ვესტერნიზაციის ქარი

 1885 წლის 16 მარტს იაპონურ პრესაში ანონიმური წერილი – Datsu-A Ron (მშვიდობით, აზია)  გამოქვეყნდა. სტატიის ავტორად იაპონელ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწე ფუკუზავა იუკიჩს მიიჩნევენ. პუბლიკაცია აზიაში დასავლური ღირებულებების, განათლების სისტემისა და ტექნოლოგიური მიღწევების გავრცელებას ეხებოდა. იუკიჩი წერილში ყურადღებას ამახვილებს ტრანსპორტისა და განათლების სფეროში დასავლური ცივილიზაციების უპირატესობაზე. იაპონიაში რეფორმების დაწყებიდან (1860-იანი წლები) ოციოდე წლის შემდეგ ამ ქვეყანასა და სხვა აზიურ სახელმწიფოებს, კერძოდ ჩინეთსა და კორეას შორის სხვაობა საგრძნობი იყო. ეს უკანასკნელები ეწინააღმდეგებოდნენ ევროპელთა გავლენის გავრცელებას, თუმცა ჩინეთის შემთხვევაში მიზეზი საკუთარი იმპერიული ამბიციების შესუსტება უფრო გახლდათ. იუკიჩი უცხო ცივილიზაციის გავლენას ადარებს ინფექციურ დაავადებას, თუმცა ბიოლოგიურისგან განსხვავებით, კულტურულ ინფექციას შეუძლია განმანათლებლობა და ტექნოლოგიური პროგრესი მოიტანოს. იაპონია სულ უფრო და უფრო შორდებოდა იზოლაციონიზმისკენ მიდრეკილ აზიურ ცივილიზაციებს. ავტორი აკრიტიკებს ჩინურ განათლების სისტემას, რომელიც საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა. ის ჩინელების ტრადიციებზეც საუბრობს, რომლებმაც პრაქტიკულად უცვლელად მოაღწიეს თანამედროვე ეპოქამდე.

 მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან იაპონიაში დაიწყო რეფორმების სერია, რომელიც მეიძის რესტავრაციის სახელითაა ცნობილი. იმ დროისათვის აზია ევროპული და ამერიკული კომპანიებისათვის უზარმაზარი აუთვისებელი ბაზარი  იყო. 1853 წელს ამერიკის ფლოტი კომოდორ მეთიუ პერის ხელმძღვანელობით იაპონიის ნაპირებს მიადგა. ამერიკელებს სურდათ ეიძულებინათ იაპონიის იზოლაციონისტი მთავრობა ამერიკული და ევროპული სავაჭრო გემებისთვის პორტები გაეხსნა. უზარმაზარმა სხვაობამ ამერიკულ და იაპონურ სამოქალაქო თუ სამხედრო ტექნოლოგიებს შორის დააჩქარა ფეოდალიზმში ჩარჩენილი ტოკუგავას შოგუნატის დასასრული. ის შეცვალა ახალმა მთავრობამ, რომელმაც ვესტერნიზაციის გზა აირჩია. იაპონიის იმპერატორმა მუცუჰიტომ, რომელიც ქვეყანას 1912 წლამდე მართავდა, თავის მმართველობის პერიოდს უწოდა მეიძი – განათლებული მმართველობა. მუცუჰიტომ განახორციელა ეკონომიკური და სოციალური რეფორმები. გააუქმა კლასობრივი წოდებები, რითაც ყველა მოქალაქე გათანაბრდა კანონის წინაშე. მან ეკონომიკა გაათავისუფლა სახელმწიფო კონტროლისგან, დააკანონა კერძო საკუთრების უფლება და შემოიღო სავალდებულო სამხედრო სამსახური. ეკონომიკურმა განვითარებამ მეიძის საშუალება მისცა სწრაფად დაენერგა ახალი ტექნოლოგიები, გაეყვანა ტელეგრაფის კაბელები, აეგო რკინიგზის ქსელი არა მარტო იაპონიაში, არამედ აზიის კონტინენტურ ნაწილშიც. განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი უცხოეთში ცოდნის მისაღებად გაგზავნილი იაპონელი სტუდენტებიც იყვნენ, რომლებმაც ჩამოიტანეს ევროპული და ამერიკული განათლება. ამან სამხედრო სფეროზე განსაკუთრებული გავლენა იქონია.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსთვის იაპონია არა მხოლოდ აზიის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოდ იქცა, მაგრამ ვესტერნიზაციის პარალელურად საკუთარი იდენტობა და კულტურული ფასეულობები არ დაუკარგავს. იზოლაციონიზმის დასრულებიდან სულ რაღაც ოცდაათიოდე წლის შემდეგ, 1894-1895 წლების სინო-იაპონურ ომში გამოჩნდა მისი უპირატესობა. ჩინეთის დასუსტებულმა ქინგის დინასტიამ არსებობა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაასრულა, რასაც ჯერ ქვეყნის დაშლა, შემდეგ კი კომუნიზმის დამყარება მოჰყვა. მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებულ პერიოდს იმპერიის დაშლამდე – დასავლური ცივილიზაციების გავლენის გამო – ჩინელები შეურაცხყოფის საუკუნეს უწოდებენ. თუმცა იგივე გავლენამ იაპონია თანამედროვე სახელმწიფოდ აქცია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც, დასავლური ტექნოლოგიური მიღწევების გადაღებითა და ვესტერნიზაციით იაპონიამ ეკონომიკური სასწაულის მოხდენა შეძლო. მაგრამ ამისათვის საკუთარი კულტურული თავისებურებები მსხვერპლად არ გაუღია. ჩინეთის აღმასვლა 1980-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როდესაც პრეზიდენტმა დენ სიაოპინმა ქვეყნის ეკონომიკა გახსნა და გლობალური თავისუფალი ბაზრის ნაწილად აქცია. 
 
იაპონურ გაზეთში გამოქვეყნებიდან 126 წლის შემდეგაც კი წერილი აქტუალობას არ კარგავს, თუმცა 21-ე საუკუნეში ტრანსპორტი ინფორმაციამ და კომუნიკაციამ შეცვალა. ჩინეთი ახლაც ცდილობს საკუთარი პოლიტიკური სისტემის გარეშე გავლენისგან დაცვას, რის გამოც, მაგალითად, ინტერნეტს ფილტრავს. თუმცა რეალურისგან განსხვავებით, ვირტუალურ ჩინურ კედელს არაერთი სუსტი წერტილი გააჩნია.

კომენტარები