გარემოს დაცვის სამინისტრო სახელმწიფო მინისტრის აპარატად გარდაიქმნება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ნიკა გილაურმა გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ განაცხადა.

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიცაციის გეგმას, გილაურის თქმით, კანონმდებლები პარლამენტის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ და დაამტკიცებენ. პრემიერის გეგმის მიხედვით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სახელმწიფო მინისტრის აპარატად ჩამოყალიბდება, რომლის ფუნქციებშიც გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური საკითხები შევა. ბუნებრივი რესურსების ათვისებისა და გამოყენების საკითხების გადაწყვეტას ენერგეტიკის სამინისტრო შეითავსებს და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დაერქმევა. ამავე სამინისტროს გადაეცემა ლიცენზირების აუქციონების მოწყობის უფლებაც, რომელიც ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ფუნქციაში შედის.

პრემიერის თქმით, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება ისეთივე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, როგორიც არის ტურიზმის დეპარტამენტი.

ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის პროექტი გარემოს დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე, ენერგეტიკისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ ერთობლივად შემუშავდა.სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ. შევაჯამებთ ამ ვარიანტებს და შევეცდებით, დღესვე ან უახლოეს დღეებში წარვუდგინოთ ეს ცვლილებები საქართველოს პარლამენტს, აღნიშნა გილაურმა.

კომენტარები