ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო: დევნილი არავის უცემია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია თითქოს დღეს თბილისში ჩხეიძის #8-დან გამოსახლებისას პოლიციამ დევნილს სცემა. "ეს დეზინფორმაციაა. დევნილთა განსახლების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირი ინციდენტი არ მომხდარა,” ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.  

დღეს დილით, "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, რომ გამოსახლების პროცესის დაკვირვებისას, ჩხეიძის #8-ში ინციდენტს შეესწრნენ. მათი ინფორმაციით, გამოსახლების დროს პოლიციის თანამშრომელმა კოდორიდან დევნილი, 65 წლის იური სვანიძე სცემა. სამინისტრო  "სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლებს ”ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებაში”  და  ”სიტუაციის ხელოვნურად დაძაბავაში"  ადანაშაულებს.

თბილისში კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან დევნილთა გამოსახლების პროცესი 20 იანვარს დილის 7.00 საათიდან დაიწყო და მიუხედავად დევნილთა პროტესტისა, დღემდე გრძელდება. შაბათ-კვირას დევნილებმა  პარლამენტიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ საპროტესტო მანიფესტაცები გამართეს. მათ მიმართვა გაუგზავნეს აშშ-სა და ევროპული ქვეყნის საელჩოებს, რომელშიც ადრესატი ქვეყნებისგან თავშესაფარის მიცემას ითხოვენ. შაბათ-კვირას პროტესტის პარალელურად მიმდინარეობდა დევნილთა გამოსახლების პროცესი სხვადასხვა კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან. 

კომენტარები