ოთხი წლის წინ ამომრჩეველმა ისინი სახლში გაუშვა, კონგრესის ორივე პალატა კი 2006 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებს დარჩათ. მოქალაქეებმა მაშინ და 2008 წელსაც გადაწყვიტეს, რომ რესპუბლიკელების პოლიტიკამ ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ჩაითრია.
ზოგადად, ბოლო 20 წლის მანძილზე, ამერიკელი ამომრჩეველი კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს მხარდამჭერი გახდა. ამერიკელები მთავრობის ხელგაშლილ ხარჯვით პოლიტიკას ემხრობოდნენ, სექსუალური უმცირესობების ქორწინების საკითხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, კლიმატური ცვლილების პრობლემამ კი დღის წესრიგში წინა პოზიციაზე წამოიწია. მოქალაქეები აქტიურად ითხოვდნენ ჯანდაცვის უნივერსალური სისტემის შემოღებასაც.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო ფიცი დადო, ქვეყანამ ნელ-ნელა მარცხნიდან მარჯვნივ შემობრუნება დაიწყო. უკანასკნელმა ოცმა თვემ მემარცხენეთა ოცი წლის მიღწევები თითქმის მთლიანად წაშალა.
ამერიკელები ახლა თავს კონსერვატორებთან უფრო აიგივებენ. ისინი სკეპტიკურად უყურებენ მთავრობას – დეფიციტისა და გადასახადების საკითხებს მეტ ყურადღებას უთმობენ, ეწინააღმდეგებიან აბორტსა და იარაღის კონტროლს. ისინი გლობალურ დათბობასაც ეჭვის თვალით უყურებენ. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ ამომრჩეველმა 2 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დაბრუნებას დაუჭირა მხარი. დიდმა რეცესიამ მოსახლეობას მთავრობის მიმართ რწმენა შეურყია. ამერიკელები მთავრობის მფლანგველობით პოლიტიკას დეფიციტის პირობებში ზედმეტ ფუფუნებად მიიჩნევდნენ. უმუშევრობის რეკორდულმა ზრდამ (დღემდე ამერიკაში უმუშევრობა 9.6% ნიშნულზეა) აქტივისტი მთავრობა უმწეოდ წარმოაჩინა. უოლ სტრიტის ფინანსურმა დახმარებამ კი დიდი მთავრობის იდეის დისკრედიტაცია მოახდინა.
გასულ სამშაბათს, ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები გაიმართა. ხმის უფლების მქონე ამერიკის მოქალაქეებმა წარმომადგენელთა პალატის 435 წევრი, ხოლო 100 სენატორიდან – 33 შეარჩიეს. ამას გარდა, 37 შტატში გუბერნატორების არჩევნებიც გაიმართა. საინტერესოა, რომ 1946 წლის შემდეგ კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა რესპუბლიკელების მხარეს ამ მასშტაბით პირველად გადაიხარა. რამდენიმე შტატის მონაცემები ჯერ კიდევ დასათვლელია, მაგრამ ცნობილია, რომ რესპუბლიკელებმა, სულ მცირე, 60 ადგილი კონგრესის ქვედა პალატაში უკვე მოიპოვეს. დემოკრატებმა სენატში უმრავლესობის შენარჩუნება მოახერხეს, თუმცა 6 მანდატის რესპუბლიკელებისთვის დათმობა მოუხდათ. მას შემდეგ რაც სადავო უბნებზე ხმების გადათვლა დასრულდება, შესაძლოა, მემარჯვენეებს კიდევ ერთი მანდატი შეემატოთ.
როგორც წესი, აშშ-ის საარჩევნო რუკა დიდი სიურპრიზებით არ გამოირჩევა. ქვეყნის სამხრეთი და მთიანი დასავლეთი მყარად რესპუბლიკურია, აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროები უფრო მეტად დემოკრატებს ემხრობიან. არჩევნების ბედი კი შუაგულ დასავლეთსა და ე.წ. ჟანგის სარტყელში წყდება. 2010 წლის შუალედურმა არჩევნებმა რესპუბლიკელები ქვეყნის იმ რეგიონებში დააბრუნა – მაგალითად, ახალი ინგლისის სახელით ცნობილ ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში – სადაც ბოლო პერიოდში ისინი წითელ წიგნში ჰყავდათ შეყვანილი. ამერიკელი მემარცხენეებისთვის არჩევნები განსაკუთრებით მძიმე ნიუ იორკიდან ილინოისამდე, ძველ ინდუსტრიულ რეგიონში (ჟანგის სარტყელი) გამოდგა. ეს მხარე ეკონომიკური კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. რესპუბლიკელებმა იქ წარმომადგენლობითი პალატის ათობით მანდატი მოიპოვეს, ასევე სენატის ადგილები ილინოისის, ინდიანას, პენსილვანიისა და ვისკონსინის შტატებში. მეტიც, მემარჯვენეებმა მიჩიგანის, პენსილვანიის, ოჰაიოსა და ვისკონსინის შტატებში გუბერნატორის არჩევნებში გაიმარჯვეს.
ჯამში, რესპუბლიკელებმა გუბერნატორის არჩევნები 9 შტატში მოიგეს და 16 შტატის საკანონმდებლო ორგანოში კონტროლი მოიპოვეს. ამგვარი შედეგი მომავალ წელს მათ დიდ უპირატესობას მიანიჭებს. 2011 წელს კონგრესის საარჩევნო ოლქების ახალი საზღვრები დადგინდება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იმას, რომ რესპუბლიკელებმა საარჩევნო უპირატესობა, სულ მცირე, 2020 წლამდე გაიმყარონ. სწორედ მაშინ მოხდება საარჩევნო ოლქების კიდევ ერთხელ გადახაზვა.
რესპუბლიკელების გამარჯვება პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკაზეც აისახება. პრეზიდენტი ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის დაწყებას 2011 წლის ზაფხულში აპირებდა, თუმცა, რესპუბლიკურმა კონგრესმა შეიძლება პრეზიდენტის ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭიროს. რომ აღარაფერი ვთქვათ ირანზე და მის ბირთვულ პროგრამაზე – მემარჯვენეები ობამას ტერორიზმის წანააღმდეგ ბრძოლისა და თავდაცვის საკითხებში ხისტი პოლიტიკის გატარებას მოსთხოვენ. რესპუბლიკელების ზეწოლით ობამას ჩინეთისა და რუსეთის მიმართაც, სავარაუდოდ, პოლიტიკის გამკაცრება მოუწევს. მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკელები START-ის ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარს არ დაუჭერენ. მათი აზრით, ეს შეერთებული შტატების თავდაცვის შესაძლებლობებს საგრძნობლად შეასუსტებს.
კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ რესპუბლიკელებსაც. თუ ობამას გზა საკმაოდ ეკლიანი იქნება, ჯონ ბონერი, წარმომადგენელთა პალატის მომავალი სპიკერი, გზაზე სპილოს ხაფანგებს უნდა ელოდოს. მან, ნენსი პელოსის ჩაქუჩთან ერთად, მემკვიდრეობით ტრილიონი დოლარის ფისკალური დეფიციტი მიიღო. ასევე, მას დარჩა ეკონომიკა, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს დიდი გაჭირვებით ქმნის. რესპუბლიკელების მიერ დომინირებულმა ახალმა წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის 2011 წლის ბიუჯეტი უნდა მიიღოს. პალატამ უნდა გადაწყვიტოს – გააგრძელოს ეკონომიკის სტიმულირება თუ ქამრების შემოჭერის პოლიტიკას მიმართოს. რესპუბლიკელებს მოუწევთ გაარკვიონ, როგორ გაუმკლავდნენ საგარეო ვალს, რომელიც მალე კანონით დადგენილ 14.3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს. იმუშავებს თუ არა ბატონი ბონერი და რესპუბლიკური პარტია პრეზიდენტ ობამასთან ერთად ან მის წინააღმდეგ, ამიერიდან ამომრჩეველი თავიანთ წილ პასუხისმგებლობას მათ მაინც დააკისრებთ.
Weekly Standard-ის მონაცემების თანახმად, დღეს ამერიკაში ორჯერ მეტი ადამიანი მიიჩნევს საკუთარ თავს კონსერვატორად, ვიდრე ლიბერალად. დაახლოებით ერთი მესამედი თავს ზომიერად თვლის. ანალიტიკოსების აზრით, ამერიკელი ამომრჩეველი უბრალოდ შეშინდა, რადგან პრეზიდენტი ობამა ძალიან მარცხნივ გადაიხარა; მას არ მოსწონს ბიზნესი და არ ესმის ამერიკის საშუალო ფენის. ბოლო ორი წლის განმავლობაში ოპოზიციაში ყოფნისას მემარჯვენეებმა ერთ დიდ აღმოჩენას მიაგნეს – ესაა პატარა მთავრობის იდეის რწმენა. ამ იდეას წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო დიდი პოპულარობა ჩაის წვეულების მოძრაობამ შემატა. ჩაის წვეულების ლიდერები გადასახადებისა და მთავრობის ხარჯების შემცირების პროპაგანდირებისთვის ენერგიას არ იშურებდნენ.
საერთო ჯამში, ამ არჩევნებით ამერიკელმა ხალხმა პრეზიდენტს გააგებინა, რომ ქვეყანა ცვლილებების ცვლილებებს ითხოვს. New York Times-ი 2 ნოემბრის შუალედურ არჩევნებს „ჯიუტად სუსტი ეკონომიკის პირობებში, პრეზიდენტ ობამასა და დემოკრატების მიერ კონტროლირებადი კონგრესის რეფერენდუმად” აფასებს.





