ომბუდსმენმა ხონის სასჯელაღსრულების დაწესებულების ლიკვიდაციის რეკომენდაცია გასცა

დღეს სახალხო დამცველმა იმერეთის რეგიონში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ვიზიტი რეგიონში არსებულ სამივე დაწესებულებაში: ქუთაისის #2, გეგუთის #14 და ხონის #13 დაწესებულებებში განახორციელა.

მსჯავრდებულები სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გასაუბრებისას აღნიშნავენ, რომ წინა წლებთან შედარებით მათთან მოპყრობის მხრივ მდგომარეობა ”საგრძნობლად გაუმჯობესდა,” აღნიშნულია ომბუდსმენის ანგარიშში. სახალხო დამცველი ანგარიშში გეგუთის #14 დაწესებულებაში მსჯავრდებულების სუფთა ჰაერზე ყოფნის დროის გახანგრძლივების საჭიროებაზე საუბრობს. ”კვების რეჟიმის გამო მსჯავრდებულებს სუფთ ჰაერზე დღის განმავლობაში დაახლოებით 4 საათი უწევთ ყოფბა. სახალხო დამცველმა არაერთხელ გასცა შეზღუდვის გამოსწორების რეკომენდაცია,” ნათქვამია დოკუმენტში.

ომბუდსმენის ანგარიშში საუბარია ხონის #13 დაწესებულებაში არსებულ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებზე. ”სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშშია აღნიშნული, რომ ხონის დაწესებულება სრულიად ამორტიზებულია, შეუძლებელია მისი გარემონტება, რის გამოც უნდა მოხდეს დაწესებულების ლიკვიდაცია,” წერია სახალხო დამცველის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დოკუმენტში მითითებულია, რომ როგორც გეგუთის, ისე ხონის სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის სერიოზულ პრობლემას მისასვლელი გზა წარმოადგენს. ”გზის საფარი იმდენად უვარგისია, რომ მძიმე ავადმყოფის ტრანსპორტირებისას დამატებითი საფრთხე ექმნება მის სიცოცხლეს,” ნათქვამია ანგარიშში.

 

კომენტარები