ჰოლივუდური რულეტკა

13
13
“ცამეტი” ეს არის ფილმი, რომლის 90-წუთიან მსვლელობას, მონუსხული ადევნებ თვალს. შავ-თეთრი ფილმი ადამიანების, ცხოვრების, შემთხვევითობის და ბედისწერის შესახებ. ეს არის თამაში, რომელსაც ვერასდროს დააღწევ თავს; თამაში, რომელიც ცხოვრების უსამართლო წესებს ჰგავს! ჩვენებიდან გამოსულს, შეუძლებელია არ დაგამახსოვრდეს შავი ზოლებით დახაზული ნათურა, რევოლვერის ბარაბნების ტრიალის გულისწამღები ხმა, მთავარი როლის შესანიშნავი შემსრულებლის გიორგი ბაბლუანის აკანკალებული ნაკვთები და ჩახუთული, დამძიმებული სივრცე... ძლიერი მუხტი, ენერგია, დინამიკა და რიტმი, რომელიც ელვასავით მოაქვს ფილმს. კარგად მახსოვს გელა ბაბლუანის ფილმი. უფრო სწორად, ფრანგულ-ქართული შოკი, რომელიც 2005 წელს, თბილისის კინოფესტივალზე ვნახე. მას მერე „13” ხშირად გამხსენებია, როდესაც საუბარი საინტერესო, ახალგაზრდა ქართველ რეჟისორებს ეხებოდა. მას მერე, მგონი აღარსად მიგრძვნია სიკვდილის ასეთი აქოთებული სუნი და  ბაბლუანივით, ასე ოსტატურად, აღარავის მოუქნევია ჩემს სახესთან ალესილი სამართებელი. 
 
2010 წლის ოქტომბერში ეკრანებზე ახალი „13” გამოვიდა. ამბავი – იგივე, რეჟისორი – იგივე, ადგილი – ჰოლივუდი. გელამ მაყურებელს კიდევ ერთხელ შესთავაზა რულეტკის თამაში. ოღონდ, ამჯერად განსხვავებულის – ჰოლივუდურის. “ჰოლივუდური რულეტკის” დარბაზში აღმოჩენა, საკმაოდ პრესტიჟული ამბავია. თუმცა ამ თამაშს თავისი წესები აქვს, ამ წესებიდან გადახვევა კი, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნების წინასწარ გაკეთება სავსებით შესაძლებელი იყო, მაინც გამოვაცხადე სრული მზადყოფნა ამერიკული რიმეიკის „ჩასაჯდომად” და დარბაზში, საჭირო საკნატუნო ატრიბუტიკით შეიარაღებული შევედი. მაგრამ, მისია შეუძლებელი აღმოჩნდა. ახალ „13”-ს ახლებურად მაინც ვერ შევხედე. 
 
მართალია, ფილმი ლამის ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ორიგინალს, მაგრამ ის, რაც მინიშნებებად, ლაკონურად არსებობდა ორიგინალში, რიმეიკში თავიდანვე დაიდო მაგიდაზე. თამაშის დასაწყისშივე გადაშლილმა ბანქომ მთლიანად მოკლა მოულოდნელობის ეფექტი და სიურრეალიზმის ის მსუბუქი ნიავი, რომელიც შავ-თეთრ ორიგინალში, ეკრანიდან გიბერავდა. 
 
თამაშის წესის მიხედვით, ფილმში ჰოლივუდელი ვარსკვლავები გამოჩნდნენ –   „წონის” შესამატებლად. ამან კიდევ უფრო დააზიანა ფილმი, რადგან მათი გმირების ფრაგმენტულობამ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამოდ გაჟღერებული სახელების გამო იყო საჭირო, უაზროდ ჩაკვეხებული ხაზების გარდა, არც არაფერი შესძინა სცენარს. ამით მხოლოდ „დააბნია” მაყურებელი და ზედაპირულობის განცდა გააჩინა: მიკი რურკის გმირს, ფილმში არც დასაწყისი აქვს და არც ბოლო. მისი სახე ბოლომდე გაუხსნელი რჩება; ხვდები, რომ შეთითხნილი ამბავი დამალულ განძზე, პროდიუსერებს მხოლოდ რეპერ 50 ცენტის გმირის შემოსაყვანად დასჭირდათ ფილმში; ბრიტანელი ხის კაცი კი... აი, ტრანსპორტერ ჯეისონ სტეტჰემზე გეუბნებით... როგორც ყოველთვის, აქაც სრულიად უაზროდ, წარბებშეკრული დარბოდა წინ და უკან. რაღაც მომენტში შეიძლება ისიც დაგვიწყებოდა, თუ რას უყურებდი – „The Wrestler ”, „The Transporter”, „13” თუ...
 
და თუ ამ ყველაფერს, ლამის ინდური კინოსათვის დამახასიათებელ დასაწყისს დავუმატებთ: საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამის ტექსტი – საჭიროა ფულის შოვნა, ფულის, სასწრაფოდ, თუ არადა... და ამ დროს თავჩახრილი შვილი სარეცელთან... ბანალური მინიშნებები, როგორიცაა თუნდაც ვინსენტის ნაყიდი თეთრი ბატკანი (განტევების ვაცი ანუ მოსალოდნელი სიკვდილი), ამერიკული „13” ერთჯერად ფილმად იქცევა. ფილმი-პოპ-კორნი, რომელსაც მეგობართან ერთად ერთხელ ნახავ. მეორედ? არა. აქ ხომ არაფერი იყო ისეთი, რაც შენს გონებას და თვალს შეუმჩნეველი დარჩა, რაც მაგნიტივით, ხელმეორედ მიგიზიდავს. 
 
 
 

კომენტარები