რაგბი: ალაფას კენჭი უყარეს

საქართველოს დედაქალაქში მაისის ბოლოს დაიწყება და ივნისში დასრულდება რაგბის მსოფლიო ალაფას გათამაშება 20-წლამდე მორაგბეთა შორის. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით სასტუმრო რედისონში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც IRB-ის ტურნირების მენეჯერმა ფილიპ ბურდარიასმა ჩაატარა.

პრესკონფერენციაზე გაგვაცნეს კენჭისყრის შედეგები, რომელმაც ალაფაზე მონაწილე 8 გუნდი 2 ჯგუფში გადაანაწილა. თბილისურ ტურნირზე მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს, იაპონიის, კანადის, რუსეთის, სამოას, ურუგვაის, ზიმბაბვეს და აშშ-ს ნაკრებები.

კენჭისყრის შედეგებსა და მომავალი ტურნირის სამზადისზე ისაუბრა ფილიპ ბურდარიასმა, რომელიც თბილისური ალაფის დირექტორიც იქნება: „მეორედ მომეცა აქ ყოფნის საშუალება და ძალიან კმაყოფილი ვარ ამით, აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც ქართულ რაგბიში ხდება. ამჯერად, კენჭისყრასთან ერთად, ჩვენი მიზანი იყო გვენახა რა მდგომარეობაა მზადების კუთხით. ნანახმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, საქართველო წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკს ძალიან უსწრებს. წესით ეს შეჯიბრება საინტერესო უნდა გამოვიდეს, რადგან ახალგაზრდა მორაგბეებს თავის გამოჩენის შანსი ეძლევათ და არაა გამორიცხული, ზოგიერთები მსოფლიო თასზე მოხვდნენ ახალ ზელანდიაში.

შეჯიბრება ორ სტადიონზე - შევარდენსა და ავჭალაზე (ყოფილი სინათლე) გაიმართება. ფინალურ შეხვედრას ეს უკანასკნელი უმასპინძლებს. აქვე მინდა გითხრათ, რომ პირველ არხთან მიღწეულია შეთანხმება და 8 შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი გადაიცემა, მსურველებს კი საშუალება მიეცემათ თამაშებს ინტერნეტის საშუალებითაც უყურონ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. პირდაპირი რეპორტაჟები მხოლოდ ავჭალიდან იქნება“.

საქართველოსთვის ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ გია გალდავამ: „დიდი პატივია ასეთი ღონისძიების მასპინძლობის უფლების მოპოვება. ახლა შეჯიბრების ორგანიზებაში ვართ ჩართულები. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თბილისურ ალაფას. ის თაობა, რომელიც საქართველოს სახელით გამოვა, ძალიან დიდ იმედებს იძლევა. მათ უკვე არაერთხელ გაგვახარეს. ახლა კი იმედი გვაქვს, რომ თასს აქედანაც არავის გაატანენ“.

კომენტარები