სახალხო დამცველი: არც ერთი დევნილი არ უნდა დარჩეს თავშესაფრის გარეშე

დევნილების დროებითი ჩასახლების ადგილებიდან გამოსახლების პროცესი დღეს დილიდან განახლდა. ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე აღსრულების ბიუროს ყოფილი შენობიდან, ყიფშიძის ქუჩის #34-დან და ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე სამედიცინო უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლიდან დევნილების გამოსახლება ამჯერად ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს.

გამოსახლების პროცესით და პირობებით უკმაყოფილო დევნილები კი დღეს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან და პარლამენტის შენობასთან საპროტეტო აქციას გამართავენ. დემონსტრაცია საკანონმდებლო ორგანოსთან გუშინაც გაიმართა მას შემდეგ, რაც სტუდქალაქის ერთ-ერთი შენობიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლების დროს დევნილებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის დროს დაკავებულ 2 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, 3 ადამიანს კი 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც გიორგი ტუღუში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მოუწოდებს, არც ერთი დევნილი არ დარჩეს კუთვნილი თავშესაფრის გარეშე. ამასთანავე, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ დევნილებისთვის საცხოვრებლად აუცილებელი მინიმალური პირობები უნდა უზრუნველყოს.

”ადეკვატური საცხოვრებელი პირობები მოიცავს არა მხოლოდ შენობებისა და ფართის ადეკვატურობას, არამედ გასათვალისწინებელია სხვა ასპექტებიც. კერძოდ, მნიშვნელოვანია საცხოვრებლის მდებარეობა: ის უნდა მდებარეობდეს ისეთ ადგილზე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამუშაო ადგილები, ასევე სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო პუნქტები და ა.შ,” ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ კი დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და კვლავ უარყო ბრალდებები იმის შესახებ, თითქოს სამინისტრო ყველა დევნილს არ უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართებით. ”ბინების გარეშე არავინ დარჩება. გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ ორ ოჯახს შესთავაზეს ბინა წინწყაროში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ალტერნატიული ფართის შეთავაზება არა ორმა, არამედ ყველა ოჯახმა მიიღო,” წერია სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები