ლიბიის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის პირობა დადო

#fbimage#http://www.tabula.ge/media/musa.png##fbimage#
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღებიდან რამდენიმე საათში ლიბიის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. პირდაპირი სატელევიზიო გამოსვლისას ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუსა კუსამ აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ”ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით” გადაწყვიტა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს მიერ გუშინ გვიან ღამით მიღებული დოკუმენტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ”არაკეთილგონივრულად” მოიქცა. ”ეს რეზოლუცია გაეროს ქარტიის პრინციპების დარღვევა და ლიბიის სუვერენიტეტის ხელყოფაა,” განაცხადა მუსა კუსამ. რეზოლუცია ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადებასთან ერთად, ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით ”ნებისმიერი ზომის” გამოყენებას გულისხმობს, სამხედრო მოქმედებების ჩათვლით.

მსოფლიოს ლიდერები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ლიბიის ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებას  სკეპტიკურად შეხვდნენ. დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირების თქმით, პოლკოვნიკ კადაფის რეჟიმი ”საქმით უნდა შეფასდეს, და არა სიტყვებით.”  საფრანგეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ”საფრთხე კვლავ რჩება და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა.” 

კომენტარები