ჯულიან ასანჟს ანტისემიტიზმში ადანაშაულებენ

სკანდალური ინტერნეტ პორტალის, ვიკილიქსის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა ბრიტანელი ჟურნალისტები მისი საიტის წინააღმდეგ "ებრაული შეთქმულების" მოწყობაში დაადანაშაულა. ბრიტანული გამოცემა გარდიანის ცნობით, ეს განცხადება ასანჟმა ჟურნალ Private Eye-ს რედაქტორთან, იან ჰისლოპთან საუბრისას გააკეთა. ჰისლოპის თქმით, ასანჟმა დაურეკა და უკმაყოფილება გამოთქვა რუსკი რეპორტიორის ჟურნალისტ ისრაელ შამირთან დაკავშირებით. ასანჟის კრიტიკა გამოიწვია სტატიამ, სადაც ნათქვამია, რომ ანტისემიტი ჟურნალისტი შამირი დღემდე რჩება ასანჟის წარმომადგენელად რუსეთში მიუხედავად იმისა, რომ სოლიდური რუსული გაზეთები ნოვაია გაზეტა და კომერსანტიც აქვეყნებენ ვიკილიქსის მასალებს.

ისრაელ შამირი ცნობილია თავისი ანტისემიტური განწყობით — ის აკადემიკოს ანდრეი სახაროვს ”სიონისტების მავნებელ აგენტად” მოიხსენიებს და საკუთარ სატატიებში  დეტალურად განიხილავს, თუ ”როგორ და რა პირობებში სწირავენ ებრაელები ქრისტიან ბავშვებს მსხვერპლად.” ის უარყოფს ჰოლოკოსტს და საკუთარ თავს ანტისემიტად არ მიიჩნევს, ვინაიდან ფიქრობს, რომ ”ანტისემიტიზმი ბუნებაში არ არსებობს” და ის მხოლოდ ”ებრაელთა ავადმყოფი ტვინის გამონაგონია”.

უცხოური მედიის ცნობით, ჯულიან ასანჟმა იან ჰისლოპთან საუბარში განაცხადა, რომ ჟურნალისტები ვიკილიქსის დისკრედიტაციის მიზნით საერთაშორისო შეთქმულებას შეურეთდნენ, რომელსაც ასანჟის თქმით, გაზეთი გარდიანი და მისი ებრაელი ჟურნალისტები მეთაურობენ.

დღეს გამოქვეყნებულ სპეციალურ განცხადებაში კი ასანჟმა კატეგორიულად უარყო, რომ ებრაული შეთქმულების შესახებ რაიმე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ იან ჰისლოპმა მისი სიტყვები ”უბრალოდ დაამახინჯა”. მან ხაზი გაუსვა, რომ აფასებს როგორც ებრაელთა, ისე არაბთა მხრიდან მის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას. თავის მხრივ, ჟურნალ Private Eye-ს რედაქტორმა განაცხადა, რომ ასანჟთან საუბრის ჩანაწერი გააჩნია.

ეს პირველი კონფლიქტი არაა, რომელიც ასანჟს ჟურნალისტებთან მოუვიდა. უფრო ადრე იგი სარჩელის შეტანას აპირებდა გარდიანის წინააღმდეგ ”ცილისმწამებლური” წიგნისთვის, რომელიც ამავე რედაქციამ ვიკილიქსის შესახებ გამოსცა. თუმცა მოგვიანებით ასანჟმა ეს ინფორმაცია თავადვე უარყო. 24 თებერვალს ბრიტანეთის სასამართლომ ჯულიან ასანჟის შვედეთისთვის გადაცემა გადაწყვიტა. მას სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი. ვიკილიქსის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

კომენტარები