ათი წლის პროგნოზი: რუსეთის დაცემა, ცენტრალური ევროპის აღზევება

ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მეცნიერი და The Economist-ის უფროსი რედაქტორი ედვარდ ლუკასი, გვთავაზობს მოსაზრებებსა და პროგნოზებს – თუ როგორი იქნება ცენტრალური ევროპა 2020 წლისთვის.


მისი თქმით, NATO დასუსტდება. ავღანეთთან ომი ალიანსისთვის დიდ გამოცდას წარმოადგენდა. NATO-ს ევროპელი წევრები ამ გამოცდაში ჩაიჭრნენ. დასავლეთის მარცხი აქ ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ერაყში. ერაყის ომი ჯორჯ ბუშის უგუნურებასა და დონალდ რამსფელდის არაკომპეტენტურობას გადააბრალეს. 

ავღანეთი კი სხვა შემთხვევა იყო. სწორედ მემარცხენე ევროპელები ითხოვდნენ ყველაზე ხმამაღლა ავღანეთში სამხედრო ინტერვენციას თალიბანის მიერ ადამიანთა უფლებების დარღვევის აღსაკვეთად. ახლა, ეს ის ევროპაა, რომელიც გამოცდას ვერ აბარებს. პოლონეთის, ბალტიისპირეთისა და ბრიტანეთის გარდა, ევროპულ ქვეყნებს საკუთარი საჯარისო შენაერთების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა უამრავი დათქმით აქვთ შეზღუდული. ამის გამო ამერიკისათვის ისინი ბრძოლის ველზე უსარგებლო პარტნიორს წარმოადგენენ. თავის მხრივ, ევროპას მოკავშირედ უფრო მადლიერი ამერიკა და იოლი ომები სურს. 

ამჟამად ალიანსის წარუმატებლობაზე არავინ საუბრობს, მაგრამ დუმილი უარესია. 2010 წლის NATO ისეთ ცოლ-ქმრობას ჰგავს, როცა წყვილი ცალ-ცალკე დასვენებაზე შეთანხმდება, შემდეგ გაიყოფენ საძინებელსა და ბანკის ანგარიშებს, 2020 წლისთვის კი მხოლოდ საუზმეზე შეხვდებიან საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა, NATO-ს შესუსტებით ამერიკის ჩართულობა ევროპული უსაფრთხოების საკითხებში არ დასრულდება.

ევროპაში სიტუაცია შეიცვლება. ბებერი კონტინენტი თავად ეცდება უსაფრთხოების საკითხებს გაუმკლავდეს. 2020 წლისთვის დასავლეთ ბალკანეთს წარმატებები ელის, ყოფილი იუგოსლავიისა და ალბანეთის ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანდება. ბოსნია-ჰერცოგოვინაც მზად იქნება ევროკავშირში შესასვლელად. ამერიკა ალბათ დამსახურებულ მადლობას არ მიიღებს და დასავლეთ ბალკანეთში “მისია შესრულებულიას” გამოაცხადებს. 

თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების იმედს დაკარგავს და ნორვეგიული სტილის ასოციაციას დასჯერდება. 2020 წელს უკრაინასა და თურქეთში განახლებული ევროენთუზიაზმი ევროკავშირისათვის დიდ გამოწვევად იქცევა.

ევროკავშირის კარზე საქართველოც დააკაკუნებს. ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანაზე ცხოვრების უფრო მაღალი სტანდარტებისა და უკეთესი მმართველობის სისტემის მქონე ქვეყნისათვის, ევროკავშირს უარის თქმა გაუძნელდება.

თეთრი სახლის ევროპულ ინტერესებს შორის, ნორვეგიასთან ერთად, ჩრდილოეთი და არქტიკული რეგიონი დარჩება. შესაძლოა, ამერიკისთვის ნორვეგია უსაფრთხოების სფეროში კანადაზე უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი იყოს. დანია გრელანდიური კავშირების წყალობით კი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, ისევე როგორც ბრიტანეთი (თუ თავდაცვის დაფინანსების შემცირების შედეგად მას საზღვაო ფლოტი კიდევ შერჩება). ყველაზე აქტუალური საკითხი მინერალური რესურსების მოხმარება გახდება. 

შეერთებული შტატები, ნავთობისა და ისრაელის წყალობით, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და შავი ზღვის რეგიონში დარჩება, ხოლო მეგობრულ, თუმცა კი აპათიურ იტალიაში საზღვაო ბაზებს შეინარჩუნებს. აზერბაიჯანი და საქართველო კვლავ მოექცევა ამერიკის ინტერესებში, ოღონდ ამჯერად ამ რეგიონში შეერთებული შტატების ყოფნის მთავარი მოტივი არა რუსეთის, არამედ ჩინეთის გავლენის შეკავება იქნება. 

 რაც შეეხება ევროპის ენერგობაზარს, ის კარგ მდგომარეობაში იქნება. ტექნოლოგიური ცვლილებები ნახშირწყალბადის არასტანდარტული ფორმების მოხმარებას გააადვილებს და გააიაფებს. რუსეთის მონოპოლია აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზის საექსპორტო მილსადენებზე უწინდელ მნიშვნელობას დაკარგავს. ცენტრალური აზიის ქვეყნების დასავლეთისა და ჩინეთის ბაზრებზე პირდაპირ გასვლასთან ერთად, რუსეთს გაუჭირდება ევროპის წინაშე ნაკისრი გაზის მიწოდების ვალდებულებების შესრულება.

2020 წლისთვის რუსეთის პოზიციები აშკარად გაუარესდება. შეიარაღების მოდერნიზაცია კრახით დასრულდება. 100 ათასი სერჟანტის რეკრუტირება და NATO-ს სტანდარტების შესაბამისად მომზადება შეუძლებელი აღმოჩნდება. სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი ვარდნას გააგრძელებს და თანამედროვე იარაღის წარმოებას ვერ შეძლებს, ხოლო საჭირო იარაღს რუსეთი საზღვარგარეთ შეიძენს (მისტრალი ამის მომასწავებელია), მაგრამ ფინანსები ყველაფერს ვერ გაწვდება. 

რუსეთის ეკონომიკური დაკნინება გაგრძელდება. ის უკვე მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბრაზილიას, ინდოეთს, ჩინეთს და ცდილობს, რომ მეორე თანრიგის განვითარებადი ქვეყნების – ვიეტნამის და ნიგერიის – უკანაც არ აღმოჩნდეს. 

ჩვეულებრივ შეიარაღებაში ჩამორჩენის საკომპენსაციოდ კრემლი სულ უფრო იქნება დამოკიდებული საკუთარ გამოფიტულ ბირთვულ არსენალზე. საზღვრებს გარეთ საექსპედიციო სამხედრო ოპერაციების წარმოების პოტენციალი ამ ქვეყანას ძალიან შეუსუსტდება ან სულაც გაუქრება.

თუმცა, მოსკოვი მეზობლების საფრთხედ მაინც დარჩება. ამერიკა ბალტიის რეგიონში უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებებს შეინარჩუნებს: ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას, პოლონეთს რუსეთისგან დაცვა კვლავაც დასჭირდებათ. 2020 წლისთვის ამ რეგიონის დაცვაში მთავარ როლს არა ტრადიციული სახმელეთო ძალები, არამედ მაღალგანვითარებული სამხედრო ტექნოლოგიები ითამაშებენ – უპილოტო თვითმფრინავები, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, ჯარისკაცი-რობოტები, ელექტრული ჩამხშობი მოწყობილობები და კარგად მომარაგებული ადამიანური დაზვერვა.

ევროპის უსაფრთხოება და არქიტექტურა კვლავ ქაოტური იქნება. ახალი ინიციატივები წარუმატებელი აღმოჩნდება, ვერც ძველი ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, იქნება ეფექტიანი. უსაფრთხოების მთავარი პრობლემა ტერორიზმთან და არალეგალურ ემიგრაციასთან ბრძოლა და ასევე კიბერუსაფრთხოება გახდება და არა – ტრადიციული სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ შეარაღებული ძალების გამოყენება. ადრე თუ გვიან ევროპას პოსტმოდერნისტული ილუზიებიდან გამოფხიზლება მოუწევს, მაგრამ ეს 2020 წლისთვის ნაკლებად სავარაუდოა.

ევროპა საუკეთესო ადგილად დარჩება, ცხოვრების დონის, ჯანმრთელობის, განათლებისა თუ ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ. მაგრამ ჩრდილოეთი სამხრეთს განვითარებით აჯობებს. 2020 წლისთვის ექსკომუნისტური ქვეყნები ევროზონას შეუერთდებიან და განვითარების დონით საბერძნეთს, ესპანეთს, პორტუგალიას გაუსწრებენ და იტალიას დაეწევიან. 

ევროპა 2020 წლისთვის განსხვავებულად წარმოგვიდგება: უფრო მეტი მრავალფეროვნებით. ახალგაზრდა მუსლიმთა რიცხვი გაიზრდება, თუმცა ბევრ ქალაქში ეთნიკურად და რელიგიურად პოლარიზებული გეტოები გაქრება. მომავალი ახლანდელ ლონდონს უფრო დაემსგავსება, ვიდრე ანტვერპენს.

http://www.cepa.org/ced/view.aspx?record_id=277

კომენტარები