რუსკი რეპორტიორი საქართველოში აშშ-ს ელჩის საიდუმლო გზავნილებს აქვეყნებს

ინტერნეტპორტალ ვიკილიქსზე დაყრდნობით ჟურნალმა რუსკი რეპორტიორმა საქართველოში აშშ-ს ელჩის, ჯონ ბასის გზავნილები გამოაქვეყნა. გზავნილების ადრესატი ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რიჩარდ ჰოლბრუკია. ერთ-ერთ წერილში ბასი ჰოლბრუკს საქართველოში ჩამოსვლას და ქვეყნის ხელისუფლების დასავლური კურსის მხარდაჭერას სთხოვს. ბასის წერს, რომ უფრო სტაბილური ეკონომიკისა და სერიოზული კონკურენტის არარსებობის პირობებში პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური თვალსაზრისით გაძლიერდა. ”თუმცა რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ის უფრო ნაკლებად თავდაჯერებულია,” აღნიშნავს ელჩი.

ჰოლბრუკისადმი გზავნილში ბასი აცხადებს, რომ საჭიროა ვაშინგტონმა სააკაშვილი დაარწმუნოს იმაში, რომ ის რისკავს დაკარგოს აშშ-ს ის განუსაზღვრელი კეთილგანწყობა, რომელიც საქართველომ ავღანეთის მისიაში ექსტრაორდინარული წვლილის გამო მოიპოვა, თუ პრეზიდენტი ვერ შეძლებს გააძლიეროს დემოკრატიზაციის გლობალური პროცესები საქართველოში. ”თქვენი ვიზიტი მოგვცემს შანსს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს გაწეული დახმარებისთვის. ასევე დავარწმუნოთ ჩვენს მხარდაჭერაში და ამგვარად შევუქმნათ სააკაშვილს სივრცე, რომელშიც იგრძნობს რა თავს უსაფრთხოდ, სწორი ნაბიჯების გადადგმას შეძლებს,” წერს ბასი.

საქართველოში აშშ-ს საელჩო რუსკი რეპორტიორის მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე კომენტარს არ აკეთებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება. ”საქართველოში აშშ-ს ელჩმა უკვე გაიმეორა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ ასეთი სახის მასალების გამოქვეყნება უკანონოა. შესაბამისად, საელჩოს მხრიდან ცალკეულ ინფორმაციაზე დამატებითი განმარტება არ გაკეთდება,” განაცხადა აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა.

კომენტარები