სერჟ სარგსიანი: ბოიკოტი ლისაბონს - გზავნილი ასტანის სამიტის მონაწილეებს

 19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ლისაბონში არ გაემგზავრებოდა. მას ავღანეთში ISAF-ის მხარდამჭერი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიეღო. მართალია, სარგსიანის ბოიკოტს NATO-ს სამიტის მიმდინარეობაზე დიდი გავლენა არ ჰქონია, მაგრამ ლოკალურ დონეზე, ყარაბახის კონფლიქტის კუთხით მინსკის ჯგუფისათვის მნიშვნელოვან გზავნილად შეიძლება განვიხილოთ. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 1-2 დეკემბერს ასტანაში გაიმართება ეუთოს სამიტი, სადაც ყარაბახის შესახებ რეზოლუციას განიხილავენ. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, როგორც რეზოლუცია, ასევე საკუთრივ მოლაპარაკებათა პროცესი მეტად მნიშვნელოვანია სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის. 

ვიზიტის გაუქმების მიზეზის ოფიციალური ვერსია სერჟ სარგსიანის განცხადებას ეყრდნობა. მან აღნიშნა, რომ NATO-ს დეკლარაციის სამუშაო ვარიანტში სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებთან საერთაშორისო სამართლის მხოლოდ ერთი პრინციპის – ტერიტორიული მთლიანობის, გამოყენებამ შესაძლოა, ნაგატიური გავლენა იქონიოს მოლაპარაკებათა პროცესზე. ბოიკოტის ოფიციალურ მიზეზად ითვლება NATO-ს რეზოლუციის ტექსტში კავკასიაში ერთა თვითგამორკვევის პრინციპის არარსებობა.
 
გადაწყვეტილების გახმოვანებამდე სარგსიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთში, სადაც ის ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ეს მიზეზი საკმარისი აღმოჩნდა სომხური ელექტრონული მედიისთვის, რომ მისი გადაწყვეტილების საფუძვლად პუტინისადმი “სოლიდარობა” ჩაეთვალა. მართლაც, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ღიად აცხადებდა, რომ რეზოლუციის ტექსტი მისთვის მიუღებელი იყო, რადგან იგი პირდაპირ უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
 
ასტანის სამიტის წინ სიტუაცია კიდევ უფრი იძაბება. თუკი ადრე მხოლოდ აზერბაიჯანის მხარე განიხილავდა კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას, დღეს სომხეთში სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრებები პრევენტიული ომის აუცილებლობის შესახებ. ერთ-ერთი სომხური ინტერნეტ-გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც გაანალიზებული იყო სომხეთის შესაძლებლობები პრევენტიული ომის შემთხვევაში – თუ რა პრობლემებს შექმნის დემოგრაფიული სიტუაცია და რამდენ დღეს მისცემს ბრძოლის საშუალებას ბიუჯეტი სომხურ ჯარს?! პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „დღეს სომხეთის არმია ძლიერია, როგორც არასდროს”. ცხადია, ასეთი რიტორიკა კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას, მაშინ როცა სასაზღვრო ზოლში არასტაბილური სიტუაციაა. ბოლო პერიოდში ორივე მხრიდან ათამდე სამხედრო დაიღუპა. 
 
სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო ეუთოს სამიტი დამატებით ღირებულებას იძენს. აზერბაიჯანში ღიად აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან მიიღონ მინსკის ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუცია. საპირისპიროდ, სომხეთში ეუთოს სამიტისაგან მნიშვნელოვანს არაფერს ელოდებიან. ისინი მხარს არ დაუჭერენ დოკუმენტს, სადაც თვითგამორკვევის პრინციპი არ იქნება დომინანტი. გარკვეულწილად სარგსიანის „დემარში” სწორედ ამის ნათელყოფას ითვალისწინებდა. მისი გადაწყვეტილება წარმოადგენდა გზავნილს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე სახელმწიფოებისთვის –  “NATO-ს მსგავს რეზოლუციას კონფლიქტების თაობაზე” სომხეთი ხელს არ მოაწერს. 
 
თუკი მოხერხდება ასტანაში რაიმე სახის შეთანხმების მიღწევა, თუნდაც სიმბოლურის, ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობების ნორმალიზაციას და სიტუაციის დეესკალაციას. შესაძლებელია შერბილდეს აზერბაიჯანის პოზიცია სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს თურქეთის ჩართვას კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. თუ ვერ მოხერხდა რაიმე შეთანხმების მიღწევა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ეუთოს როლი, მინსკის ჯგუფის რელევანტურობა. ეს ხელს შეუწყობს სიტუაციის შემდგომ ესკალაციასა და მოვლენების ფორსირებას. 
 

კომენტარები