პატრიარქი ახალი ინიციატივით გამოვიდა

 ჯვარდაწერილ მართლმადიდებელთა ყოველ მეოთხე შვილს, მშობლების სურვილის შემთხვევაში, საქართველოს პატრიარქი მონათლავს. ასევე, მათ  სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილისა  და საპატრიარქო ტახტის მცველის ტიტული მიენიჭებათ. ილია მეორემ ამის შესახებ დღეს, სიონის საკათედრო ტაძარში, საახალწლო პარაკლისის აღსრულებისას განაცხადა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი მსგავსი ინიციატივით რამდენიმე წლის წინაც გამოვიდა. მაშინ პატრიარქმა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ყოველი მესამე და მომდევნო შვილის პირადად მონათვლის სურვილი გამოთქვა. პატრიარქის დღევანდელი განცხადებით ცნობილი გახდა, რომ მან უკვე 7 ათასამდე მესამე და მომდევნო შვილი მონათლა, ”რომლებიც, შესაძლოა არც გაჩენილიყვნენ.”

პატრიარქს სურს საქართველოში ახალშობილთა რიცხვი გაიზარდოს. თუმცა, აღნიშნულმა ინიციატივამ მართლმადიდებელ ქრისტიანთა ნაწილში კითხვები გააჩინა. საქმე ის არის, რომ ტრადიციულად ნათლულებს შორის ქორწინება მიღებული არ არის. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ხორციელ ნათესავებს სულიერ ნათესავობაში გადასვლა შეუძლიათ, მაგალითად დედებს შვილთა მონათვლა, მაგრამ სულიერი ნათესავები ხორციელ კავშირს ვერ დაამყარებდნენ. საპატრიარქოს განცხადებით, ნათლულები პატრიარქის ნათესავები არიან და არა ერთმანეთის.

საეკლესიო კანონიკის დოქტორანტის, დავით ჩიკვაიძის აზრით, სინოდსა და ეკლესიას აქვთ უფლება შეცვალონ საეკლესიო ტრადიცია, თუ ის მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონებთან წინააღმდეგობაში არ მოდის. 

კომენტარები