უფლებადაცვით-სამრეწველო კომპლექსის არაბული ფლირტი

 არაბულ ქვეყნებში გავრცელებულმა საპროტესტო აქციებმა და თანმდევმა ძალადობამ წამოჭრა კითხვები დასავლეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. ეგვიპტესა და ტუნისში საპროტესტო აქციებს ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი გამოსვლებს უცხოელი დაქირავებული მეომრებითა და ტყვიებით გაუმასპინძლდა, რასაც ასეულობით ადამიანი შეეწირა. ავტორიტარული რეჟიმების არსებობის პარალელურად, ადამიანის უფლებების მხრივ კრიტიკის დიდ ნაწილს რეგიონის სხვა სახელმწიფო – ისრაელი იღებს. ქვეყანას პალესტინელების მიმართ უსამართლო ქმედებებში სდებენ ბრალს.

უკვე წლებია, ისრაელის მიმართ ორმაგი სტანდარტები არსებობს. დასავლურ უნივერსიტეტებში, სადაც წინა პლანზე მემარცხენე აკადემიური წრეები არიან, ახლო აღმოსავლეთში ადამიანის უფლებათა საკითხის კვლევა, ძირითადად, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტით შემოიფარგლება. ისლამისტური რეჟიმების მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ხელში ჩაგდების მცდელობაც კი, მედიაში ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. ეს მაშინ როდესაც ახლო აღმოსავლეთში ყოველდღიურობად არის ქცეული ადამიანთა მკვლელობა, დაპატიმრება და დევნა რელიგიური თუ პოლიტიკური ნიშნით. 

ანტიისრაელური პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი, რამდენიმე ხნის წინ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში ეგვიპტისა და ტუნისის წევრებად მიღება იყო. ისრაელის კრიტიკის პარალელურად, ორივე ქვეყანამ კომისიისგან შექება დაიმსახურა ადამიანის უფლებათა მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესების გამო. უფრო შორს წავიდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი, კონკრეტულად კი მისი ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სარა ლი უიტსონი. ის ლიბიაში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს დადებითად აფასებდა. უიტსონმა ამას 2009 წლის მაისში ჟურნალ Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაშიც (ტრიპოლის გაზაფხული) გაუსვა ხაზი. მისი მიხედვით, ქვეყანაში პოლიტიკური დინამიზმი იგრძნობოდა, გზა გაიხსნა დისკუსიისა და დებატებისათვის, მთავრობამ საკანონმდებლო რეფორმის განხორციელება და დრაკონული კანონების შერბილება გადაწყვიტა. დაახლოებით იმავე პერიოდში, უიტსონმა HRW-სთვის თანხები საუდის არაბეთში შეაგროვა. ერთი მხრივ, თანხების ნაწილი საეჭვო წყაროებიდან წამოვიდა, მეორე მხრივ, უიტსონმა პოტენციური დამფინანსებლები ანტიისრაელური რიტორიკით მოთაფლა. 2009 წლის დეკემბერში ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში HRW-მა დაგეგმა პრესკონფერენცია, სადაც უნდა განხილულიყო ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. კადაფის რეჟიმმა მოახერხა ღონისძიების ჩაშლა, თუმცა უიტსონს მის მიმართ აუგი არ დასცდენია. მას შემდეგ რაც კადაფის დემოკრატიის გზაზე დამდგარ რეჟიმს ასობით ადამიანი შეეწირა, უიტსონმა 24 თებერვალს Los Angeles Times-ს განუცხადა, რომ ლიბიაში დემოკრატიული რეფორმები არ მიმდინარეობდა და არც მოსახლეობას სჯეროდა კადაფის დაპირებების. უიტსონის ეს განცხადება ცხადყოფს Human Rights Watch-ის, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველის მარცხს ახლო აღმოსავლეთში.
 
არასამთავრობო ორგანიზაცია NGO Monitor-ის მონაცემებით, HRW-მა 2010 წელს ისრაელისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 51 დოკუმენტი გამოაქვეყნა (მათგან მხოლოდ მეოთხედი ეხებოდა ჰამასსა და პალესტინის ადმინისტრაციას). ირანს (44), ეგვიპტეს (34). ტუნისსა (24) და ლიბიას (19) შედარებით ნაკლები ყურადღება დაეთმო. ისრაელზე მოხსენებების ნაწილი 150-ზე მეტ გვერდს მოიცავდა, მაშინ როდესაც სირიაზე რამდენიმეწლიანი კვლევის შედეგებს 35 გვერდი ერგო. 2010 წლის 31 ოქტომბერს პალესტინის ადმინისტრაციამ დააკავა ბლოგერი ვალიიდ ჰასაიინი, რომელიც ღვთისმგმობი ტექსტის გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. HRW ამ ფაქტს პრეს-რელიზით მხოლოდ 5 დეკემბერს გამოეხმაურა. ამას გარდა, HRW ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში მონაწილეობდა. აღნიშნული გარემოებები არ დარჩენილა HRW-ს დამაარსებელ რობერტ ბერნშტეინის ყურადღების მიღმა, რომელმაც ორგანიზაცია მიკერძოებულობის გამო მრავალჯერ გააკრიტიკა. 
 
მეორე გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, Amnesty International-მა 2009 წელს ისრაელზე 89 დოკუმენტი გამოაქვეყნა. მას რეგიონში ირანის (218) შემდეგ ყველაზე მეტი ყურადღება ხვდა წილად (ჰამასსა და პალესტინის ადმინისტრაციას ეხებოდა 51 დოკუმენტი, ეგვიპტეს – 46, სირიას – 44, ტუნისს – 42, ლიბიას – 6). AI-ს მასალების მიხედვით, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ისრაელი ადამიანის უფლებათა ერთ-ერთ მთავარ დამრღვევად წარმოჩინდა. როგორც ჩანს, ჩაკეტილ საზოგადოებებში არსებულ ადამიანის უფლებათა პრობლემებს ნაკლები ყურადღება ეთმობა, რაც ადამიანის უფლებათა კონცეფციის განსხვავებული ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, საბოლოო ჯამში კი მის დისკრედიტაციამდეც შეიძლება მივიდეს. 
 
ისრაელის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება ახალი არ არის. დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა (1977-1981) ისრაელი აპარტეიდში დაადანაშაულა, რამაც თავის მხრივ არაბული სამყაროს დესპოტური რეჟიმები წაახალისა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი დამოკიდებულების გამო არაბული ავტორიტარული რეჟიმების მოსახლეობაც არახელსაყრელ მდგომარეობაშია. მსგავსი მიდგომა ტრადიციულად ვრცელდება სხვა ავტორიტარულ რეჟიმებზეც, რომლებიც აშშ-ის მოკავშირეებად არ ითვლებიან. რადიკალი მემარცხენეებისგან არაპროპორციულად მცირე ყურადღებას იმსახურებენ რუანდის, დარფურის ან კამბოჯის გენოციდის მსხვერპლნი. კადაფიმ საკუთარი მმართველობა დაიწყო როგორც კომუნისტმა ლიდერმა, რომელიც ისლამურ სოციალიზმს აშენებდა. წლების მანძილზე ის აფინანსებდა ყველა ჯურის ტერორისტულ ორგანიზაციას, მათ შორის შავ სექტემბერს, რომელმაც 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე  ტერაქტი მოაწყო. მან დააფინანსა 1986 წელს ბერლინის ერთ-ერთ დისკოთეკაზე მომხდარი ტერაქტი, რომელმაც რამდენიმე ამერიკელი სამხედრო იმსხვერპლა. პასუხად, ამერიკის საჰაერო ძალებმა ტრიპოლი და ბენღაზი დაბომბეს. როგორც ცნობილია, 1988 წელს კადაფიმ პირადად გასცა ბრძანება აეფეთქებინათ ლონდონიდან ნიუ იორკში მიმავალი თვითმფრინავი, რომელიც შოტლანდიაში, ლოკერბიში ჩამოვარდა. ტერაქტის შედეგად 270 ადამიანი დაიღუპა. კადაფიმ არც საკუთარი ქვეყანა დაინდო – რეპრესიებმა რამდენიმე ათასი ადამიანი იმსხვერპლა. მის მიერ დაწერილ წიგნში ლიბიელ ერთან თავად კადაფია გათანაბრებული, ხალხს კი მხოლოდ მისი მსახურების  უფლება აქვს. ადრე მას საბჭოთა კავშირის სახით ჰყავდა მეგობარი, ახლა კი სილვიო ბერლუსკონისა და ვლადიმირ პუტინთან არის დაახლოებული. კადაფისა და მის შვილებს იტალიაში ბიზნესინტერესები გააჩნიათ, საკუთარ ქვეყანაში კერძო საკუთრებას ზღუდავენ, თუმცა ევროპაში თავად ფლობენ სხვადასხვა კომპანიების აქციებს. პუტინმა კადაფის საგარეო ვალები გაუქვითა. ეს იმ პირობით, რომ ლიბიაში ახალ რკინიგზას რუსული კომპანიები ააგებდნენ. ამით ორ მილიარდ დოლარზე მეტი რუსეთის ბიუჯეტის მაგივრად პუტინთან დაახლოებული ადამიანების კომპანიებში წავიდა. 
 
სანამ დასავლეთს რეიგანი და თეტჩერი წარმოადგენდნენ, ავტორიტარულ რეჟიმებს ხელ-ფეხი ჰქონდათ შეკრული. ისინი ვერაფერს უხერხებდნენ დასავლეთის ქვეყნების მტკიცე პოზიციას. წლების შემდეგ გამოჩენილმა ევროპელმა ლიდერებმა კი – შრედერის, ბერლუსკონის, მერკელისა და სარკოზის ჩათვლით, კადაფისა და სხვა დიქტატორებთან თანამშრომლობა დაიწყეს. მეორე მხრივ, ისინი მორალურობასა და ადამიანის უფლებებზე პრეტენზიას აცხადებენ. ავტორიტარულ რეჟიმებთან დაახლოება და მათთან ურთიერთობების სხვადასხვა მიზეზებით გამართლება შერჩევითი სამართლიანობის მაგალითია, რომელიც დასავლურ ღირებულებებს დისკრედიტაციით ემუქრება. ევროპის საგარეო პოლიტიკაში მორალური სიცხადის დეფიციტი იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც დასავლური ცივილიზაცია არის დაფუძნებული. 

კომენტარები