1958 წელს გრემი დაიბადა. ყოველწლიური ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური დაჯილდოება. პომპეზური, სანახაობრივი, მაგრამ ამავე დროს ძალიან პაპსა და, როგორც წესი, საშინელი ნომინანტებით და გამარჯვებულებით.
მაგრამ 53-ე გრემის დაჯილდოებაზე ნამდვილი სენსაცია მოხდა. წლის საუკეთესო ალბომის წოდება კანადური ბენდის Arcade Fire-ს ნამუშევარმა The Suburbs მიიღო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთავარი ჯილდოს მფლობელი ინდი როკ-ბენდი გახდა. ჯგუფმა, რომელსაც არც გავლენიანი პროდიუსერი უმაგრებს ზურგს და არც დიდი ლეიბლები, შეძლო და „გარეუბანში” გაუშვა რეპერი ემინემი თავისი ალბომით Recovery, ქანთრი ტრიო Lady Antebellum ალბომით Need You Now, ლედი გაგას – The Fame Monster და კეიტი პერის –Teenage Dream.
Arcade Fire XXI საუკუნის ინდი ტალღის ერთ-ერთი პიონერია. უინ ბატლერის, მისი მეუღლის რეჯინ შასანისა და მათი მეგობრების მიერ 2003 წელს მონრეალში დაარსებულმა ბენდმა უკვე სამი საუცხოო ალბომი გამოუშვა. მრავალჟღერადობა, ხშირად მელანქოლიური ტექსტები, საოცრად ემოციური ლაივ პერფორმანსები – ეს ყველაფერი Arcade Fire-ს უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანია. კვებეკელებმა წლევანდელ გრემიზე Month of May შეასრულეს, დიდებული შოუ დადგეს და სხვა გამომსვლელების ფონზე ღვთის მიერ გამოგზავნილ მესიებს დაემსგავსნენ.
თავი ყველაზე მეტად სი ლო გრინმა შეირცხვინა. არა, მართალია Gnarls Barkley-ს ყოფილმა წევრმა მშვენივრად იმღერა, უბრალოდ თავისი ჰიტი Fuck You! მსახიობ გვინეტ პელტროუსთან ერთად შეასრულა, რომლის სიმღერაც, სხვა თუ არაფერი, საცოდაობა იყო. ოსკაროსანი პელტროუ სცენაზე საშინლად მოძრაობდა, ხშირად სასაცილოდ და კიდევ უფრო ხშირად, გამაღიზიანებლად.
კეიტი პერისაც „უჭირს სიმღერა”. ამ მომხიბვლელი გოგოს ლაივ პერფორმანსის მოსმენას ჯობია „ტრანსფორმერები 2” ჩართოთ, თვალები დახუჭოთ და მხოლოდ რობოტების მოძრაობისა და სროლის ხმას უსმინოთ. რატომ იყო მისი Teenage Dream საუკეთესო ალბომისთვის ნომინირებული? ალბათ იმავე მიზეზით, რატომაც ჯასტინ ბიბერს ჰქონდა 2 ნომინაცია. ისინი ხომ დღეს პოპ-ინდუსტრიის ზენიტში იმყოფებიან და შესაბამისად, ტელეეკრანთან ყველაზე მეტ მაყურებელს იზიდავენ, ისევე, როგორც ლედი გაგა, თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის მადონა, დედოფალი, რომელიც იგივე პერისგან და ბიბერისგან განსხვავებით, ნიჭიერი მუსიკოსია და კარგ შოუებს მაინც დგამს. გაგამ წლევანდელ გრემიზე 6 ნომინაციიდან 3 ჯილდო მიიღო, მათ შორის საუკეთესო პოპ-ალბომისთვის და პოპ-შემსრულებლისთვის. სამადლობელო სიტყვით გამოსვლა გინებით დაიწყო და უიტნი ჰიუსტონის ქება-დიდებით დაასრულა.
საუკეთესო ახალი შემსრულებელი არც ბრიტანეთის სიამაყე Florence & The Machine გახდა, არც Mumford & Sons ან თუნდაც რეპერი დრეიკი. ეს საპატიო ჯილდო ჯაზის უნიჭიერესმა შემსრულებელმა, მაგრამ ამ ნომინაციის აშკარა აუტსაიდერმა – ესპერანსა სპალდინგმა მიიღო.
2010 წლის ყველაზე წარმატებული რეპერი ემინემია. ყველა დროის ყველაზე ცნობილი თეთრკანიანი ჰიპ-ჰოპის სამყაროში საუკეთესო რეპ-შემსრულებლად და საუკეთესო რეპ-ალბომის ავტორად აღიარეს. გრემიზე ეს მისი მეთორმეტე აღიარება იყო, მაშინ, როდესაც როკის ცოცხალმა ლეგენდამ ნეილ იანგმა, სწორედ წელს, 65 წლის ასაკში თავისი პირველი გრემი მიიღო.
წლევანდელ შოუს ბებერი ლეგენდები ნამდვილად არ აკლდა. გარდა იმისა, რომ სცენაზე ბობ დილანი და მიკ ჯაგერიც გამოჩნდნენ, ბარბრა სტრეიზანდმა MusiCares-ის (ფონდი, რომელიც ეხმარება მუსიკოსებს, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ) სპეციალური ჯილდო მიიღო. ამერიკელ მომღერალსა და მსახიობს წელს მუსიკის სამყაროში ტაიმაუტი ჰქონდა აღებული, თუმცა Duck Sauce-ს „დახმარებით” აქტუალობა არ დაუკარგავს და მათი ელექტროტრეკი Barbra Streisand ნამდვილ ჰიტად იქცა.
ბარბრა სტრეიზანდმა და კრის კრისტოფერსონმა უმთავრესი ჯილდო Arcade Fire-ს გადასცეს. კანადელებმა კიდევ ერთხელ დაანთეს ცეცხლი დარბაზში, როდესაც Ready to Start შეასრულეს და იმედი ჩამისახეს, რომ გრემიც შეიძლება შეიცვალოს. ძალიან მეინსტრიმული შემსრულებლების დაფასებიდან, ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ხარისხიანი მუსიკოსები გააცნოს საზოგადოებას. თითქოს Arcade Fire-მ გრემი „გაამზადა დასაწყისისთვის”, თუმცა ეს მხოლოდ ოცნებაა. გრემი მაინც დარჩება იმ დაჯილდოებად, რომელსაც საუკეთესო ჩანაწერისა და სიმღერის ნომინაცია ცალ-ცალკე აქვს და სადაც 100-ზე მეტი ნომინაცია და კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუებაა. დარჩება გრამოფონად, რომელიც დაუკრავს იმას, რასაც ხალხი მოითხოვს
დამსახურებული გრემი კანადელებს





