რუსეთ-საქართველოს დოსიეს შესახებ იანვრის ბოლოს კიდევ ერთი მოსმენა გაიმართება

ორშაბათს, პარიზში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა სპეციალურ მოსმენაზე საქართველო-რუსეთის დოსიეს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” იუწყება. სააგენტოს ცნობით, ამ საკითხის განხილვა კიდევ ერთხელ იანვრის ბოლოს გაიმართება.

გუშინდელ  მოსმენას ქართული დელეგაცია არ დაესწრო. ოფიციალური თბილისის განცხადებით, ქართული დელეგაციის მონაწილეობა  ”მიზანშეწონილი არ იყო.” საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე მიიღო სამი ”მნიშვნელოვანი” რეზოლუცია და რუსეთის ფედერაციას აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. ”თუმცა მოსკოვს არა მხოლოდ ვალდებულებების შესრულება არა აქვს დაწყებული, არამედ ვითარება გაუარესებულიც კი არის,” აღნიშნა კალანდაძემ.

რუსულმა დელეგაციამ ორშაბათის მოსმენა პოზიტიურად შეაფასა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ მოსმენამ ”სასარგებლოდ, ეფექტურად და ქართველი კოლეგების არყოფნის გამო, ზედმეტი ემოციებისა და აგრესიის გარეშე ჩაიარა.”  მან დასძინა, რომ რუსულმა მხარემ შემდეგ მოსმენებზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების ჩართვის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. 

კომენტარები