მე — მანჩესტერ იუნაიტედი

საჯარიმოში შეშლილმა დანიელმა ჩაირბინა.

გაკვეთილების მერე სკოლასთან ახლოს, მაგიდის ჩოგბურთს ვთამაშობდით. ერთხელაც, უფრო საინტერესო რომ გამხდარიყო ჩვენი ,,შეჯიბრი’’, გადავწყვიტეთ საფეხბურთო კლუბების სახელებით შევრკინებოდით ერთმანეთს. იყო ასეთი ჟურნალი ,,ფეხბურთი’’, ერთ-ერთ ჩვენგანს ჰქონდა ხოლმე და გუნდების ჩამონათვალი ვნახეთ. ჰოდა, ერთ-ერთ მათგანს გერბზე დემონი ეხატა - მანერულობის ამბავი იყო თუ რაც იყო, ვთქვი - მე ვიქნები მანჩესტერ იუანიტედი. არცერთი თამაში არ მენახა ამ გუნდის, არცერთი წევრი არ მსმენოდა, ვიცოდი მხოლოდ დევიდ ბექჰემი, როგორც ვინმე ლამაზმანი და რვეულების გარეკანთა გმირი. ხოლო იმ დღეს ნახევარფინალში გავედი. ნამდვილი მანჩესტერი თურმე მეოთხედფინალში იყო - ჩემპიონთა ლიგის. მერე დავტრიალდი და ერთი მეგობრის არქივს ჩავუჯექი - უმეტესად გაზეთი ,,სარბიელი’’ იყო. ჩემი გუნდის შესახებ რამე უნდა მცოდნოდა - სირცხვილი იყო ბოლო-ბოლო. ძველ თამაშებს ვკითხულობდი - პრემიერ-ლიგის მიმოხილვებს. ხომ ამბობენ ჩვენი წინაპრები, რადიოთი რეპორტაჟის მოსმენა სულ სხვა იყო, უცნაური ხილვები მოჰქონდაო, მე საერთოდაც ფურცლებზე ვუყურებდი თამაშებს - დაუვიწყარი ინტიმი იყო, ცალკე თავგადასავალი. დაუვიწყარზე გამახსენდა, დამავიწყდა მეთქვა, ეს 90-იანების მიწურულია - მოხეტიალე ელდენის და სალარნაკედ ქცეული ტელევიზორების დრო. თამაშებს ადგილობრივი ტელევიზიის შენობაში აჩვენებდნენ, სატელიტური ანტენით ერთ თურქულ ტელე-არხს (STAR) იჭერდნენ. დასწრება ლარი ღირდა. ინტერი-მანჩესტერია, განმეორებითი მატჩი. პირველი ოლდ ტრეფორდზე მასპინძლებმა მოიგეს 2:0. რონალდო ვიცოდი. ბაჯოც, ჯორკაეფიც, პალიუკაც - საერთოდ იმათი უფრო მეტი ვიცოდი, ვიდრე მანჩესტერის. იმ დღეს ფენონმენმა ვერ ითამაშა, ვენტოლამ შეცვალა და გაიტანა კიდეც. მერე იყო დაძაბული წუთების წყება, მაგრამ გადავრჩით - სქოულზმა გამთანაბრებელი დაჰკრა. სახლში საოცრად ბედნიერი დავბრუნდი. წითელა შემაყარა.

რაღაც დროს ფეხბურთზე გული ამიცრუვდა. სტუდენტობის პირველი წლები იყო და სხვა ბევრი, ჯერ უნახავი საცდური მიზიდავდა.ფეხბურთის ამბებს სასხვათაშორისოდ ვისმენდი და ვამბობდი, რომ არ მწყინდა (იმ პერიოდში მანჩესტერმა საოცრად წარუმატებელი გზა გაიარა ტაიბით დაწყებული ბარტეზის ჩათვლით და შესაბამისი მარცხებით). უკან ინტერნეტმა მიმაბრუნა - ასე ხუთიოდ წლის წინ. დიდ არს youtube! იმ დროს დაემთხვა, სერ ალექსის ავტობიოგრაფია წავიკითხე, სხვა მრავალთან ერთად ფანტასტიკური თამაშის შესახებაც ყვებოდა, რომელიც მე ,,გამოვტოვე’’. ასოციაციის თასის ნახევაფინალი, არსენალი-მანჩესტერი, რაიან გიგზის ჯადო-გოლი - ,,როცა უელსელმა ბურთი ჩაჭრა, ვიცოდი რომ მეტოქის მცველი დაღლილი იყო და ვუყვირე - დიქსონზე წადი რაიან! გიგზი წავიდა დიქსონზე, მეორეზეც, მესამეზეც და ყველა მოატყუა’’ - იხსენებს ფერგიუსონი. ჰოდა, დიდ არს youtube! მე ეს მატჩი მისი მეშვეობით ვნახე. საერთოდაც ტრებლის დროინდელ და სხვა ვიდეოებს ისე ვუყურებ, თითქოს ბავშვობის სიზმრებია და ახლა მახსენდება.

ძველად მანჩესტერს ყავდა ერთი ახირებული გენიოსი, ჯორჯ ბესტზე მოგახსნებეთ. ამბობდა, მე რომ მომხიბვლელი არ ვყოფილიყავი, პელეზე დიდ ფეხბურთელად მაღიარებდნენო. და სხვა მსგავსი არაკორექტული გიჟმაჟობები. ასეთია ეს გუნდი, არეულ-დარეული. ბასბის ჩვილებით და მიუნხენის 1958 წლის ავია-კატასტორფით, სადაც სხვათა გვერდით სრულიად ალბიონის საფეხბურთო იმედი - დანკან ედვარდსი დაიღუპა - 22 წლის. სერ ალექსით - ლეგენდარული შოტლანდიელი ბერიკაცით, რობერტ ბერნსის ყოველ დაბადების დღეს საგანგებოდ რომ აღნიშნავს. ბრძენი ჩარლტონით და გადარეული კანტონათი. რონალდუთი და რუნით. კი ბატონო, არიან ამაზე დიდი კლუბებიც, გნებავთ ტიტულებით, გნებავთ ფეხბურთლების ჩამონათვალით. მაგრამ გაგიჭირიდებათ უფრო დრამატული, გნებავთ ტრაგიკული კლუბის ნახვა, რომელსაც თითქმის განწირული მატჩების შემოტრიალება და მოგებული თამაშის უცებ წაგება ეხერხება -ეს მანჩესტერის საქმეა.

პირველივე წელს, როცა მე მანჩესტერ იუნატედის გულშემატიკვრობა დავიწყე, გუნდმა ყველა დროის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ ფინალში, ბარსელონას ,,კამპ ნოუზე“ მიუნხენის ბაიერნი დაამარცხა. 90 წუთი 1:0 აგებდა და დამატებულ წუთებზე, ჯერ შერინგემმა და მერე სოლსკაიერმა (ინგლისელებისთვის სულშერი) გაიტანეს. ორივე კუთხურის გათამაშების შემდეგ. მაშინ კლუბის კარს პიტერ შმეიხელი იცავდა, სწორედ ის იყო შეშლილი დანიელი, რომელმაც ამ ესეს დასაწყისში და იმ მატჩის ბოლოს, პირველი კუთხურისას, მეტოქის საჯარიმოში ჩაირბინა. 

კომენტარები