დამნაშავის ძიებაში

კონტროლის პალატამ საზოგადოებას გააცნო ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის წინასწარი მონაცემები. სატელევიზიო ინტერვიუებში თქვეს, რომ სადაზღვევო კომპანიებმა 2008-2010 წლებში სახელმწიფოსაგან მიიღეს 284 მილიონი ლარი, მოემსახურნენ დაზღვეულთა მეხუთედს და მიზნობრივად მიღებული თანხის მხოლოდ 40% დახარჯეს. კომპანიებმა მოგების სახით მიიღეს დარჩენილი 170 მილიონი. დასკვნაში ვკითხულობთ:

„ამდენად, დაზღვევის სექტორი ხასიათდება მომეტებული რისკებით და ნაკლოვანებებით:

1.   სახელმწიფო მკაცრი რეგულირების არარსებობა;

2.   სადაზღვევო კომპანიების არაკეთილსინდისიერი ქმედება;

3.   სამედიცინო მომსახურების ხელოვნურად შეზღუდული ხელმისაწვდომობა;

4.   პროგრამით მოსარგებლეთა არასაკმარისი ინფორმირება;

5.   პროგრამის მოსარგებლე პირთა მონაცემთა ბაზის ცდომილება”.

ლოგიკურად დალაგებული კონტროლის პალატის დასკვნა გასაგებ ქართულ ენაზე ასე ითარგმნება:

1.   კერძო ბიზნესის ნდობა არ შეიძლება, რადგან მათ შეუძლიათ ნება-სურვილის მიხედვით არ მოემსახურონ საკუთარ კლიენტებს („არაკეთილსინდისიერი ქმედება”);

2.   არაკეთილსინდისიერების აღსაკვეთად საჭიროა მთავრობის მიერ დაზღვეულების დაცვა (მკაცრი რეგულირება);

3.   კერძო კომპანიები ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან, რათა ღარიბებს მკურნალობის თანხა არ გადაუხადონ („ხელოვნურად შეზღუდული ხელმისაწვდომობა”);

4.   დაზღვეულები არ არიან ინფორმირებულები რა პროდუქტი აჩუქათ მათ სახელმწიფომ და არ იციან მისი გამოყენება („არასაკმარისი ინფორმირება”);

5.   დაზღვეულების სია, რომლებიც სადაზღვევო კომპანიებმა სახელმწიფოსაგან მიიღეს, არაზუსტია. კანონიერად დაზღვეულები სიაში არ არიან ან სიაში მოხვდნენ შემთხვევითი ადამიანები შეცდომით („ბაზის ცდომილება”).

აქედან შეიძლება დასკვნის გაკეთება: სამართლიანობის აღსადგენად ვინმე უნდა დაისაჯოს, მთავრობის კონტროლი უნდა გაძლიერდეს ან სისტემა შეიცვალოს.

პრობლემის ერთი ნაწილი ტექნიკურია და ეხება არითმეტიკას. მეორე ფუნდამენტურია და იდეოლოგიას ეხება.

ჯი-პი-აი ჰოლდინგმა, პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა კომპანიამ საჯაროდ გააპროტესტა ბრალდება და აბსოლუტურად განსხვავებული ციფრები წარმოადგინა. მაგალითად, კომპანია აცხადებს, რომ მისმა მოგებამ 34 მილიონი ლარის ნაცვლად, ოთხი წლის მანძილზე 7 მილიონამდე ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკი სადაზღვევო ინდუსტრიის ფინანსური მდგომარეობის ზედამხედველია. მის 2009 წლის ანგარიშში მოტანილია 2008-2009 წლების მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ზარალიანობის კოეფიციენტი, კონტროლის პალატის ინფორმაციისაგან განსხვავებით, თითქმის ორჯერ მეტია.

არითმეტიკა პრობლემის ტექნიკური და მარტივად დასაზუსტებელი ნაწილია.

რაც შეეხება ფუნდამენტურ ნაწილს, პროგრამით მოსარგებლეთა არასაკმარის ინფორმირებულობას რაციონალური ახსნა აქვს. ინფორმირებულობა მკვეთრად ზრდის ხარჯებს და სახელმწიფოს და კერძო კომპანიების ინტერესები ამ ნაწილში დაემთხვა. მოსახლეობისათვის ღირებული პროდუქტის დეტალურად გაცნობის და მისი მოხმარების წესების შესწავლით მკვეთრად გაიზრდება ხარჯები. ასეთ შემთხვევაში მთავრობას იგივე რაოდენობის დაზღვეულების შესანარჩუნებლად, ან დამატებითი დაფინანსების მოძიება ან დაზღვეულების რაოდენობის ანაც მომსახურების მოცულობის შემცირება მოუწევდა.

პროგრამით მოსარგებლე პირთა მონაცემთა ბაზის ცდომილება ერთმნიშვნელოვნად ჯანდაცვის უწყების მიმართულებით გამოთქმული შენიშვნაა და შედეგიც უკვე ცნობილია.

ბოლო პერიოდში ხშირად ისმის „სპეკულატიური ფასები” ან „ზემოგება”. რიგითმა ადამიანმა ამ ტერმინების შესახებ არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ მათ ნეგატიურ კონტექსტში იყენებენ. თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების არსებობის დროს ამ ტერმინებს შინაარსი არ აქვთ, თუმცა როდესაც ამ ტერმინებს მთავრობების წარმომადგენლები ხმარობენ, მათი მიზანია საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება საკუთარი უფლებების და კომპეტენციების გასაზრდელად მოქალაქეების თანამშრომლობის თავისუფლების შეკვეცის ხარჯზე.

მცირე ისტორიამ შესაძლებელია უფრო ნათელი გახადოს მდგომარეობა. 2006 წელს, განადგურებული ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის ხარჯებით რეაბილიტაცია არარეალური ჩანდა. მეტ-ნაკლებად ქმედითი სისტემის შესაქმნელად საჭირო იყო სისტემის ყველა ნაწილში ინვესტირება. თუ არჩევანი გაკეთდებოდა ცენტრალიზებულ, არაკონკურენტულ სისტემაზე, მაშინ მისი შექმნა პოლიციის რეფორმის მსგავსად თითქმის ნულიდან უნდა მომხდარიყო. იმავე პერიოდში არც კერძო კომპანიები არსებობდა დღევანდელი სახით. ამიტომ კერძო კომპანიებისათვის მოსახლეობის დასაზღვევად ფულის მიცემა, მათ მიერ ამ რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილის საკუთარი ორგანიზაციული განვითარებისათვის გამოყენებასაც ნიშნავდა. ცნობილია, რომ არჩევანი მეორე ვერსიაზე გაკეთდა.

ნებისმიერი მომსახურების თუ პროდუქციის წარმოება კერძო კომპანიას სახელმწიფოზე უკეთესად იმიტომ გამოსდის, რომ შეცდომების გამო მას სახელმწიფოს ნაცვლად კოლეგა კონკურენტები სჯიან. ამიტომ არჩევანი კერძო სექტორის სასარგებლოდ გაკეთდა ერთადერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობით – სისტემა კონკურენტული უნდა ყოფილიყო. კონკურენცია მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის გარეშე შეუძლებელია.

2007 წელს 7.94-ლარიანი ვაუჩერის პირობებში კომპანიებმა წელი წმინდა ზარალით დაასრულეს და დღის წესრიგში დადგა ვაუჩერის ფასის გადახედვის თემა. 2008 წელს ეტაპობრივად შემოვიდა 11.01-ლარიანი ვაუჩერი. ფასი მიმზიდველი აღმოჩნდა და კომპანიებს შორის რეალური კონკურენცია დაიწყო. 2009 წელს კიდევ ერთხელ მოხდა ფასის ზრდა და ვაუჩერის ღირებულებამ 15 ლარამდე მოიმატა. ახალი ფასით კომპანიები ისე მოიხიბლნენ, რომ ვაუჩერის მფლობელების მოსაზიდად თუ გადასაბირებლად უამრავი მეთოდი გამოიყენეს, მათ შორის ექიმებთან, სოციალურ აგენტებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან გარიგება და საკვები პროდუქტების დარიგებაც კი. კონკურენციის ასეთი ფორმა ბიზნესის მორალზე მზრუნველ ადამიანებს არ მოეწონათ. ჩემთვის პირადად გაუგებარია, რატომ არ შეიძლება ტომარა ფქვილი ოჯახისათვის სამედიცინო დაზღვევაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს. თავი დავანებოთ მორალს, მთავარია, რომ დაზღვეულების მოზიდვის მეთოდების კრიტიკოსებიდან არავის მიუქცევია ყურადღება მთავარი მიზეზისათვის – მთავრობის მიერ ფასის ნახტომისებური ზრდისათვის. იგივე მოტივაცია შეიქმნება, ხვალ თუ მთავრობა გადაწყვეტს GPS-ით და კომპიუტერული სისტემით აღჭურვილი სატელიტის მეშვეობით მართვადი ტრაქტორების დარიგებას. შედეგის გამოსაცნობად შერლოკ ჰოლმსობა არ არის საჭირო. ტრაქტორის საჩუქრად მიმღები გლეხები ტექნიკას დაშლიან, კომპიუტერებს ცალკე გაყიდიან და ტრაქტორის სამართავად თანასოფლელ ტრაქტორისტებს გამოიყენებენ. ამის გამო ალბათ გლეხებს დავიჭერთ, მაგრამ როგორ უნდა მოვთხოვოთ პასუხი მთავრობას, რომელიც არარაციონალურ პოლიტიკას ატარებს?

რამდენიმე პოლიტიკური სურვილის შესასრულებლად 2010 წლის გაზაფხულზე მთავრობამ თამაშის წესები კვლავ უცნაურად შეცვალა:

1.   ვაუჩერის ღირებულება შემცირდა 15-დან 11 ლარამდე;

2.   კომპანიებს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის პირობად დაუყენა რაიონული საავადმყოფოების მშენებლობა;

3.   გაზარდა სადაზღვევო მომსახურების მოცულობა (დაამატა წამლები).

ახალი პირობების საკომპენსაციოდ, კლიენტების მოზიდვისათვის დასახარჯი ფულის (ე.წ. აკვიზიციური ხარჯების) ვითომ შესამსუბუქებლად მთავრობამ სამი წლით აკრძალა თავისუფალი ბაზრის კომპასის გამოყენება ანუ მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის უფლება.

ტრაქტორების არ იყოს, ამ შემთხვევაშიც დღესავით ნათელია რა სტიმულები შეიქმნა. კომპანიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ დაზღვეულებისათვის მომსახურების შესაზღუდად. რაიონებში რომ საავადმყოფო მომგებიანი იყოს, ისედაც ააშენებდნენ, ხოლო ვაუჩერის ფასის კლებისა და სადაზღვევო პროდუქტის გაზრდის საპასუხოდ ანაზღაურების სასწრაფოდ შეზღუდვაა საჭირო.

ჩნდება იგივე კითხვა: რომ არა მთავრობის მიერ ხელოვნური მონოპოლიების რეგიონების დონეზე შექმნა, საერთოდ შეიქმნებოდა თუ არა პრობლემები? ან ტომარა ფქვილის სანაცვლოდ X კომპანიაში დაზღვევა ჯობდა Y კომპანიის ნაცვლად, თუ სადაზღვევო მომსახურებაზე საერთოდ უარის მიღება რეგიონში ერთადერთი Z კომპანიისაგან?

ჩვეულ სტილში სახელმწიფომ შექმნა პრობლემა, შემდეგ შეეცადა მათ გადაწყვეტას, როდესაც ვერ გადაწყვიტა, დაიწყო დამნაშავის ძებნა და იპოვა. აბა, შვილს ხომ არ დასჯიდა?

კომენტარები