საქართველო ინვესტირებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა

მსოფლიო ბანკმა საზღვრებს გარეთ ინვესტირების (Investing Across Borders – IAB) კვლევა გამოაქვეყნა. მისი ახალი ინიციატივა 87 ქვეყნის ეკონომიკას ერთმანეთს ადარებს იმ კანონების, რეგულაციების და პრაქტიკის მიხედვით, რომლებსაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე გავლენა აქვთ. კვლევის თანახმად, საქართველო ინვესტირებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა.

საზღვრებს გარეთ ინვესტირების კვლევა ოთხ თემატურ კომპონენტს მოიცავს: ინვესტირება სექტორების მიხედვით (კვლევა გამოყოფს 14 სხვადასხვა სექტორს, მათ შორის, მედია, ბანკები, ტრანსპორტი, დაზღვევა, ელექტროენერგია და სხვა); ბიზნესის დაწყება (საჭირო დრო და პროცედურები); სამრეწველო მიწაზე ხელმისაწვდომობა (იჯარით აღებისა და ყიდვის შესაძლებლობები, ინფორმაციის საჯაროობა) და კომერციული დავების გადაწყვეტა (საერთაშორისო კანონმდებლობასთან თავსებადობა, დავების გადაჭრის პროცედურების სიმარტივე, ხელმისაწვდომი იურიდიული დახმარება).

მსოფლიო ბანკის 2010 წლის IAB კვლევის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი ყველაზე ღიაა უცხოური კაპიტალისთვის. რეგიონში მხოლოდ ორი ქვეყანა – საქართველო და მონტენეგრო უშვებს უცხოური მფლობელობის შესაძლებლობას კვლევით გათვალისწინებულ აბსოლუტურად ყველა სექტორში. საბანკო, სამშენებლო, ჯანდაცვის, სადაზღვევო და ტურიზმის სექტორები რეგიონის ყველა ქვეყანაში ღიაა უცხოური მფლობელობისთვის. თუმცა მედიისა და ტრანსპორტის სექტორები ამ მხრივ შეზღუდულია. რეგიონში ყველაზე მეტ შეზღუდვას მედიის უცხოელ მფლობელებზე აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი და უკრაინა აწესებს. აზერბაიჯანში შეზღუდვები ქვანახშირის, გაზისა და ნავთობის სექტორებზეც ვრცელდება; სომხეთში – ქვანახშირის, გაზისა და ნავთობის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სექტორებზე; რუსეთში – სადაზღვევო, ტრანსპორტისა და მედიის სექტორებზე; თურქეთში – ელექტროენერგიის, ტრანსპორტისა და მედიის სექტორებზე. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი რეგულირება დსთ-ს ქვეყნებზე მოდის.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში შედის 5 ქვეყანა, სადაც ყველაზე სწრაფად შეიძლება ბიზნესის დაწყება: საქართველო (4 დღე); ალბანეთი (7 დღე); მაკედონია (8 დღე); ბელარუსი (7 დღე) და თურქეთი (8 დღე).  საქართველოს უშუალო მეზობლებთან შედარებით ყველაზე ადვილი ბიზნესის დაწყება საქართველოშია – 4 დღე და 4 პროცედურა. შემდეგ სომხეთში, სადაც ბიზნესის დაწყებას  18 დღე და 8 პროცედურა სჭირდება. სომხეთს მოსდევს აზერბაიჯანი – 11 დღე და 7 პროცედურა. ბოლოა რუსეთი – 31 დღე და10 პროცედურა. უცხოური ინვესტიციის დაბანდებისათვის, რეგიონის არც ერთ ქვეყანაში არ არის საჭირო რაიმე ტიპის ოფიციალური ნებართვა. საინვესტიციო შეტყობინებას ან დეკლარაციას, რეგიონის 20 ქვეყნიდან მხოლოდ 5 ქვეყანა ითხოვს.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში უცხოური კომპანიები მიწის იჯარით აღებაზე უფრო ხშირად მიწის ნაკვეთს პირდაპირ ყიდულობენ. ყირგიზეთის რესპუბლიკის გარდა, რეგიონის ყველა ქვეყანაში უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია რეგიონის მასშტაბით საშუალოდ ხელმისაწვდომია. თუმცა ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს. საქართველოს უშუალო მეზობლების შემთხვევაში, საკუთრების უფლებები ყველაზე ნაკლებად თურქეთშია დაცული. მიწის იჯარით აღების უფლებები – აზერბაიჯანში. ამ ქვეყნის საჯარო მიწის ნაკვეთებზე ინფორმაციაც ყველაზე რთულად ხელმისაწვდომია. მიწის ნაკვეთებზე სტატისტიკური ინფორმაციის ყველაზე დიდი ნაკლებობა საქართველოშია. რეგიონის მასშტაბით, მიწის ნაკვეთის იჯარით აღებას კერძო მფლობელისგან სჭირდება სულ მცირე ერთი კვირიდან (საქართველო) 5 თვემდე (პოლონეთი). სახელმწიფოსგან მიწის დაგირავებას სულ მცირე ორი თვიდან (კოსოვო) თითქმის ერთ წლამდე (ბულგარეთი) უნდა.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების დაახლოებით 80%-ს კომერციული არბიტრაჟის შესახებ სპეციალური კანონები აქვს. უძრავი ქონების შესახებ კომერციული დავების არბიტრაჟით გადაწყვეტას ზღუდავს რეგიონის ქვეყნების 70%, კომპანიის შიგნით არსებული დავებისას – 55% , მეწილეების დავებისას –  25% და სავაჭრო ნიშნების პატენტებთან დაკავშირებული დავებისას – 20%. საქართველოს უშუალო მეზობლებიდან კანონის აღსრულება ყველაზე ნაკლები რუსეთშია. კომერციული დავების საარბიტრაჟო პროცედურები აზერბაიჯანში სხვებზე მეტადაა გართულებული. იურიდიული დახმარება კი ყველაზე უფრო შეზღუდული სომხეთშია.

კვლევის მიხედვით, რაც უფრო თავისუფალია ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო მეტია შანსი, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვა: მკაცრი კანონები და ხისტი რეგულაციები კი ამას აფერხებს. მეორე მხრივ, აუცილებელია ქვეყანაში გამართულად ფუნქციონირებდნენ საჭირო ინსტიტუტები: ეს ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების შემოდინებას და მათ პროგრესულ ზრდას.  

კომენტარები