ნუთუ, EvoMouse მოკლავს თაგუნას?!

1963 წელს, ერთ-ერთ რიგით სამეცნიერო კონფერენციაზე, სტენფორდის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელმა, დუგლას ენგელბარტმა კოლეგებს ორი „არსება” წარუდგინა. პირველი „ზღარბად” მონათლული, მრავალღილაკიანი მოწყობილობა იყო აკორდული კლავიატურით, რომელსაც შემქმნელის ჩანაფიქრით, კომპიუტერზე ბეჭდვის პროცესი საგრძნობლად უნდა დაეჩქარებინა. მეორე კი უსახური მართკუთხა პარალელეპიპედი გახლდათ, ის ჰორიზონტალურ სიბრტყეში გადაადგილდებოდა და ერთადერთი ღილაკით აღჭურვილი იყო. მისი მოქმედების პრინციპის ახსნა არავისათვის იყო საჭირო, „ზღარბის” ღილაკების კომბინაციებისგან განსხვავებით, და ამასთან უფრო ეფექტურად და სიმპათიურად გამოიყურებოდა. ეს უკანასკნელი აშშ-ის საპატენტო ბიუროში დააპატენტეს, როგორც „X-Y კოორდინატების ინდიკატორი გამოსახულების გამოსატანი მოწყობილობისათვის”, თუმცა მთელმა მსოფლიომ ეს „არსება” მისი მეტსახელით გაიცნო. დუგლას ენგელბარტმა მას „თაგუნა” (Mouse) შეარქვა.

უკანასკნელი ორმოცდაათი წლის მანძილზე კომპიუტერის მაუსი, იგივე თაგუნა არა მხოლოდ ფორმას იცვლიდა და უფრო და უფრო მომხიბვლელი ხდებოდა – არამედ ფუნქციონალობასაც. მაგალითად, მას ჯერ ბურთულა ჩაუმატეს. კომპიუტერის სტაჟიან მომხმარებლებს ახსოვთ ის დრო, მაუსის ბურთულა გორვისას მტვერს და ჭუჭყს რომ იკრებდა და შემდეგ იჭედებოდა. ამის გამო საჭირო იყო მისი დაშლა, ბურთულის ამოღება და გაწმენდა. ეს უსიამოვნო პროცესი ოპტიკური მაუსის გამოგონებამ მოსპო, მას შემდეგ ყოველი თაგუნას ქვეშ წითელი შუქი აბრდღვიალდა. ამასობაში გორგოლაჭიც დაემატა, რომელიც ხანდახან მესამე ღილაკის მაგივრობასაც სწევს და აგერ უკვე ათ წელიწადზე მეტია, დაგ ენგელბარტის ქმნილებასთან დაკავშირებით ახალი არაფერი მომხდარა. უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბდა აზრი, რომ თაგუნამ განვითარების მაქსიმუმს, ევოლუციის ზღვარს მიაღწია. რაღაც ახალი უნდა გამოჩენილიყო ჰორიზონტზე და გამოჩნდა კიდეც...
 
სამხრეთკორეულმა კომპანია Celluon-მა ყველა მარკეტინგული არხის საშუალებით გააგებინა მსოფლიოს EvoMouse-ის შექმნის შესახებ. ეს გაჯეტების მოყვარულთა მორიგი სათამაშო არ გახლავთ. შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მათი გამოგონება მთლიანად შეცვლის კომპიუტერთან ურთიერთობის ფორმას და ძველ თაგუნას დავიწყებაში მოისვრის. ეს მოწყობილობა გარეგნულად პატარა ძაღლს ჩამოჰგავს, ორ მბრწყინავ თვალში კი ინფორმაციის მიმღებებია ჩამონტაჟებული. მასთან საურთიერთოდ მხოლოდ თითებია საჭირო. საკმარისია EvoMouse მაგიდაზე დაასკუპოთ, მიუერთოთ ლეპტოპს, ან კომპიუტერს Wi-Fi-ის, Bluetooth-ის, ან USB-ის საშუალებით და ამ პატარა არსების აციმციმებული თვალების წინ თითები „ააცეკვოთ” რომ თითის ყოველი მოძრაობა კურსორს ეკრანზე გადააადგილებს, მაგიდაზე დაჭერის იმიტაცია კი მაუსის „დაჭერის” ტოლფასი იქნება. მოკლედ რომ ვთქვათ, მისი საშუალებით შესაძლებელია ყველა იმ ოპერაციის განხორციელება, რაც უბრალო თაგუნას შეეძლო: გადათრევა, გორგოლაჭის „სქროლი”, ორმაგი „კლიკი” და ასე შემდეგ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის...
 
Celluon-ის ინჟინრებმა სპეციალური ჟესტების ენა შექმნეს EvoMouse-თან საურთიერთოდ. ასე მაგალითად, ორი თითის გასმით შემდეგ გვერდზე გადახვალთ, გამოსმით – წინა გვერდზე დაბრუნდებით. საჩვენებელი და ცერა თითების წრიული მოძრაობით სურათის მოტრიალებას მოახერხებთ, თითებს შორის მანძილის შემცირებით, ან გაზრდით კი ე.წ. Zoom-ის ფუნქციონალი ამოქმედდება. ასევე, EvoMouse-ის წინ თქვენ შეძლებთ კალმის, ან ფანქრის მომარჯვებას და იმას, რასაც დაწერთ წარმოსახვით, თუ რეალურ ფურცელზე, ჭკვიანი „არსება” კომპიუტერის ეკრანზე გადაიტანს, რაც ხელნაწერების მოყვარულთათვის დამატებითი ხიბლი იქნება. დიზაინერთათვის კი ეს მოწყობილობა ნამდვილი საჩუქარია. მათ პირდაპირ გრაფიკულ რედაქტორებში შეეძლებათ ხატვა, წაშლა, გაფერადება და ა.შ.
 
EvoMouse-ის სარეკლამო რგოლი რამდენიმე დღეში ინტერნეტში განხილვის საგნად იქცა. ყველას მისი შეძენა სურს, რაც 99$ ეღირება. მომხმარებლური ვნებების მიღმა კი ყველას ერთი და იგივე შეკითხვა ებადება: ნუთუ, EvoMouse მოკლავს თაგუნას?!

კომენტარები