ერდოღანმა თურქების მიმართ გერმანელების ”მტრული დამოკიდებულება” დაგმო

თურქეთის პრემიერ მინისტრი, რეჯეფ თაიპ ერდოღანი გერმანიაში მცხოვრებ ეთნიკურ თურქებს შეხვდა. შეხვედრაზე მან თურქული სათვისტომოს 10 000-მდე წარმომადგენელს მოუწოდა  არ დაავიწყდეთ საკუთარი წარმომავლობა და ურჩია შვილებს პირველ რიგში თურქული ენა შეასწავლონ, შემდეგ კი გერმანული.   შეხვედრისას მან თურქებისა და, საერთოდ, მუსულმანების მიმართ გერმანულ საზოგადოებაში არსებული ”მტრული დამოკიდებულების” შესახებ ისაუბრა.  ერდოღანის თქმით, ასეთი დამოკიდებულება გერმანიაში და მთელს ევროპაში გავრცელებული ”ისლამოფობიისა და ქსენოფობიის ბრალია და  იგივეა რაც ანტისემიტიზმი.” ერდოღანმა ორივე მოვლენას ”კაცობრიობის წინაშე დანაშაული” უწოდა.

პრემიერმა თურქულ სათვისტომოს ახალი ინიციატივაც გაუზიარა - იმ ადამიანებს, ვინც გერმანიის მოქალაქეობის სასარგებლოდ თურქეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის, ე.წ. "რუხ ბარათებს" გადასცემენ, რომლებიც თურქული პასპორტების მსგავსი იქნება. (ოფიციალურად თურქულ-გერმანული ორმაგი მოქალაქეობის მიღება აკრძალულია) ერდოღანის თქმით, თუ "რუხი ბარათების" მფლობელები ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდებიან,  მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული ყველა პრივილეგია, რაც მათ აქამდე  თურქეთის მოქალაქეობის არქონის გამო ეზღუდებოდათ.  ამიტომ ერდოღანმა გერმანიაში მცხოვრებ თურქებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

თურქეთის პრემიერის განცხადებამ ბერლინში უკმაყოფილება გამოიწვია.  ბრიტანული გაზეთის, გარდიანის თანახმად, ერდოღანის გამოსვლის კომენტირებისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთის სათვისტომოს მიმართა და სთხოვა, თურქულის ნაცვლად პირველად გერმანულ ენას დაეუფლონ.

გერმანიაში  თურქების საკმაოდ დიდი სათვისტომოა.  მათი რიცხვი 2,5 მილიონს შეადგენს.  თურქული დიასპორა საკმაოდ სერიოზულ როლს თამაშობს გერმანიის ეკონომიკაში. ბოლო წლებში გერმანიაში თურქების მიმართ დამოკიდებულება ბუნდესბანკის მმართველთა ჯგუფის ყოფილი წევრის, ტილო სარაცინის წიგნის გამო გამწვავდა, რომელშიც იგი გერმანიის ხელისუფლების აქტიურ მიგრაციულ პოლიტიკას აკრიტიკებდა. ამასთან, 2010 წლის მიწურულს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გერმანიაში მულტიკულტურული საზოგადოების აღმშენებლობის მცდელობის კრახი ოფიციალურად აღიარა.

კომენტარები