ნიკოლოზ ჯანჯღავა ავღანეთში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გახდა

ავღანეთში საქართველოს სამშვიდობო მისიას სათავეში  სკანდალურად ცნობილი ოფიცერი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა ჩაუდგა.  თავდაცვის სამინისტროს პრეს სამსახურის ინფორმაციით, ჯანჯღავამ ამ თანამდებობაზე როტაციის წესით ჩაანაცვლა პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.

თავდაცვის სამინიტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიული ცნობებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, ნიკოლოზ ჯანჯღავა არის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ისტორიის სამართლის მეცნიერებათა დოქტორი.  სამხედრო განათლება მან 1995 -2002 წლებში აშშ-ს ფორტ ბენინგის სასწავლებელსა  და აშშ-ს არმიის გენერალური შტაბის ფორტ ლევენსონის აკადემიაში მიიღო.

1997 წელს, მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ვარდიკო ნადიბაიძემ ახალგაზრდა, ამერიკული განათლების მქონე ოფიცერი ჯანჯღავა, საგაზეთო ინტერვიუში არმიის საბჭოთა მოწყობის მოდელის უპერსპექტივობის  და გენერელების არაკვალიფიციურობის  შესახებ გამოთქმული  მოსაზრებებისთვის, ”ოფიცრის ღირსების შეურაცხმყოფელი საქციელის” ბრალდებით, ჯარიდან დაითხოვა.

2002 წელს მსგავსი უთანხმოება  ჯანჯღავას  თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძესთანაც შეექმნა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, "ოფიცერმა ჯანჯღავამ არმიის მშენებლობაში ფეხმოკიდებულ მანკიერ მომენტებზე, კლანურ აზროვნებაზე, კორუფციის ფაქტებსა და ჯარისკაცის ყიდვა-გაყიდვაზე გულწრფელად გაუზიარა თავისი მოსაზრება ჯერ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ხოლო შემდეგ, როცა მისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს". ამის გამო თავდაცვის სამინისტროს სამანდატო კომისიამ ამჯერადაც ”ოფიცრის ღირსების შემლახავი საქციელის გამო” ნიკოლოზ ჯანჯღავას ოფიცრის წოდება ჩამოართვა.

2007 წლიდან ნიკოლოზ  ჯანჯღავა ეროვნულ გვარდიას ხელმძღვანელობდა და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში რეზერვისტთა სისტემის ფიასკო მას დაბრალდა. 2008 წლიდან ის საბერძნეთში სამხედრო ატაშედ მუშაობდა. 2009 წელს  საქართველოში დაბრუნდა და ჯერ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო, შემდეგ კი  საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი.

კომენტარები