ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია

ფინანსთა სამინისტრომ მედიას საქართველოში ჩასატარებელი სოციალური რეფორმის შესახებ საკუთარი შეხედულება გაუზიარა. რეფორმის აღწერას 40 გვერდი დაეთმო. გთავაზობთ ძირითად დებულებებს და შემდეგ რეფორმის შინაარსში გავერკვეთ.

ყველაზე საინტერესოა, კონკრეტულად ვის შეიძლება შეეხოს რეფორმა და უახლოეს მომავალში ვინ იგრძნობს ცვლილებას.

1. საპენსიო პაკეტის ზომა გაჭირვების დონესთან კორელირებული იქნება. ყველაზე ღარიბი მოხუცები საუკეთესო საპენსიო პაკეტს მიიღებენ;
 
2. 2014 წლიდან საპენსიო პაკეტი დაუკავშირდება საარსებო მინიმუმს და გაჭირვების მიხედვით იქნება საარსებო მინიმუმის 80%-დან 130%-მდე;
 
3. ვინც 2013 წლისათვის იქნება 45 წლის ან მეტის, მიიღებს პენსიაზე გასვლის დროისათვის საარსებო მინიმუმის 80%-ს, რასაც დაემატება მის მიერ დაგროვილი ფულის ნაწილი;
 
4. ვინც 2013 წლისათვის 45 წელზე ახალგაზრდა იქნება, მისი პენსია დასაქმების პერიოდში გაკეთებული დანაზოგის შესაბამისი უნდა იყოს, თუ 2033 წლისათვის გაჭირვებული აღმოჩნდება.
 
პირველი პუნქტი ერთმნიშვნელოვნად სამართლიანია და არ შევცდები თუ ვივარაუდებ, რომ ასეთ მიდგომას ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი მიესალმება.
 
მეორე პუნქტი ერთი შეხედვით ლოგიკურია, რომ არა საარსებო მინიმუმის დათვლის პრობლემა. საარსებო მინიმუმი სტატისტიკური მონაცემია. საარსებო მინიმუმის ზომა დამოკიდებულია დათვლის მეთოდოლოგიაზე და ის აუცილებლად გახდება პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი თემა. ნებისმიერი ოპოზიცია პოლიტიკური პოპულიზმის გამო ბრალს დასდებს ყველა მომავალ მთავრობას ამ მონაცემით მანიპულირებაში. 
მესამე პუნქტის შესაბამისად, თუ 2012 წელს ხელფასი გვექნება 800 ლარი და სამინისტროს გეგმის თანახმად, 5%-ს სახლში ვეღარ წავიღებთ, 20 წლის მანძილზე შევძლებთ შევაგროვოთ იმდენი ფული, რომ დღევანდელი ფასებით 35 ლარის დანამატი მივიღოთ. 35 ლარს დაემატება საარსებო მინიმუმის 80% და ჯამში პენსია გვექნება თითქმის საარსებო მინიმუმის ტოლი.
 
რაც შეეხება დღევანდელი ახალგაზრდობის პენსიონერობას. 21 წლის წინ საბჭოთა კავშირს მიხაილ გორბაჩოვი ხელმძღვანელობდა და ფინანსთა მინისტრად ვინმე ვლადიმირ ორლოვი ჰყავდა. შესაძლებელია ისინიც ჰპირდებოდნენ საბჭოთა ახალგაზრდობას ღირსეულ სიბერეს. დღეს Wikipedia-ს გარეშე ამ ხალხის არსებობის შესახებ ამბის გაგებაც რთული იქნებოდა, რომ არაფერი ვთქვათ მათ დაპირებებზე. 
 
ყველაზე მნიშვნელოვანია თუ ვის შეეწერა გაზრდილი საპენსიო პაკეტისათვის ფასის გადახდა. ალბათ ძნელი გამოსაცნობი არ იქნება, მაგრამ დაგიდასტურებთ, რომ ხალხის მცირე მაგრამ ყველაზე ეფექტიან ნაწილს. ფორმალურ სექტორში დასაქმებულ დაახლოებით 600 ათას ადამიანს და მათ დამსაქმებლებს. თან ასე ეტაპობრივად – 2012 წელს 10% დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის თანაბრად განაწილებული, მერე 11%, 13% და 2020 წლისათვის 15%, როდესაც დამსაქმებლის გადასახდელი 10%-ს მიაღწევს. რაც შეეხება დასაქმებულს, თუ მთავრობამ მაღალშემოსავლიანების კატეგორიად მიგვიჩნია, გადასახადი კიდევ 5%-ით გაგვეზრდება და დასაქმებულისათვისაც 10% გახდება.
 
რა შედეგს მივიღებთ ფინანსთა სამინისტროს რეფორმის განხორციელების შემთხვევაში? არც ამის გამოცნობაა რთული. დამატებით რესურსების მობილიზაციის ძირითადი ტვირთი დაახლოებით 600 ათას დაქირავებით დასაქმებულზე თუ გადავა, ყველა სხვა პირობის უცვლელად დატოვების შემთხვევაში, მხოლოდ შრომაზე ფასის გაზრდა გამოიწვევს თანამშრომლების რაოდენობის და მათი ხელფასების შემცირებას. 
 
რეფორმის ამ გეგმაში საყურადღებოა ადმინისტრაციული ნაწილი. სახელმწიფო საპენსიო ფონდმა უნდა შეაგროვოს, წლების მანძილზე მოუაროს და დაარიგოს პენსიები. გეგმით მიხედვით ისე ჩანს, თითქოს რომ არა სახელმწიფო საპენსიო ფონდი, საქმის გაკეთება არ გამოვიდოდა. მსგავსი ფონდიც და კანონმდებლობაც, რომელიც ე.წ. სადაზღვევო პენსიების შემოტანას ითვალისწინებდა, საქართველოში სულ რაღაც 6 წლის წინ გაუქმდა. გაუქმების მიზეზი, გადახდილი გადასახადის სანაცვლოდ არაადეკვატურად მცირე პენსიის მიღებასთან ერთად, ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტები იყო, როგორიცაა შრომის ფასის ზრდა, დასაქმების შემცირება, ფორმალურ სექტორში გადასახადების დამალვისა და არაფორმალური დასაქმების ხელშეწყობა.
 
რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ უნდა შეძლოს და იზრუნოს საკუთარ სიბერეზე. ხოლო ვინც ამას სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოახერხებს, ასეთი მოხუცების მოვლის რესურსი შეძლებულ საზოგადოებას უნდა დარჩეს. ამიტომ, პირველ რიგში, საჭიროა ადამიანებს საკუთარი თავის მიხედვის შესაძლებლობა მივცეთ. გადასახადების ზრდას ბუნებრივად მოჰყვება ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება და მომავალში უფრო ნაკლები გასანაწილებელი ფული დაგვრჩება.
სოციალური დაზღვევის კანონმდებლობის და იმ პერიოდში უკვე არსებული სოციალური დაზღვევის ფონდის გაუქმებას დიდი ძალისხმევა და 3 წელი დასჭირდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის პარალელურად საგრძნობლად გაიზარდა სოციალური ხარჯები და თუ 2003 წელს საპენსიო შემოსავალი საშუალო შემოსავლის 8.5% იყო, 2010 წელს საშუალო შემოსავლის 25%-ს მიაღწია. მხოლოდ პენსიის საშუალო წლიური ზრდა ბოლო 7 წლის მანძილზე 30%-ს აღწევდა. ასეთი შედეგების მიღწევაზე, წარმოდგენილი სოციალური რეფორმის გეგმა პრეტენზიასაც კი არ აცხადებს.
100$ ეკვივალენტი საპენსიო პაკეტის თაობაზე პოლიტიკური დაპირება რუსეთ-საქართველოს ომამდე და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე გაიცა. დღეს მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია. მიუხედავად ამისა, მაინც შესაძლებელია იმავე შედეგის მიღწევა გადასახადების ზრდის და, მით უმეტეს, გაუგებარი შინაარსის სახელმწიფო ფონდის გარეშე. 2003-2010 წლებში სოციალური ხარჯების გაზრდა, ჩვენ ზუსტად გადასახადების შემცირების და სახელმწიფო საპენსიო ფონდის გაუქმების ფონზე მოვახერხეთ და არა პირიქით.
 
გაჭირვებული მოხუცებისათვის საპენსიო პაკეტის 100$ ნიშნულამდე გაზრდა მარტივად შეიძლება არსებული საბიუჯეტო რესურსებით. მაგალითად, სხვა სახელმწიფო ხარჯების შემცირების ან 2011 წლის მანძილზე ეკონომიკის ზრდისაგან ბიუჯეტის მიერ მიღებული დამატებითი შემოსავლების ხარჯზე.
მოხუცებულობის პერიოდზე ზრუნვა ახალგაზრდობიდან იწყება. ახალგაზრდა ოჯახებში იბადებიან ბავშვები, რომლებშიც თითქმის ორი ათწლეულის მანძილზე მშობლების მიერ ინვესტიცია იდება. ამასთან ერთად, ყველაზე პროდუქტიულ წლებში დიდი თუ პატარა ინვესტიციები ქონებაში და ბიზნესებში (სხვადასხვა ფორმით) კეთდება. შედეგად, ასაკის გამო შრომისუუნარობის დროს მოხუცებულებზე ზრუნვა რაიმე ექსტრაორდინარულ დანახარჯებთან არ არის დაკავშირებული. მათი ხარჯების დაფარვა ძირითადად მათივე დანაზოგებით ხდება. შეიძლება ვინმეს უჩვეულოდ ან უხეშადაც მოეჩვენოს, მაგრამ შვილები არა მარტო 20-წლიანი ინვესტიციის სანაცვლოდ აბრუნებენ ნებაყოფლობით დივიდენდებს, არამედ მემკვიდრეობის სანაცვლოდაც საკუთარ თავზე იღებენ მოხუცებულ მშობლებზე ზრუნვას. 
 
სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირში გატარებული ახალგაზრდობის გამო ბიზნესში და ქონებაში ინვესტიციის კეთების შესაძლებლობა დღევანდელი ქართველი მოხუცებისათვის მნიშვნელოვნად შეზღუდული იყო. ინვესტიციას, რომელიც მათ მოახერხეს გაეკეთებინათ, ფართო გაგებით „შვილები” ერქვა. ამ ინვესტიციის ეფექტიანობა დადასტურდა 90-იან წლებში, როდესაც თვეობით დაგვიანებული პენსიით სამიოდე კვერცხის ყიდვა იყო შესაძლებელი. მხოლოდ არაფორმალურმა სექტორმა, მეგობრებმა, ნათესავებმა, მეზობლებმა გადაარჩინეს ნამდვილად შრომისუუნარო მოხუცები.
ჩემი წარმოდგენით, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ უნდა შეძლოს და იზრუნოს საკუთარ სიბერეზე. ხოლო ვინც ამას სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოახერხებს, ასეთი მოხუცების მოვლის რესურსი შეძლებულ საზოგადოებას უნდა დარჩეს. ამიტომ, პირველ რიგში, საჭიროა ადამიანებს საკუთარი თავის მიხედვის შესაძლებლობა მივცეთ. გადასახადების ზრდას ბუნებრივად მოჰყვება ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება და მომავალში უფრო ნაკლები გასანაწილებელი ფული დაგვრჩება.
 
ზოგად მსჯელობას რომ თავი დავანებოთ, სოციალური რეფორმის ეს გეგმა გვთავაზობს:
 
1. 600 ათას დაქირავებულზე გადავიტანოთ ტვირთი, რომელსაც დღეს მთელი ქვეყნის მოსახლეობა მეტ-ნაკლებად ერთნაირად ვინაწილებთ;
 
2. დღევანდელ დაქირავებულებს საკუთარ სიბერეზე ზრუნვა გაურთულდეთ;
 
3. დანარჩენ მოსახლეობას საგადასახადო ტვირთი შეუნარჩუნდეს;
 
4. სახელმწიფო საპენსიო ფონდს ვანდოთ წლების მანძილზე ნაშრომი და წინასწარვე ვიცოდეთ, რომ საუკეთესო შემთხვევაში ფონდი 20 წლის შემდეგ დაგვიბრუნებს ჩვენ მიერ მიცემული ფულის რეალური ღირებულების ნახევარს;
 
5. არ გავითვალისწინოთ მსოფლიოს გამოცდილება, 21-ე საუკუნეში ავირჩიოთ მოდელი, რომლის გამოყენებაც დასავლურმა ქვეყნებმა წინა საუკუნის შუა პერიოდიდან დაიწყეს და რომელიც დღეს ეკონომიკური პრობლემების გამომწვევი მთავარი მიზეზია. 
 
იმედს ვიტოვებ, რომ გვაქვს იმდენი საღი აზრი, თაროზე შემოვდოთ სოციალური რეფორმის მკვდრეთით აღმდგარი გეგმა, რომლის კიდევ ერთხელ გაუქმების პოლიტიკური ნება და უნარი, მხოლოდ რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ ძალას შეიძლება ჰქონდეს. 

კომენტარები