დევნილები ხვალ საპროტესტო აქციებს საელჩოებთან გამართავენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს სტუდქალაქის ტერიტორიაზე პოლიციასა და დევნილებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაპატიმრებულ ორ პირს, ”კონსერვატიული პარტიის” წევრს, გია ყრუაშვილს და ”დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის” ხელმძღვანელს, მანუჩარ სიგუას 14 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მათთან ერთად დაკავებულ კიდევ სამ პირს, ირინა ფიცხელიანს, ბელა ხერგიანს და ჯულიეტა ცინდელიანს, 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

პარლამენტის შენობასთან კი დევნილების საპროტესტო აქცია დასრულდა. დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან კარვების გაშლას აპირებდნენ, თუმცა ოპოზიციური პარტიების მოწოდებით, მათ აქციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. დევნილები ხვალიდან სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან მისვლას და თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავენ. მოგვიანებით კი ისინი  კვლავ პარლამენტთან შეიკრიბებიან.

პოლიციასა და დევნილებს შორის დაპირისპირება დღეს სტუდქალაქის ერთ-ერთი შენობიდან მათი გამოსახლების დროს მოხდა. საპატრულო პოლიციამ 10 ადამიანი დააპატიმრა, რომელთაგანაც ხუთი მოგვიანებით გაათავისუფლა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ინციდენტის შემდეგ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიმდინარეობს იმ ობიექტების დაცლა, სადაც დევნილები არალეგალურად ცხოვრობდნენ, თუმცა სამინისტრო ”უბინაოდ არავის დატოვებს.” 

კომენტარები