სასწავლებლებში, მით უმეტეს, რომ ხარჯები თავად უნდა დაფარონ?
 
იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მანდატურები გადიან შესაბამის მომზადებას, რომელიც ორიენტირებულია ზუსტად სკოლის უსაფრთხოებაზე. ამას ჩვეულებრივი დაცვის თანამშრომლები ვერ შეძლებენ. საზოგადოებამ დაინახა რა წარმატება მოიტანა მანდატურების სამსახურმა სკოლებში – 85%-ით შემცირდა ძალადობის ფაქტები. რა თქმა უნდა, ცალკეული პრობლემები შეიძლება იყოს. რეაგირება მათი მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტზე, ყოველთვის მკაცრია. 
 
მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ სასწავლო პროცესი და სასკოლო პროცესი. სასწავლო პროცესში მანდატური არ ერევა. სასკოლო პროცესშიც მისი როლი შეზღუდულია. მანდატური არ სჯის, მანდატური არ ახალისებს. მანდატურმა თუ დაინახა შინაგანაწესის დარღვევა, ის საქმის კურსში აყენებს სკოლის დირექტორს – გადაწყვეტილებას ეს უკანასკნელი იღებს. მანდატურმა თუ დაინახა შინაგანაწესის დარღვევა, ის მიმართავს პატრულს.
იყო შემთხვევები, როდესაც მანდატურის ოქმის საფუძველზე გათავისუფლდნენ მასწავლებლები, მათი ადგილი სკოლაში არ იყო – 12 წლის გოგოს რომ გამოიყვან და კლასის წინ დააჩოქებ, შენი ადგილი სკოლაში არ არის. ასეთ შემთხვევაზე ყოველთვის იქნება დირექტორის რეაგირება. 
 
პრეზიდენტმა, დაახლოებით ერთი წლის წინ, სკოლების ასაკობრივი ნიშნით დაყოფაზე ისაუბრა. მსგავსი პრაქტიკა ევროპასა და ამერიკაში დიდი ხნის წინ დამკვიდრდა. ამის შესახებ აღარაფერი გვსმენია. რა ბედი ეწია პრეზიდენტის ინიციატივას, დღის წესრიგიდან ხომ არ მოიხსნა? 
 
ეს აბსოლუტურად სწორი მიდგომაა, მაგრამ დროს მოითხოვს. ახლა პილოტურ რეჟიმში მუშაობს რამდენიმე სკოლა, სადაც ეს ინიციატივა განხორციელდა. ჩვენ ვაკვირდებით. შედეგი ძალიან კარგია, მაგრამ მასობრივად ამის განხორციელება, როგორც ვთქვი, დროს მოითხოვს, რადგან მსგავსი ცვლილებისთვის სისტემა ინფრასტრუქტურულად  უნდა მოემზადოს. 
 
ორიოდე სიტყვით ახალ ინიციატივაზე სკოლების ბრენდირებასთან დაკავშირებით – რატომ გადაწყვიტეთ, რომ სამინისტროს აეღო თავის თავზე სკოლისთვის ვარსკვლავების მინიჭების ფუნქცია? 
 
ყველამ იცის – არის დაახლოებით 10 სკოლა, სადაც ყველას უნდა რომ ისწავლოს, ასეთებია 51-ე, 55-ე, 53-ე, პირველი გიმნაზია და ა.შ. ეს სკოლები რეზინის არ არის, მშობლებიც ჩივიან იმაზე, რომ კლასში ბევრი ბავშვია. მაშინ როდესაც ამ სკოლების გვერდით არის ძალიან კარგი სკოლები, სადაც გაცილებით ნაკლები ბავშვი სწავლობს – არაფრით სხვაზე ნაკლები არ არის, მაგრამ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცის. მათ მოსკოვის პროსპექტიდან უნდათ მოსვლა და პირველ გიმნაზიაში სწავლა, მაშინ როდესაც იქვე ძალიან კარგი სკოლა აქვთ საცურაო აუზით. 
 
სკოლის რეიტინგებს სხვა ქვეყნებშიც ადგენენ, მაგრამ ამას არა სახელმწიფო, არამედ კერძო ორგანიზაციები აკეთებენ, მაგალითად ჟურნალი ეკონომისტი…
 
სამწუხაროდ, ასეთი ინიციატივა ქვემოდან არ წამოვიდა. ბრენდირების ჩვენი მექანიზმი არ გამორიცხავს იმას, რომ ალტერნატიული სისტემები გაკეთდეს, ვთქვათ მედიის მიერ. თუ ვინმეს ამისი სურვილი გაუჩნდება, მე მხოლოდ მივესალმები. 
 
ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების კუთხით თუ არის წინსვლა? 
 
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
დიმიტრი შაშკინი
ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება ამ მიმართულებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, ჩვენ ვმუშაობთ ახალ კონცეფციაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ქართული ენის სწავლება ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. თქვენ იცით, რომ მუშაობს პროგრამები, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლები იღებენ 1000 ლარიან დანამატს, იმისთვის რომ ასწავლონ ქართული ენა, შენდება ენის სახლები. 
პრეზიდენტის ინიციატივით სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებს აქვთ უფლება, რომ მხოლოდ ერთი ეროვნული გამოცდა – უნარები – ჩააბარონ მშობლიურ ენაზე, და შემდეგ ისწავლონ ქართული ენა. დაახლოებით 10 დღე გვჭირდება კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად. გასაკეთებელი  ჯერ  კიდევ  ბევრია. 
 
ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, სახელმწიფო უნივერსიტეტები კერძო სამართლის პირებად გადაკეთდებიან და მათ საქმიანობას მთავრობის მიერ დანიშნული რეგენტთა საბჭო გააკონტროლებს. რა არის რეგენტთა საბჭო – კვაზისამინისტრო? ამით საუნივერსიტეტო ავტონომია ხომ არ ილახება?
 
უნივერსიტეტების კერძო სამართლის იურიდიულ პირად ქცევის მთავარი მოტივი იყო ის, რომ ნაკლები ჩარევა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან მათ განვითარებაში. უნივერსიტეტი ახლა არის ავტონომიური ორგანო, მაგრამ მინისტრს გარკვეული ბერკეტები აქვს. ჩვენ ამ ბერკეტების დელეგირებას ვახდენთ. მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, კერძო უნივერსიტეტი კონკრეტული ადამიანების მიერ, კონკრეტული ინვესტიციის შედეგადაა შექმნილი. 
 
უნივერსიტეტი, რომელიც ახლა იქცევა კერძო სამართლის იურიდიულ პირად, იღებს სახელმწიფო ქონებას. იმისთვის, რომ საზოგადოების ინტერესები დაცული იყოს და არ მოხდეს ამ ქონების გასხვისება უაზროდ, მაგალითად იმიტომ, რომ რომელიმე უნივერსიტეტის რექტორს როდესღაც დასჭირდება მანქანა, იქმნება დაზღვევის მექანიზმი – რეგენტთა საბჭო, რომელიც გააკონტროლებს, რომ არ მოხდეს სახელმწიფო ქონების გასხვისება, მათი თანხმობის გარეშე. 
 
როგორც წესი, დამატებითი ბიუროკრატია, კორუფციის საშიშროებას უფრო ზრდის, ვიდრე ამცირებს… 
 
და რატომ არის ეს დამატებითი ბიუროკრატია? რეგენტთა საბჭო არეგულირებს მხოლოდ ქონების საკითხებს. უნივერსიტეტს ექმნება ყველა პირობა, გააუმჯობესოს განათლების ხარისხი, ინფრასტრუქტურა, მაგრამ რეგენტთა საბჭოს გარეშე ვერ მოახდენს ქონების გასხვისებას – ამით ჩვენ საზოგადოების ინტერესს ვიცავთ. 

კომენტარები