სტივ ჯობსი და iPad 2

სან-ფრანცისკოში კომპანია Apple-მა ტაბლეტური კომპიუტერების მეორე თაობის მოწყობილობა, ე.წ. iPad 2 წარუდგინა მომხმარებლებს. ყველასათვის მოულოდნელად სცენაზე სტივ ჯობსი გამოჩნდა, რომელსაც არავინ ელოდა – როგორც მოგეხსენებათ, მან იანვარში სამკურნალო მიზნებით განუსაზღვრელი დროით დატოვა კომპანია. ჯობსის გამოჩენას ოვაცია და ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა. დარბაზი რომ დაშოშმინდა, სტივმა თითქოს ბოდიში მოიხადა, იმდენი ენერგია ჩავდეთ iPad 2-ის შექმნაში, რომ არ შემეძლო დღეს აქ არ მოვსულიყავიო – შემდეგ სათვალე გაისწორა და პრეზენტაცია ჩვეული შემართებით და საუბრის დამაჯერებელი მანერით დაიწყო.
 

ექსპერტები და თავად ვაშლის მოყვარულებიც კი თანხმდებიან იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ კომპანია Apple-ის წარმოებულ პროდუქციაში უმთავრესი დიზაინია, რომელიც საკუთარი მინიმალიზმით ყველას აღაფრთოვანებს. ეს თავად სტივ ჯობსის ფილოსოფიაა. მას სურს, რომ რთული ნივთები უბრალო მომხმარებლისათვის რაც შეიძლება მარტივად და მომხიბვლელად წარმოაჩინოს. სწორად ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ პირველი რაც მან iPad 2-ის წარდგენისას აღნიშნა, სრულიად ახლებური დიზაინი, საგრძნობლად შემცირებული სისქე და კორპუსის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები იყო.

გარდა ფორმისა, iPad 2-ს მთელი რიგი ტექნოლოგიური უპირატესობები გააჩნია მისი წინამორბედის მიმართ: ახალი თაობის ორბირთვიანი პროცესორი A5, რომელიც მოწყობილობას შეუდარებელ სისწრაფეს ანიჭებს. ჩამონტაჟებული ორი ვიდეოკამერა (ერთი წინ, მეორე უკან), რაც ვიდეოების გადაღების და ინტერნეტში განთავსების საშუალებას იძლევა. ბატარეის გაზრდილი სიცოცხლის ხანგრძლივობა ტაბლეტს უფრო ავტონომიურს გახდის, ვიდრე ეს iPad-ის შემთხვევაში იყო და მოწყობილობაში ჩამონტაჟებული გიროსკოპი კი გეიმერებს და თამაშის შემქმნელებს საშუალებას მისცემს თამაშები უფრო ინტერაქტიული და ადვილად სამართავი გახდეს.
 
იმის გარდა, რომ მომხმარებლებს iPad 2-ში მრავალი სიახლე დახვდებათ, მთავარი სიურპრიზი მაინც ის არის, რომ Apple-ის ტაბლეტური კომპიუტერის გასაყიდი ფასი არ შეიცვლება და კვლავ 499$-დან დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ iPad 2 კვლავაც შეინარჩუნებს ლიდერობას ბაზარზე, ვინაიდან კონკურენტების პლანშეტები გაცილებით ძვირი ღირს. ამასთან დაკავშირებით კომპანია Samsung-ის წარმომადგენლებმა უკვე გააკეთეს განცხადება, რომ მათ მნიშვნელოვნად მოუწევთ გაყიდვების პოლიტიკის შეცვლა, ვინაიდან Apple-ის პროდუქტმა მათ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
 
გასულ წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 15 მილიონი iPad გაიყიდა, რამაც მავან ექსპერტებს ისიც კი ათქმევინა, დესკტოპ–კომპიუტერების (ანუ იმ მოწყობილობის, რომელთანაც მაუსით და კლავიატურით ვურთიერთობთ) ეპოქა დასრულდაო. Apple-ის თავკაცები კი კიდევ უფრო ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ და წელს 40 მილიონი iPad 2-ის გაყიდვას გეგმავენ. ტაბლეტური კომპიუტერების პოპულარობა კვლავაც აღმასვლის სტადიაშია, აცხადებენ ისინი. ამიტომაც პერფექციონიზმის არჩეული კურსი – რომელიც მაქსიმალურ სიმარტივეს, მინიმალისტურ დიზაინს და ცენტრალიზებულ მართვას გულისხმობს – უცვლელი დარჩება.
 
პრეზენტაციის დასასრულს სტივ ჯობსმა სთხოვა დარბაზში დამსწრე საზოგადოებას შორის ფეხზე წამომდგარიყვნენ ისინი, ვინც უშუალო მონაწილეობა მიიღეს iPad 2-ის შექმნაში. მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს გაწეული შრომისათვის და ოპტიმისტურ განწყობაზე დატოვა დარბაზი... იგი კვლავ წავიდა, ვაშლის მოყვარულებს კი ახალი საზრუნავი გაუჩინა, რათა ახალი სათამაშოს შესაძენად ფული როგორმე მოაგროვონ. 
 

კომენტარები