რობერტ ბოშის ფონდი უკვე საქართელოშია

 დამწყებ ქართველ კინემატოგრაფისტებს წინ საინტერესო პროექტები, ფესტივალები, კონკურსები და სრულიად ახალი კავშირები ელოდებათ... ამის შესაძლებლობას კი მათ საქართველოში ახლად შემოსული საერთაშორისო „ბოშის ფონდი“ მისცემთ.

23 მარტს საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა ფონდის წარმომადგენლებს - ფრანკ ალბერსს და ნიკოლაი ნიკიტინს უმასპინძლა. უცხოელმა სტუმრებმა დამწყებ ქართველ კინემატოგრაფისტებს ფონდის ეგიდით არსებული პერსპექტივები გააცნეს. რობერტ ბოშის ფონდი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ფონდი, რომელიც ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს საშუალებას აძლევს განახორციელონ კინოპროექტები გერმანიასა და მის საზღვრებს გარეთ. კინოწარმოების სფეროში ახალგაზრდა გერმანელი და აღმოსავლეთ ევროპელი კინემატოგრაფისტებისათვის ფონდს დაწესებული აქვს სამი წამახალისებელი პრიზი: ანიმაციური, დოკუმენტური და მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადასაღებად. სწორედ კოპროდუქციის პრიზი, რომელიც დაწესებულია ვისბადენის კინოფესტივალთან თანამშრომლობით (goEast Festival / Wiesbaden), ახალგაზრდა გერმანელ კინემატოგრაფისტებს (პროდიუსერებს, რეჟისორებს, ოპერატორებს და სცენარისტებს)   საშუალებას აძლევს განახორციელონ ერთობლივი კინოპროექტები ევროპის სხვა ქვეყნების დამწყებ კინემატოგრაფისტებთან ერთად. ამ და სხვა პერსპექტივებზე ფონდის წარმომადგენლები თავად ესაუბრნენ სტუდენტებსა და ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს. კითხვა-პასუხის რეჟიმი კი მათ ინტერაქციის საშუალებას აძლევდათ. ამგვარად, მათ მიერ დასმულ  ყველა კითხვას, კონკურსებში მონაწილეობის გზების, კინოპროექტის შედგენისა და პროდიუსინგის საკითხებთან დაკავშირებით, სტუმრების მხრიდან, ამომწურავი პასუხები გაეცა. ბოშის ფონდის წარმომადგენელმა ფრანკ ალბერსიმ აღნიშნა, რომ ამ ვიზიტის მთავარი მიზანი კავკასიის რეგიონიდან რაც შეიძლება მეტი განაცხადის მიღებაა კონკურსებზე, რომლებიც მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმისათვის ცხადდება. კინოპროექტების კონკურსის რეჟიმში გადარჩევის შემდეგ 15 საფინალო პროექტიდან 3 გამარჯვებული 70 ათასი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს. ამას გარდა, საფინალო პროექტებიდან თხუთმეტი მონაწილე მიწვეული იქნება გერმანიაში. გამარჯვებულს საშუალება მიეცემა ბერლინალეს ტალანტ-კამპუსში მიიღოს მონაწილეობა, ხოლო ფილმს ტელეკომპანია „არტე“ იყიდის. 

ფესტივალ ბერლინალეს აღმოსავლეთ ევროპული კინოს  სელექციონერმა და კონკურსის ერთ-ერთი ჟიურის წევრმა, ნიკოლაი ნიკიტინმა, შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მომხდარ პოლიტიკურ კონფლიქტებს, ცვლილებებსა და სოციალურ თემებს. მან დამსწრე საზოგადოებას სწორედ ამ თემების წინა პლანზე წამოწევისაკენ მოუწოდა.

შეხვედრაზე დამწყებმა კინემატოგრაფისტებმა ბოშის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი იხილეს – „Milan” (სერბეთი-გერმანია).

კინოცენტრის დირექტორის, თაკო ტატიშვილის აზრით, ვიზიტის მთავარი მიზანი  გრძელვადიან ურთიერთობებზე და შედეგებზე ორიენტირებულია. მთავარია გერმანელი და ქართველი კინემატოგრაფისტების ურთიერთობების გამყარება, ქართველი კინემატოგრაფისტების ინტეგრაცია დასავლურ კინობაზარზე და ის პერსპექტივები, რის საშუალებასაც რობერტ ბოშის ფონდი ყველა მის პარტნიორ ქვეყანას უსახავს.

 საკონკურსო ვადები უკვე დადგენილია. მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ქართველ კინემატოგრაფისტებს საკუთარი პროექტის შედგენის, შეფუთვის, საპრეზენტაციოდ მომზადებისა და ფონდის აპლიკაციების შევსების შესაძლებლობა ექნებათ. 

კომენტარები