სასამართლომ თურქ მწერალს, ორჰან ფამუქს ”ერის შეურაცხყოფაში” დასდო ბრალი

სტამბულში შიშლის რაიონის სასამართლომ  მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ორჰან ფამუქი ”ერის შეურაცხყოფაში” დამნაშავედ სცნო. მწერალმა მოსარჩელეებს ჯარიმის სახით 6  ათასი ლირა (3,800 დოლარი) უნდა გადაუხადოს. ფამუქის გასამართლების მიზეზი მის მიერ  გაზეთ Tages-Anzeiger-თვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრება გახდა იმის შესახებ, რომ ”თურქებმა 1 მილონი სომეხი და 30 000  ქურთი გაჟლიტეს” და რომ ეს თურქეთში მის გარდა ”არავის აღელვებს.”

სასამართლოში ნობელის პრემიის ლაურეატის წინაარმდეგ სარჩელი თურქეთის იურისტთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ქემალ ქერინჩსიზმა და საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ოთხი ჯარისკაცის ოჯახმა შეიტანა.

იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ამჟამად დაპატიმრებულია. თურქეთის პოლიციამ იგი 2008 წელს მწერალ ორჰამ ფამუქის ლიკვიდაციის მიზნით მოწყობილ შეთქმულებაში, ასევე სომხური წარმოშობის ჟურნალისტის, გრანტ დინკის მკლვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა. საქმე ჯერ კიდევ ძიებაშია.

2006 წელს სწორედ ქემალ ქერინჩსიზმა მოაწყო პროცესი ჟურნალისტისა და მწერლის წინააღმდეგ და ისინი ნაციის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. თურქეთში  სომხების გენოციდის შესახებ განცხადების გაკეთება სისხლის სამართლის დანაშულად ითვლება და კანონით ისჯება. ევროკავშირის ზეწოლის შედეგად მაშინ მწერლის წინაამდეგ აღძრული საქმე დახურეს, ხოლო ჟურნალისტ გრანტ დინკს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი ეს უკანასკნელი მოკლეს.

2008 წელს ქემალ ქერინჩსიზის დაპატიმრებით დაიწყო ძიება ნაციონალისტური გავლენიანი ორგანიზაცია ”ერგენეკონის” წინააღმდეგ. ორგანიზაცია, რომელიც სეკულარისტების გაერთიანებაა და გავლენიანი სამხედროებისა და სამოქალაქო პირებისგან შედგება, ხელისუფლებამ ანტისამთავრობო შეთქმულების მოწყობაში დაადანაშაულა. თურქეთის პროკურატურა აცხადებს, რომ ორგანიზაცია თურქეთის ზომიერად ისლამისტური მთავრობის დამხობის მიზნით შეთქმულებას აწყობდა.

კომენტარები