ლიბიის ოპოზიცია NATO-ს უმოქმედობაში ადანაშაულებს

ლიბიელი ოპოზიციური ძალების  გენერალმა, აბდულ ფატაჰ იუნისმა NATO უმოქმედობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიცემული მანდატის მიუხედავად,  ალიანსმა არაფერი მოიმოქმედა მაშინ, როცა კადაფის ჯარისკაცები საპორტო ქალაქ მისრატაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდნენ. გენერალმა ფატაჰმა, რომელიც ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ამბოხებულების მხარეს გადავიდა, NATO-ში არსებული ”ბიუროკრატიაც” გააკრიტიკა.

ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ NATO-ს შესწევს ძალა, მოიგერიოს კადაფის ძალები ალყაშემორტყმული მისრატიდან, რომელიც ერთადერთი ქალაქია ლიბიის დასავლეთ ნაწილში, რომელსაც ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ. ”NATO მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას ერიდება, მაშინ, როცა იქ, სადაც კადაფის ძალები არიან, მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის.  თუ NATO კიდევ ერთ კვირას დააყოვნებს, მისრატა არ იარსებებს,” აღნიშნა ფატაჰმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქალაქი მისრატა კოალიციური ძალების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თუმცა, მათი თქმით, კადაფის სამხედრო ძალები მიზანმიმართულად მოძრაობენ მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, რაც NATO-ს სამხედრო ოპერაციის ჩატარებას ართულებს. ”როცა ადამიანებს ფარად იყენებენ, ჩვენ ბრძოლაში არ ვერთვებით,” განაცხადა NATO-ს გენერალმა მარკ ვან უმმა. 

კომენტარები