”მისგან სიტყვებს კი არა, საქმეს ვითხოვთ ” - კლინტონმა კადაფის წერილს უპასუხა

თეთრმა სახლმა ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის წერილს უპასუხა. ”კადაფიმ იცის, რაც უნდა გააკეთოს,” განაცხადა პოლკოვნიკის სამგვერდიანი წერილის საპასუხოდ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება კადაფისგან ”არა სიტყვებს, არამედ საქმეს ითხოვს.” 

აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაქ ობამასადმი მიწერილ წერილში მუამარ კადაფიმ აშშ-ს ”განვითარებადი ქვეყნის პატარა ერის წინააღმდეგ უსამართლო ომის შეწყვეტისკენ” მოუწოდა. ლიბიის ლიდერის თქმით, საერთაშორისო სამხედრო კამპანიამ ქვეყანას ”არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მორალური ზიანიც” მიაყენა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კი მუამარ კადაფის მოუწოდა ცეცხლი შეწყვიტოს, გაიყვანოს ჯარები მის მიერ დაკავებული ქალაქებიდან, გადადგეს და ქვეყანა დატოვოს.

უცხოური მედიის ცნობით, ამ დროისთვის კადაფის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ბრძოლები ქალაქ ალ-ბრეგასა და მისრატაზე კონტროლის დასამყარებლად მიმდინარეობს. გუშინ გაკეთებულ განცხადებაში, NATO-ს ოფიციალურმა პირებმა ქალაქი მისრატა ”მთავარ პრიორიტეტად” დაასახელეს. 

კომენტარები